ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო უწყება "ჰამასის" მიერ საქართველოს მოქალაქის შესაძლო დატყვევების შესახებ

რა განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო უწყება "ჰამასის" მიერ საქართველოს მოქალაქის შესაძლო დატყვევების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში, თავდასხმის დროს, ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა და ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი უსაფრთხო ადგილასაა.

  • საგარეო უწყება აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩოს ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას.აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • უწყება ასევე ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს და ინფორმაციას, რომ თითქოს, ფოტოზე ჰამასის ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეა აღბეჭდილი:

"რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ.", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის 7 ოქტომბრის პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელზე დაიწყო მასიური სარაკეტო და სახმელეთო შეტევა. "ჰამასის" წევრები ღაზას სექტორიდან ისრაელში, მოსაზღვრე დასახლებულ პუნქტებში გადავიდნენ და მოსახლეობის უმოწყალოდ ხოცვა და ასევე მათი გატაცება დაიწყეს. ისრაელში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. საპასუხოდ ისრაელმა ავიაიერიში მიიტანა ღაზას სექტორზე.