ავტორი:

კალიგრაფისტი, რომელიც ქართული ასოებით ორგინალურ ილუსტრაციებს ქმნის - "ძალიან დიდი ემოცია მოაქვს ჩემთვის ქართულ დამწერლობას, შრომატევადი, თუმცა სასიამოვნო პროცესია"

კალიგრაფისტი, რომელიც ქართული ასოებით ორგინალურ ილუსტრაციებს ქმნის - "ძალიან დიდი ემოცია მოაქვს ჩემთვის ქართულ დამწერლობას, შრომატევადი, თუმცა სასიამოვნო პროცესია"

პროფესიით ელექტროინჟინერია, თუმცა თავის სპეციალობით არ მუშაობს. ბოლო ერთი წელია, ქართულმა ანბანმა სერიოზულად გაიტაცა - კალიგრაფიითაა დაკავებულიც და დასაქმებულიც. "კალიგრაფიით ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული, თუმცა დაახლოებით 2 წლის წინ გავიარე კურსი, სადაც ქართული დამწერლობის ყველა მიმდინარეობას ვეზიარე,“ - გვეუბნება კალიგრაფი რუსუდან ხორბალაძე, რომელსაც ქართული ანბანის მოხაზულობის გამორჩეული ხელწერა აქვს და ძალიან საინტერესო ნამუშევრებს ქმნის.

"რომ გითხრათ, კარგად ვხატავ-მეთქი, მოგატყუებთ, თუმცა ვცდილობ. ძალიან მიყვარს ხელოვნება და ბოლო წლებია, ხატვას სამოყვარულო დონეზე ვფლობ. წერა იმდენად მიყვარს, ვერ ვიტყვი, როდის მიჩნდება ამის სურვილი. სულ მინდა, რომ ვწერო. ისე, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი შეკვეთა მაქვს ხოლმე, ეს საქმე ყოველდღე მიწევს,“ - აღნიშნავს რუსუდანი.

- ალბათ ბავშვობაში, მოსწავლეობისას ლამაზად წერდით, ხომ?

- დიახ, ბავშვობაში ლამაზად ვწერდი და როდესაც სადმე რაიმე იყო დასაწერი, ყოველთვის მე მაწერინებდნენ. ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.

- ძალიან საინტერესო ნამუშევრები გაქვთ. სპეციალური ადგილი და დრო გჭირდებათ საყვარელი საქმისთვის?

- ადგილს რაც შეეხება, აუცილებელია, სიმშვიდე იყოს და მშვიდად ვმუშაობ, დროს რაც შეეხება, ასე განსაზღვრული არ მაქვს. ყოფილა პერიოდი, როცა 2-3 ღამეც არ დამიძინია - გადაბმულად მიმუშავია.

რუსუდანი სერტიფიცირებული კალიგრაფია და მიაჩნია, რომ ეს პროფესია გამუდმებულ ვარჯიშს მოითხოვს. "იქიდან გამომდინარე, რომ კალიგრაფია ჩარჩოებში არ ზის და ხელოვნების თავისუფალი დარგია, მუდმივი სიახლის ძებნაში ვარ და ამას სულ ვცდილობ. მინდა, ბევრი ვიმუშაო, რათა უფრო დავხვეწო ხელნაწერი და ასევე ვიპოვო უფრო განსხვავებული სტილი.

- რა ენერგია, ემოცია მოაქვს ქართულ ასოებს?

- ძალიან დიდი ემოცია მოაქვს ჩემთვის ქართულ დამწერლობას. პირველ რიგში, ძალიან მომწონს ქართული ასოები და სულ სიახლის ძებნაში ვარ. საოცრად შრომატევადი საქმეა, თუმცა სასიამოვნო პროცესია.

- ნახატებს სიტყვების გრაფიკული წყობით ქმნით და ეს როგორ ხდება?

- არის ილუსტრაციები, რომლებსაც ხატვის საფუძვლიანი არცოდნის გამო ვერ ვაკეთებ, თუმცა ძირითადად რასაც ვქმნი, ჩემით ვხატავ. არ ვარ პროფესიონალი, მაგრამ სამოყვარულო დონეზე ვხატავ. რაც კალიგრამების შექმნა დავიწყე, ამ კუთხით უფრო დავხვეწე.

- ტექსტებს რასაც ნამუშევრებში იყენებთ, როგორ არჩევთ?

- ტექსტი კალიგრამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ნამუშევარს ჩემი ვერსიით ვქმნი, ვცდილობ, ტექსტი შეესაბამებოდეს ნახატს. როდესაც შეკვეთას ვაკეთებ, ტექსტს მომხმარებელი თვითონ ირჩევს ტექსტს.

- რა ნამუშევრები გაქვთ შექმნილი?

- ნამუშევრებს რაც შეეხება, თითქმის ყველა თემას შევეხე. ვქმნი მწერლებს, პოეტებს, წიგნის პერსონაჟებს, ადამიანებს და ა.შ. ძირითადად შეკვეთებს ვიღებ. დღეს მხოლოდ ამ საქმიანობით ვარ დასაქმებული. ასევე დავდივარ სკოლებში და ვუტარებ მოსწავლეებს მასტერკლასს

- ციფრულ საუკუნე კალიგრაფიას კონკურენციას არ უქმნის?

- ვფიქრობ, არ უქმნის, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული ჩემი საქმიანობით, რაც მახარებს... როგორც აღვნიშნე, ბავშვობიდან მიყვარს კალიგრაფია, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, თუ მომავალში მხოლოდ ამ დარგით ვიქნებოდი დაკავებული.

- ე.ი. ამ საქმეში იპოვეთ თქვენი თავი. სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ და რას აპირებთ ?

- პირველ რიგში ვაპირებ ჩემი სახელოსნო-სტუდიის გახსნას. ასევე, დაინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად მექნება კურსები ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ეს ისეთი სფეროა, ვინც მასში ერთვება, უდიდეს სიამოვნებას, სულიერ საზრდოს და სიმშვიდეს პოულობს.