ავტორი:

ისრაელის არმიასა და "ჰამასის“ ტერორისტებს შორის ბრძოლა ისრაელის ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება: დაჭრილები, დაღუპულები, მძევლები... - უახლესი ცნობები კონფლიქტის ზონიდან

ისრაელის არმიასა და "ჰამასის“ ტერორისტებს შორის ბრძოლა ისრაელის ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება:  დაჭრილები, დაღუპულები, მძევლები... - უახლესი ცნობები კონფლიქტის ზონიდან

ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და "ჰამასის“ შეიარაღებულ პირებს შორის სამხრეთ ისრაელში ღაზას სექტორის მახლობლად 7-8 ლოკაციაზე კვლავ ბრძოლა მიმდინარეობს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ღაზაში 1 000-ზე მეტ სამიზნეს შეუტიეს.

"ამ ოპერაციის ფარგლები სრულიად განსხვავებულია. იმაზე მეტი დროა საჭირო, ვიდრე ველოდით, რომ ყველაფერი თავდაცვით, უსაფრთხოების მდგომარეობას დაუბრუნდეს“, - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა რიჩარდ ჰეხტმა ბრიფინგზე.

  • “ჰამასი” აცხადებს, რომ მძევლად 130 ისრაელელი აიყვანეს და მათ შორის ისრაელის თავდაცვის ძალების მაღალი თანამდებობის პირები არიან, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ავრცელებს.

ისრაელი ადასტურებს, რომ ისლამისტურმა მოძრაობა “ჰამასმა” მძევლად მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცები აიყვანა, თუმცა კონკრეტული რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დორონ შპილმანის განცხადებით, მძევლებს შორის, არიან კაცები, ქალები, ბავშვები და მოხუცები, რომლებიც ღაზაში ჰყავთ და ისრაელი მათ გასათავისუფლებლად და დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, შაბათს ისრაელზე "ჰამასმა“ თავდასხმა განახორციელა, როგორც ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით, ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ისრაელმა ღაზას სექტორზე საპასუხო იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. დაშავებულთა რაოდენობა კი 2 200-ს აღემატება. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა და 2 300 კი დაიჭრა.

  • პოლონეთმა ისრაელიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო, პირველი თვითმფრინავი, რომელშიც დაახლოებით 120 ადამიანი იმყოფებოდა, ვარშავაში დღეს დილით დაეშვა.

"ისრაელიდან ევაკუირებული პირველი ადამიანები უკვე პოლონეთში არიან. მსურს მადლობა გადავუხადო [ჩვენს] ჯარისკაცებს ოპერაციის ეფექტურად ჩატარებისთვის. თქვენ საუკეთესოები ხართ", - დაწერა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში, ისრაელიდან პოლონეთში სავარაუდოდ, კიდევ ორი თვითმფრინავი ჩავა. ოპერაციაში სულ მცირე, 200 პოლონელი ჯარისკაცი მონაწილეობს.