ავტორი:

აშშ - სა და კანადაში ებრაული თემების და სინაგოგების დაცვას აძლიერებენ - უკვე მოხდა რამდენიმე დაპირისპირება ადგილობრივ არაბებს და ებრაელებს შორის

აშშ - სა და კანადაში ებრაული თემების და სინაგოგების დაცვას აძლიერებენ - უკვე მოხდა რამდენიმე დაპირისპირება ადგილობრივ არაბებს და ებრაელებს შორის

აშშ-სა და კანადაში ისრაელი-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები იმართება. არაბული დიასპორის წარმომადგენელთა თქმით, უფრო მასშტაბური მსვლელობები ოქტომბრის შუა რიცხვებში, ქვეყნების წამყვან ქალაქებში მოეწყობა, მათ შორის: ატლანტაში, ჩიკაგოში, ლოს ანჯელესში, მონტრეალში, ნიუ-იორკში, ოტავაში, ფილადელფიაში, სან ფრანცისკოში, ტორონტოსა და ვანკუვერში. ისრაელის საწინააღმდეგო აქციები გამოცხადდა ევროპის ქალაქებშიც. ამაზე საპასუხოდ, პატრულირება და ებრაელი ხალხის დაცვა გააძლიერეს გარკვეულ ქალაქებში. როგორც მედია იუწყება, რამდენიმე დაპირისპირება, მათ შორის ფლორიდაში უკვე მოხდა ადგილობრივ არაბებსა და ებრაელებს შორის.

  • ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის ატლანტასა და პიტსბურგში, ომის საწინააღმდეგო თავშეყრა გაიმართება, დანარჩენ ქალაქებში კი, პალესტინის მხარდამჭერთა შეკრებაა დაგეგმილი.

  • აშშ-ში პალესტინის მხარდამჭერმა სტუდენტებმა და მუსლიმმა აქტივისტებმა შაბათს უკვე გამართეს აქცია, დაგმეს ებრაული სახელმწიფო და მხარი დაუჭირეს "ჰამასის" ტერორისტულ შეტევას.

აშშ-ის მუსლიმური ორგანიზაციების საბჭომ კი განცხადება გამოაქვეყნა:

  • "პალესტინის ქალაქებსა და ლტოლვილთა ბანაკებზე ისრაელის ბოლოდროინდელი არაპროვოცირებული და უწყვეტი თავდასხმები არაერთი პალესტინელის ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზი გახდა. ჩვენ ვგმობთ ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის უდანაშაულო ბავშვების, ქალების და მოხუცების მიზანმიმართულ და განურჩეველ მკვლელობას". განცხადებაში არ არის ნახსენები "ჰამასი" ან მათ მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულები.

ნიუ-იორკში პალესტინის მხარდამჭერმა ჯგუფებმა - Within Our Lifetime, Samidoun, Decolonize This Place, Al-Awda და ა.შ., "პალესტინის გმირულად გაწეული წინააღმდეგობის" მხარდმჭერი აქცია გამართეს. დაჯგუფებები ქუჩის აქციებში რეგულარულად მოუწოდებდნენ ხალხს ებრაელების წინააღმდეგ ძალადობისა და ისრაელის განადგურებისკენ.

  • ამ კვირას დაგეგმილი აქციების რეკლამებში დაჯგუფებები დამსწრეებს ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებენ, რათა სიძულვილის დანაშაულისთვის დევნა თავიდან აიცილონ.

პარალელურად იმართება ისრაელის მხარდასაჭერი აქციებიც. ებრაულმა ჯგუფებმა, მათ შორის Club Z-მა და Yad Yamin-მა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინის წინ მოაწყვეს პროტესტი.

დაძაბულობის ფონზე, ნიუ-იორკის პოლიციამ ებრაული თემების და სინაგოგების დაცვა გააძლიერა. ასევე მოიქცა გერმანია და საფრანგეთიც. ებრაელთა დაცვა გააძლიერა ლონდონის მეტროპოლიტენმაც მას შემდეგ, რაც ისრაელში ძალადობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა