ავტორი:

ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი": დაარსება, სტრუქტურა, ძალადობა... - მამოძრავებელი ძალა იდეოლოგიაა, ერთი ან მეტი ლიდერის სიკვდილი მის დაშლას არ იწვევს

ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი": დაარსება, სტრუქტურა, ძალადობა... - მამოძრავებელი ძალა იდეოლოგიაა, ერთი ან მეტი ლიდერის სიკვდილი მის დაშლას არ იწვევს

შაბათს, 7 ოქტომბერს, ისრაელზე "ჰამასმა“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა განახორციელა. მათ შორის ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით; ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 700-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 2000-ზე მეტი. "ჰამასმა“ მძევლად აიყვანა მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზაში 370 პალესტინელი დაიღუპა და 2 200 დაიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ "მტერი ისეთ საფასურს გადაიხდის, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს“. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად ომი ოფიციალურად გამოაცხადა.

  • რა არის "ჰამასი"?

ჰამასის ჩამოყალიბების საწყის ეტაპად 1960-იანი წლები მიიჩნევა - როდესაც ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში პალესტინელი სტუდენტების ჯგუფმა დააარსა ორგანიზაცია, სახელწოდებით "ისლამური სტუდენტების ასოციაცია.“ ეს ორგანიზაცია მოგვიანებით ისლამურ საძმოდ ჩამოყალიბდა და 1970-იან წლებში პალესტინაში მთავარ პოლიტიკურ ძალად იქცა.

1980-იანი წლების დასაწყისში ისრაელის მთავრობამ "ისლამური საძმოს“ დარბევა დაიწყო. საპასუხოდ, ლიდერების ჯგუფმა, მათ შორის შეიხ აჰმედ იასინმა 1987 წელს შედარებით უფრო მებრძოლი და ძალადობრივი ორგანიზაცია “ჰამასი“ - "ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა“ ჩამოაყალიბა, რომლის მიზანია "პალესტინის გათავისუფლება ისრაელის ოკუპაციისგან“. მისი დაარსების თარიღად სწორედ ეს წელი მიიჩნევა.

  • ორგანიზაციული სტრუქტურა

"ჰამასის" ხელმძღვანელობა დაყოფილია მის საგარეო პოლიტიკურ ბიუროსა და ღაზაში არსებულ მთავრობას შორის.

საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც პალესტინელების დიდი ნაწილისთვის, ლეგიტიმური ლიდერი, პალესტინის ოფიციალური პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასია. ხშირად, ჰამასის ხელმძღვანელობის სახელები, ისევე როგორც სხვა მნიშნელოვანი ინფორმაცია ორგანიზაციის სტრუქტურის შესახებ, კლასიფიცირებულია და რთული დასადგენია - რეალურად ვინ აკონტროლებს ფინანსურ რესურსებს და ვის ხელშია რეალური ძალაუფლება. თუმცა, ცნობილია, რომ გადაწყვეტილების მიღებაში თანაბრად მონაწილეობენ სამხედრო, პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები. საერთო ჯამში, "ჰამასი" მოქნილი ორგანიზაციაა, რომლის მამოძრავებელი ძალა იდეოლოგიაა, და როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ერთი ან მეტი ლიდერის სიკვდილი, მიუხედავად იმისა, რომ აფერხებს ორგანიზაციის საქმიანობას, საბოლოოდ მის დაშლას არ/ვერ იწვევს.

  • პოლიტიკური ბიურო

ჰამასის პოლიტიკური ბიურო, უფლებამოსილების მხრივ, წამყვანი ინსტიტუტია. ბიუროს მთავარი ოფისი მდებარეობდა დამასკოში, სირიაში, მაგრამ სამოქალაქო ომის დროს, ოპოზიციური ძალებისკენ მიმხრობის გამო, პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა მოსთხოვა ბიუროს წევრებს ტერიტორიის დატოვება და დღეს, ჰამასის პოლიტიკური ბიურო საქმიანობას ყატარში განაგრძობს.

  • შურას საბჭო

გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანო შურას საბჭოა (საკონსულტაციო საბჭო), რომლის წევრები ცხოვრობენ როგორც ღაზას შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შურას დაქვემდებარებაშია მთელი რიგი კომიტეტები და ქვეკომიტეტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერ მიმართულებაზე - სამხედრო ოპერაციებიდან დაწყებული, მედიასთან ურთიერთობით დამთავრებული.

  • ალ - ქასამის სამხედრო ბრიგადები

"ჰამასის“ სამხედრო ფრთა, რომელიც ცნობილია იზ-ალ-დინ ალ-ქასიმ ბრიგადების სახელით, 1991 წელს დაარსდა. ბრიგადის ხელმძღვანელები, ხშირად, "ჰამასის" ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს. თუმცა, მსგავს რეალობას უარყოფდა "ჰამასის" დამაარსებელი შეიხი აჰმად იასინი, რომელიც ამბობდა, რომ ჰამასისგან სამხედრო ფრთის განცალკევება დანაშაულია, რადგან "ჰამასი" ერთი მთლიანობაა. ალ-ქასიმის ბრიგადების ერთ-ერთი, ყველაზე ცნობილი ლიდერი, მუჰამედ დიფია, რომელიც, მრავალჯერ გადაურჩა ისრაელის მხრიდან მის წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციებს და დღეს, ეტლსმიჯაჭვული აგრძელებს საქმიანობას.

ჰამასის ძირითადი ტაქტიკა საჰაერო იერიშებია, შესაბამისად არსენალი, ძირითადად, შედგება მცირე და გრძელი მოქმედების რაკეტებისგან. მებრძოლების მთავარი იარაღი ამერიკული M-16 და რუსული AK-47-ია. დღესდღეობით, ნავარაუდევია, რომ ჰამასის შემადგენლობაში 20 000 მებრძოლია, ხოლო დანარჩენი 20 000 კი, პოლიციისა და უსაფრთხოების ძალებში ირიცხება.

ცნობილია, რომ "ჰამასის" ბრიგადების მეთაურები, საკმაოდ დიდი თავისუფლებით სარგებლობენ ოპერაციულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისას. მსგავსი მიდგომა საკმაოდ დიდ უპირატესობას სძენს ჰამასს, რადგან ომის დროს, როგორც წესი, კომუნიკაციის საშუალებები წყდება პოლიტიკურ ლიდერებსა და შუა რგოლის სამხედრო მეთაურებს შორის. თუმცა, რამე უპირატესობაზე საუბარი, მაინც გადაჭარბებულია, რადგან ჰამასის მოწინააღმდეგე ისრაელია - ქვეყანა, რომლის სადაზვერვო სამსახურები და თავდაცვის ძალები, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. როგორც წესი, ღაზადან გასროლილი რაკეტების უმრავლესობა ვერ აღწევს დანიშნულების ადგილს, რადგან ისრაელის ანტი-საჰაერო სისტემის - "რკინის თაღის“ გარღვევა, ძალიან რთულია.

გრძელია ალ-ქასიმის ბრიგადების მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ჩამონათვალი.

  • რელიგია, ქველმოქმედება და ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლა - ორგანიზაციის სამი მთავარი საყრდენი

"ჰამასი" არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი ქალთა უფლებების დარღვევის გამო. კერძოდ, მას ადანაშაულებენ ქალების მიმართ მკაცრი ისლამური კანონებისა და რეგულაციების დაწესებაში, მათ შორის ჩაცმის შეზღუდვაში. დღეს "ჰამასს" მრავალი ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები და ისრაელი, ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ზოგის აზრით კი, იგი ლეგიტიმური პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც პალესტინელი ხალხის უფლებებისთვის იბრძვის.

  • "ჰამასი" და ისრაელი

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი რთული და მრავალმხრივი საკითხია, ღრმა ისტორიული, პოლიტიკური და რელიგიური ფესვებით.

შექმნის დღიდან ისრაელსა და "ჰამასს“ შორის არაერთი შეიარაღებულ კონფლიქტი მომხდარა, მათ შორის პირველი ინტიფადა (1987-1993) და მეორე ინტიფადა (2000-2005).

ჰამასის უპირველესი მიზანია წინააღმდეგობა გაუწიოს ისრაელის მიერ "პალესტინის ოკუპაციას" და შექმნას პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ მიზნის მისაღწევად განახორციელა მრავალი თავდასხმა ისრაელზე, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტებისა და სარაკეტო თავდასხმები, ასევე ძალადობის სხვა აქტები.

  • "ჰამასმა" თვითმკვლელი ტერორისტი პირველად 1993 წელს გამოიყენა, როდესაც ისრაელისა და პალესტინის ხელმძღვანელობამ ხელი მოაწერეს ოსლოს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, პალესტინურმა განმათავისუფლებელმა ორგანიზაციამ ოფიციალურად აღიარა ისრაელი. ჰამასმა აღნიშნული ხელშეკრულება დაგმო.1993 და 2014 წლებში ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიაზე თვითმკვლელი ტერორისტების აქტივობის შედეგად 742 ადამიანი დაიღუპა.

ამ თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელმა "ჰამასის" წინააღმდეგ არაერთი სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, მათ შორის ღაზის 2008-2009 წლებისა და 2014 წლის ომები. ამ ოპერაციებმა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგები გამოიწვია.

  • ღაზის სექტორი

ღაზის სექტორი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებული რეგიონია. იგი სამხრეთ დასავლეთიდან ეგვიპტეს, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ისრაელს ესაზღვრება. ტერიტორია პალესტინელებითაა დასახლებულია.

1967 წელს, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ისრაელის გამარჯვების შემდეგ, ტერიტორია ისრაელის საკუთრება გახდა. 1994 წელს, ისრაელმა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ღაზაზე თვითმმართველობის უფლება გადასცა. 2007 წელს ჰამასმა ღაზის სექტორში ერთპიროვნული მმართველობა დაამყარა.

"ჰამასის" ერთპიროვნულ მმართველობას უარყოფითი შედეგები მოჰყვა - 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა არჩევნები. რთულ მდგომარეობაშია ჯანდაცვა და განათლების სისტემა. მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ ფონს თან ერთვის სასმელი წყლის პრობლემაც.

  • ფინანსური მხარდაჭერა და უცხოური ინვესტიციები

ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, ჰამასის შემოსავლები და დაფინანსების წყაროები, ხშირად, უცნობია. კონგრესის კვლევითი ცენტრის თანახმად, 2010 წელს, ღაზას ზონაში "ჰამასის" ყოველწლიური ბიუჯეტი დაახლოებით $320 - 540 მილიონი აშშ დოლარი იყო (Zanottii, 2010, გვ. 20). 2019 წლის ბიუჯეტის ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი, დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი, იხარჯება სამხედრო ოპერაციებზე, მათ შორის 40 მილიონი დოლარი ისრაელი-ღაზას საზღვარზე - გვირაბების მშენებლობისთვის. გარდა სავარაუდო, 170 მილიონი აშშ დოლარისა, რომელიც შიდა გადასახადების შედეგად გროვდება, ჰამასი, ასევე იღებს ფულს გარე წყაროებიდან, მაგალითად, მუსლიმთა საძმოსგან, კერძო პირებისგან და ორგანიზაციებისგან, სახელმწიფოებისგან და სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებენ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში (Counter Extremism Project, 2019).

ორგანიზაციის ისტორიის დასაწყისში, იორდანიულმა მუსლიმთა საძმომ, ისლამურმა მოძრაობებმა ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, ყატარში, სუდანში, ალჟირსა და ტუნისში, ასევე, ისლამურმა თემებმა და ორგანიზაციებმა შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა გაუწია "ჰამასს".

ჰამასის ურთიერთობა საუდის არაბეთთან და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან მას შემდეგ გაუარესდა, რაც ჰამასი შეეწინააღმდეგა დასავლეთის ქვეყნების ჩარევას ერაყ-ქუვეითის კონფლქტში, 1990-1991 წლებში. სამაგიეროდ, ამ პერიოდში, ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ირანთან. შედეგად, "ჰამასმა" ოფისი გახსნა თეირანში. ირანის მხარდაჭერა მოიცავდა, არა მხოლოდ ფინანსურ კომპონენტს, არამედ შეიარაღების მიწოდებასა და "ჰამასის" მებრძოლების, როგორც ირანში, ისე პრო-ირანულ "ჰეზბოლას" ბაზაზე გადამზადებას.

  • შემოწირულობა

მოწყალების გაღება, იგივე „ზაქათ”, ისლამის მიხედვით, თითოეული მუსლიმის მოვალეობაა. წლების განმავლობაში ჰამასთან დაკავშირებული საქველმოქმედო ორგანზიაციები მსოფლიოს მასშტაბით აგროვებდნენ, და დღესაც აგროვებენ შემოწირულობას. ეს საქველმოქმედო ორგანიზაციები ოპერირებენ, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც "ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაციად არის აღიარებული. მაგალითად, კანადაში, სადაც საგამოძიებო სტრუქტურებმა აღმოაჩნიეს, რომ დაახლოებით 14,6 მილიონი დოლარი კანადიდან ღაზას სექტორში საქველმოქმედო ორგანზიაციების მეშვეობით იყო გაგზავნილი (Counter Extremism Project, 2019).

მეორე ინტიფადის დროს, საუდის არაბეთის, ლიბანის და სხვა მთავრობების მიერ შექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაციები, ასევე, საკმაოდ დიდ შემოწირულობას უგზავნიდნენ ჰამასს. 2014 წლის 22 სექტემბერს, 10-წლიანი სამართლებრივი პროცესის დასრულების შემდეგ, აშშ-ს სასამართლომპასუხისმგებლობა დააკისრა არაბულ ბანკს, "ჰამასის" ტერორისტული საქმიანობისთვის ფინანსურ მხარდაჭერაში.

  • გადასახადები და გვირაბის ეკონომიკა

"ჰამასს", წლების განმავლობაში გაჰყავდა გვირაბი ეგვიპტის საზღვარზე იარაღისა და სხვა საქონლის კონტრაბანდის მიზნით. 2012 წელს, მინიმუმ 160 ბავშვი ემსხვერპლა მსგავსი გვირაბების გათხრას. ღაზასა და ეგვიპტს შორის მიწისქვეშა კონტრაბანდის გვირაბებმა, დამატებითი შემოსავალი უზრუნველყო ჰამასის ეკონომიკისთვის. 2013 წლის ბოლოს ეგვიპტის მთავრობამ გვირაბები დახურა.აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ღაზა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში ჩააყენა.

  • კრიპტოვალუტა

საერთაშორისო სანქციებისგან გამოწვეული გავლენის შემსუბუქების მიზნით, "ჰამასი" აქტიურად იყენებს კრიპტოვალუტას, რადგან ამ უკანასკნელის კონტროლი, ტრადიციულ ვალუტასთან შედარებით, ბევრად რთულია. ქასიმ ბრიგადების ვებ-გვერდებზე განთავსებულია ანიმაციური ვიდეო, რომელშიც დეტალურად არის ახსნილი, თუ როგორ უნდა შექმნან მომხმარებლებმა Bitcoin საფულე და გააკეთონ ანონიმური შემოწირულობა ჰამასისთვის. საიტი ხელმისაწვდომია მრავალ ენაზე, მათ შორის, ინგლისურ, არაბულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.

  • მოკავშირეები

ირანი

1990-იან წლებში, ირანი ასობით მილიონი დოლარით დაეხმარა ჰამასს. კრიტიკული იყო ირანის მხარდაჭერა 2006 წლის არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად, მაგრამ მდგომარეობა შეცვალა სირიის სამოქალაქო ომში ჰამასის მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერამ.

სავარაუდოდ, "ჰამასმა" და ირანმა ურთიერთობა 2017 წელს კვლავ აღადგინეს. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, მხოლოდ 2018 წელს, ირანი "ჰამასს", დახმარების სახით, თვეში 30 მილიონ დოლარს ურიცხავდა. ირანის მთავარი მოტივი ისრაელზე საჰაერო იერიშის მიტანა და საჭირო სადაზვერვო ინფორმაციის მოგროვებაა. აღსანიშნავია, რომ ირანი შიიტური სახელმწიფოა, ხოლო "ჰამასი" სუნიტური ორგანიზაცია. თუმცა, "ჰამასისა" და ირანის გადაკვეთის წერტილი ისრაელია, რადგან ამ უკანასკნელის განადგურება ორივეს უმთავრესი ამოცანაა.

ყატარი

ყატარი, სპარსეთის ყურის პატარა, მაგრამ - უმდიდრესი სახელმწიფო, აქტიურად აფინანსებს "ჰამასს". 2018 წლის ნოემბერში ყატარმა 15 მილიონი აშშ დოლარი გადაურიცხა ჰამასის მთავრობას საჯარო მოხელეების ხელფასების გადასახდელად. აღსანიშნავია, რომ ყატარის მთავრი მოთხოვნა გაღებული თანხის სწორი ხარჯვა და იმაში დარწმუნებაა, რომ საბოლოოდ, მილიონობით დოლარი "ჰამასის" სამხედრო დანაყოფების ხელში არ აღმოჩნდება.

საუდის არაბეთი

მეორე ინტიფადის დროს, საუდის არაბეთმა "ჰამასს", ქველმოქმედების სახით, მილიონობით დოლარი შესწირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დეკლასიფიცირებული დოკუმენტების თანახმად, საუდის არაბეთმა, ასობით მილიონი დოლარი გადაურიცხა, უშუალოდ თვითმკვლელი ტერორისტების, შეტაკებების, ავიაიერიშებისა თუ სხვადასხვა მიზნით დაღუპული და დაჭრილი პალესტინელების ოჯახებს.