თბილისში ძლიერი ქარია, რის გამოც ზოგიერთ ქუჩაზე მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ქარისგან მოგლეჯილი ხეების ფოტოები.


არსებული ინფორმაციით ქარმა ხე მოგლიჯა მიცკევიჩისა და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე. ქინძმარაულის ქუჩაზე განათების ბოძი წაიქცა.
"ფეისბუქ" გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს ფოტოს და ინფორმაციას, მარიჯანის ქუჩაზე ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა, რამაც ავტომობილები დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, საბურთალოს რაიონში, ქარის გამო, ხეს ტოტები მოტყდა, მათ შორის ერთ მისამართზე, მოტეხილი ხე ავტომობილს დაეცა.
"ძირითადად შეიქმნა პრობლემები საბურთალოს რაიონში, კონკრეტულად ვაჟა-ფშაველას და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე, სადაც ხეს მოტყდა ტოტები და გზაზე დაეცა. ამასთან, პოლიტკოვსკაიაზე დაპარკინგებულ მანქანას დაეცა ხის ტოტები, თუმცა არავინ არ დაზიანებულა. აგრეთვე, ზაქარიაძის ქუჩაზეც ხეს მოტყდა ტოტები, ყველა ტოტები დამუშავებულია მეხანძრე-მაშველების მიერ“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ცუდი ამინდი 10 ოქტომბრის ღამის საათებამდე გაგრძელდება, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ოქტომბრიდან, 10 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.