ავტორი:

"დედაჩემის ცხედარს სახელმწიფო ხარჯით გადმოასვენებენ... მინდა, უკანასკნელ გზაზე გავაცილო, მაგრამ ბილეთის ყიდვის ფინანსები არ მაქვს..." - რას ამბობს ინგა ფერაძის ქალიშვილი?

"დედაჩემის ცხედარს სახელმწიფო ხარჯით გადმოასვენებენ... მინდა, უკანასკნელ გზაზე გავაცილო, მაგრამ ბილეთის ყიდვის ფინანსები არ მაქვს..."  - რას ამბობს ინგა ფერაძის ქალიშვილი?

გუშინ, ცნობილი ქართველი მომღერალი ინგა ფერაძე ბელგიაში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქალბატონი ინგა წლებია ემიგრაციაშია, სადაც მისი ერთადერთი შვილი ანა ფერაძე, მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობს.

მომღერალს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში გადმოასვენებს. დედის უკანასკნელ გზაზე გაცილება უნდა ანას, მაგრამ მას იმის ფინანსური საშუალება არ აქვს, რომ ბილეთი შეიძინოს, ამისთვის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

ანა ფერაძე:

- დედა ბოლო დროს ცუდად იყო, ორი თვის განმავლობაში ორი ოპერაცია გადაიტანა. ერთი მენჯის ძვლის, ამოვარდნილი ჰქონდა და ჩაუსვეს. ამის შემდეგ ცუდად გახდა, ნაწლავებზე შეექმნა პრობლემა. ექიმების თქმით, აუცილებელი იყო ოპერაცია, მითხრეს, - თუ ოპერაცია არ გავუკეთეთ, გარდაიცვლება და ოპერაციის შემთხვევაში, კიდევ არის პატარა შანსი რომ იცოცხლოსო. დავთანხმდი, რადგან იმედი მქონდა, რომ ცოტა ხანი მაინც იცოცხლებდა. თუმცა ოპერაციის შემდეგ ძალიან დასუსტდა, ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანეს, რამდენიმე დღე იცოცხლა და გუშინ დილას დამირეკეს და მითხრეს, რომ გარდაიცვალა.

- ანუკი, თქვენ გინდათ, რომ დედა საქართველოში გადმოასვენონ, როგორც ვიცით, ეს საელჩოს ვალდებულებაა...

- დიახ, კონსულთან, რუსუდან დიდებულიძესთან მაქვს სატელეფონო ურთიერთობა და როგორც მითხრეს, ინგას ცხედარს სახელმწიფო ხარჯით გადმოასვენებენ. ძალიან მინდა, რომ დედა უკანასკნელ გზაზე გავაცილო, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ვახერხებ ჩამოსვლას. ბილეთის ყიდვის შესაძლებლობა რომ მქონდეს, ჩამოვიდოდი.

- ანუკი, ზაფხულში ინგას სახელზე ფონდი გააკეთეს, სადაც თანხა გროვდებოდა, რომლითაც მისი ჩამოყვანა უნდოდათ საქართველოში. თქვენამდე თუ მოვიდა ეს ფული?

- იმ ქალბატონმა, ვინც ფულს აგროვებდა, მომწერა, - დიდი ბოდიში, მე თანხა არ მაქვსო. ვერაფერი ვუპასუხე, დაშოკილი ვიყავი. მერე ნინო ქათამაძეს ველაპარაკე და მითხრა, - იქნებ ინგას ცხედარი დავწვათ და ისე გადმოვასვენოთო. ვუთხარი, რას მეუბნებით, თქვენ ჩემი გაგიჟება გინდათ-მეთქი?

- ინგა, საქართველოდან ძალიან მხარში გიდგათ ჟურნალისტი მაკა რაზმაძე. გარდა მაკასი, ვისთან გაქვთ საქართველოში ურთიერთობა?

- მოძღვარს მივწერე ინგას მეგობრის ნომერი, რომელმაც იცის, სად არიან დედაჩემის ბებია და დედა დასაფლავებული, რომ მათ გვერდით დაკრძალონ. მინდა ნორმალური განსასვენებელი ჰქონდეს. მე 21 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ.

- როგორ დაგეხმაროთ, რომ შეძლოთ საქართველოში ჩამოსვლა და დედის უკანასკნელ გზაზე გაცილება.

- ბევრს არაფერს ვითხოვ, თანხა მჭირდება იმისთვის, რომ ბილეთი ვიყიდო და დედა გამოვაცილო. მანდ რამდენიმე დღე დავრჩები, ბელგიაში მყოფმა ქართველებმა მითხრეს, რომ საქართველოში შეძლებენ მომიგვარონ დასარჩენი ადგილის პრობლემა.

- ანუკი, იმ შემთხვევაში თუ ადამიანებს თქვენი დახმარების სურვილი ექნებათ, როგორ უნდა დაგიკავშირდნენ?

- მაკა რაზმაძეს დაუკავშირდნენ და ის დამეხმარება. საბუთების ამბავს მალე მოვაგვარებ და ალბათ, ამ დღეებში უკვე გადმოასვენებენ ცხედარს და მინდა, რომ მასთან ერთად ვიყო.