ავტორი:

"არსად მივდივართ, მე და ალა, ბავშვებთან ერთად, ისრაელში ვრჩებით" - მაქსიმ გალკინი

"არსად მივდივართ, მე და ალა, ბავშვებთან ერთად, ისრაელში ვრჩებით" - მაქსიმ გალკინი

ტელეწამყვანმა მაქსიმ გალკინმა განაცხადა, რომ ის, მისი მეუღლე ალა პუგაჩოვა შვილებთან ერთად ისრაელში რჩებიან, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე ბრძოლებისა. შოუმენმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მან უარყო ჭორი, რომ ის და მისი ოჯახი "გაიქცნენ" ისრაელიდან "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ.

გალკინმა აღნიშნა, რომ ისრაელი იყო მათი "შეგნებული არჩევანი", როდესაც მათ დატოვეს რუსეთი მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები შეიჭრნენ უკრაინაში.

"ჩვენ მრავალი წელია ევროკავშირის მოქალაქეები ვართ, 27 ლამაზი ქვეყნიდან ერთ-ერთში შეგვიძლია ვიცხოვროთ ნებისმიერ დროს, უპრობლემოდ, ხვალაც კი. მაგრამ ისრაელი ავირჩიეთ იმიტომ, რომ აქ მე და ალა თავს მშვიდად ვგრძნობთ", - განმარტა გალკინმა.

ტელეწამყვანმა გაიხსენა, რომ ის დედის მხრიდან ებრაელია და სურს მხარი დაუჭიროს ისრაელს "ამ მართლაც რთულ, რთულ მომენტში".

"ჩვენ ვამაყობთ, რომ ახლა ჩვენი სახელი ასოცირდება გაერთიანებულ ერთან, სახელმწიფოსთან, სადაც პატრიოტიზმი არ არის ხელოვნური და ზემოდან დაწესებული. ის მოდის მილიონობით ისრაელის გულის სიღრმიდან", - თქვა ხელოვანმა და დასძინა, რომ დაჭრილ ებრაელ სამხედროებს საკუთარ სისხლს გადაუსხამს.

მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა ტყუპ ქალ-ვაჟთან ერთად კესარიაში ცხოვრობენ, ქალაქ თელ-ავივიდან 50 კილომეტრში.

შეგახსენებთ, რომ ჰამასმა ისრაელს 7 ოქტომბერს შეუტია და ქვეყნის მიმართულებით რამდენიმე ათასი რაკეტა გაისროლეს. შეიარაღებული მებრძოლები შეიჭრნენ სასაზღვრო რაიონებში, მოკლეს 900-ზე მეტი ადამიანი და აიყვანეს მძევლები. დაშავებულია ორიათასზე მეტი ადამიანი.