ავტორი:

თითქმის მიწასთან გასწორებული ღაზა და მძიმე სიტუაცია პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე - რა ხდებოდა წუხელ ცხელ წერტილებში?

თითქმის მიწასთან გასწორებული ღაზა და მძიმე სიტუაცია პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე - რა ხდებოდა წუხელ ცხელ წერტილებში?

ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებელი Kan-ი ავრცელებს. Kan-ის ცნობით, დაღუპულებს შორის, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეებია.

ამავდროულად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს, ხოლო 4 250 ადამიანი დაჭრილია.

ისრაელმა ღაზას სექტორის მახლობლად 300 000 ჯარისკაცი განალაგა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა.

"ჩვენ განვათავსეთ, გავაგზავნეთ ჩვენი ქვეითი, ჯავშანსატანკო ჯარები, ჩვენი საარტილერიო კორპუსი და ბევრი სხვა ჯარისკაცი რეზერვიდან - 300 000-მდე და ისინი ახლა ღაზას სექტორთან ახლოს იმყოფებიან და იმ მისიის შესასრულებლად ემზადებიან, რომელიც ისრაელის მთავრობამ დაგვაკისრა“, - აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა.

მისი თქმით, მისია ითვალისწინებს იმის უზრუნველყოფას, რომ „ჰამასს“, ომის დასრულების შემდეგ, სამხედრო შესაძლებლობები აღარ ჰქონდეს.

"ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ „ჰამასს“, ამ ომის დასასრულს, არ ჰქონდეს რაიმე სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც ისინი შეძლებენ დაემუქრონ ან მოკლან ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები,” - განაცხადა ჯონათან კონრიკუსმა.

რა ხდებოდა წუხელ ისრაელსა და ღაზაში - მოკლე მიმოხილვას პროფესორი გიორგი კობერიძე ავრცელებს:

- წუხელ, გოლანის მაღლობების მოსაზღვრედ ისრაელმა საპასუხო საარტილერიო იერიში მიიტანა სირიის სამხედრო ძალების პოზიციაზე, საიდანაც მანამდე ცეცხლი გაუხსნეს ებრაულ პოზიციებს გოლანში. ახლა ნაკლებად სავარაუდოა სირიის მხრიდან რაიმე მასშტაბური ვიხილოთ, მაგრამ ერთის მხრივ, ისრაელთან ნებისმიერი სახის, თუნდაც მინიმალური შეხლა დამასკოში მყოფ ასადის მთავრობას თავისი რეპუტაციის ასამაღლებლად სჭირდება და ამასთან ირანის მითითების შესრულებაც გამოსდის. არც ისაა დასავიწყებელი, რომ გოლანი ისრაელსა და სირიას შორის სადაო ტერიტორიაა. ზოგადად, ისრაელის არმიის ადგილზე შებოჭვის მცდელობა ხდება ჩრდილოეთ სირიაში.

- წუხელ აქტიურად იბომბებოდა ღაზას სექტორი. 200-ზე მეტი წერტილი იქნა დაბომბილი. არის ნგრევა და მსხვერპლი. დაიბომბა ჰამასის ერთ-ერთი სამხედრო ლიდერის მოჰამედ დეიფის მამის სახლიც. გავრცელებული ინფორმაციით მოკლულია მისი ძმა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავად დეიფის მოჰყოლოდა დაბომბვაში.

- სროლები იყო იერუსალიმის აღმოსავლეთ გარეუბანში, სადაც მოკლულ იქნა რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი. ამოღებულია დიდი რაოდენობით ამუნიცია.

- მთელი ღამე სროლები გრძელდებოდა პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე. ისრაელის საგუშაგოს თავს დაესხნენ დასახლება ნაბლუსის მიმართულებით. ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქთან დამატებითი ძალები გადაისროლა. ხოლო ქალაქ ტუბასში შესული ისრაელის სამხედრო ძალები აქტიური ცეცხლის ქვეშ მოყვნენ. სროლას მოსახლეობის გამოსვლა და სამხედრო კოლონებზე მოლოტოვის კოქტეილებითა და ქვებით თავდასხმაც მოჰყვა. მაღალინტენსიური ბრძოლის შემდეგ ქალაქი საბრძოლო მოქმედების არედ არის გადაქცეული.

- არასტაბილური სიტუაციაა ჯენინსა და იქ არსებულ დევნილთა ბანაკში, დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე. სროლები მთელი ღამე ქალაქის შესასვლელში და პერიფერიებში მიმდინარეობდა. არიან დაღუპულები და დაჭრილები. ჯენინი აქამდეც ერთ-ერთი ყველაზე გასამხედროებული წერტილი იყო.

- ღაზას მომიჯნავე ტერიტორიაზე სიტუაცია კვლავ კრიტიკული რჩება. ისრაელის სამხედრო ძალები სიტუაციას აკონტროლებენ, მაგრამ სექტორიდან თავდასხმები პერიოდულად მაინც მიმდინარეობს.