ავტორი:

"ისრაელის დღევანდელმა ამბებმა გადამისროლა ნახევარი საუკუნის წინ და სათავსოდან ნახატი ამოვიტანე" - ქართველი მხატვარი, რომელმაც იომ ქიფურის სასტიკი ომი საკუთარი თვალით ნახა და ტილოზე გადმოიტანა

"ისრაელის დღევანდელმა ამბებმა გადამისროლა ნახევარი საუკუნის წინ და სათავსოდან ნახატი ამოვიტანე" - ქართველი მხატვარი, რომელმაც იომ ქიფურის სასტიკი ომი საკუთარი თვალით ნახა და ტილოზე გადმოიტანა

"ომის საშინელებით სასოწარკვეთილი დედა ისრაელისა", "მეორედ ნუ დაეცემი" - ეს ორი ნამუშევარი, სერია ომის საშინელებაზე მხატვარმა 50 წლის წინ შექმნა. საქართველოში გაზრდილი ცისანა ჯანაშვილი, რომელსაც კლასიკოსებს ადარებენ, ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი თავის შემოქმედებაში ასახავს გმირებს, ყველა იმ მოვლენას, რაც კი მსოფლიოში აქტუალურია...

ცისანა ჯანაშვილი ამერიკიდან გვესაუბრა...

- ისეთი ვითარებაა დღეს ისრაელსა თუ მთელ მსოფლიოში, რომ მუნჯად იქცევი, დაუჯერებელია, დღესდღეობით რაც ჩვენს თვალწინ ხდება... შაბათს დილით გავიღვიძე, ამ საშინელ ინფორმაციას ტელევიზიიდან ვისმენდი და ვერ ვიჯერებდი. ებრაული დღესასწაული იყო, თორის სიყვარული, სიხარული და ხოტბის მიძღვნა და თორებით ხელში ცეკვა-სიხარული. “სიმხათ თორა” ეწოდება ამ დღესასწაულს... გამახსენდა 1973 წელს, ემიგრაციის წინ დღიურში ჩანაწერი: "1 ნოემბერი, 1973 წელი, თბილისი... ოქტომბერში, "იომ ქიფურის” დღეს ისრაელს თავს დაესხა მტერი, ომი დაიწყო. საშინელ, გაურკვეველ სიტუაციაში ვიმყოფებით. მე გამუდმებით ვხატავ, ტილოზე გადმომაქვს განცდები. ბებია, ბიძა და ბიძაშვილები უკვე ისრაელში არიან და მრავალი მამაჩემის ნაცნობი, მეგობარი... ნეტავი როგორ არიან? არა მგონია, რომ ასეთი დარდი ვინმეს ჰქონდეს. როგორ ვიტანჯები, ცოცხლად ვიწვი განცდებისაგან. რამდენიმე თვეში ისრაელისკენ მივეშურებით... ახლა უკვე შეუძლებელია გეზის შეცვლა".

ეს იყო 50 წლის წინ... დღევანდელმა დღემ, გადამისროლა ნახევარი საუკუნის წინ განცდილ წუთებში. ამ თემაზე შექმნილი ნახატები გამახსენა, გრაფიკაში და ფერწერაში... ერთი ნახატი -"ომის საშინელებით სასოწარკვეთილი დედა ისრაელისა” ამოვიღე სათავსოდან და სოციალურ ქსელში გავაზიარე... კიდევ ერთი ფერწერა 1973 წლის, "იომ ქიფურის” ომზე შევქმენი. ლოცვის დროს დაესხა მტერი ისრაელს თავს და დაღუპული ახალგაზრდა კაცი სისხლში ამოსვრილი ციციტზე გდია... "მეორედ ნუ დაეცემი" - ასეთი სათაურით... იქვე სისხლით მინაწერია "შენით ლო ტიპოლ” ივრითულად... საქართველოდან ისრაელში ჩასვლისთანავე შევქმენი მეორე სერია ომის საშინელებებზე.

ისრაელში ჩასვლისთანავე სასტუმრო "ულპანში” დაგვაბინავეს, გოლანის მაღლობებთან, ქალაქ ცფათში, ისრაელის მთავრობამ უზრუნველგვყო ყოველმხრივ, ივრითულ ენასაც გვასწავლიდნენ... დღევანდელმა საშინელებებმა, რაც დღეს ისრაელში ხდება, მძევლებად რომ აიყვანეს ბავშვები, ჯარისკაცები, მოხუცები თუ ქალები, გული მატკინა... არასოდეს დამავიწყდება, ჩვენს “ულფანს” ჯარისკაცები იცავდნენ დღეც და ღამეც... იქვე ახლოს სკოლა მდებარეობდა. გაკვეთილების შემდეგ ამ სკოლის გოგონები და ბიჭები ჩვენი ოტელის წინ ჩამოივლიდნენ, ვსაუბრობდით ერთმანეთში, ვხუმრობდით, ვიცინოდით... ერთ დღეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა - ტერორისტებმა ამ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მძევლებად აიყვანეს და თითქმის ყველანი ამოხოცეს! თავზარი დაგვეცა ყველას, სულ თვალწინ მედგა დახოცილი ბავშვების სახეები. ერთმა დედამ სამი შვილი მიაბარა მიწას! "მაყალოთის" ტერორისტული აქტის შესწრებამ უდიდესი სასოწარკვეთილება გამოიწვია ჩემში და ვეცადე ეს განცდები გადმომეტანა ტილოზე... ასეა, ისრაელში, დედას მსხვერპლად მოჰყავს შვილი- ერის გადასარჩენად! ისრაელის თითოეული დედა გმირია!

"ნუ დაეცემი"

- როდის დატოვეთ ისრაელი?

- 1974 წელს, ცივი იანვრის დღეს დავტოვე ჩემი სამშობლო - ისრაელი... 1975 წლიდან ნიუ-იორკში დავიდეთ ბინა, მე, ჩემმა მეუღლემ როლანდიმ და ისრაელში შეძენილმა ვაჟმა რიჩარდიმ, ქალიშვილი - დალილა ნიუ -იორკში, 1975 წელს შემეძინა... ისრაელში მხოლოდ ერთი წელი ვიცხოვრე, რადგან ჩემი მეუღლის მშობლების გადაწყვეტილება იყო ისრაელის დატოვება... მამაჩემი - მიხეილ ჯანაშვილი იქ დარჩა, უდიდესი პატრიოტი იყო... მეტად მტკივნეული პერიოდია ჩემი ცხოვრების. მე ხომ მემუარები დავწერე, რაც თბილისში, გაზეთ “მენორა”-ში იბეჭდებოდა...

არ ვიცით, ვის და სად გადაგვისვრის პირქუში ცხოვრების ორომტრიალი, რა მოგველის დღეს თუ ხვალ ადამიანებს, ბედი რას გვიმზადებს. ნეტავი არ იყვნენ ამ ქვეყნად ბოროტი ადამიანები, არ იყოს უსამართლობა, მაშინ ყველაფერი კარგად განვითარდებოდა და ამ მოკლე წუთისოფელს ტკბილად გაატარებდა ადამიანი, მაგრამ... ამერიკის მთავრობა, აცხადებს, რომ მხარს უჭერს ისრაელს, რომ თავი დაიცვან. ღმერთმა ინებოს მშვიდობა დედამიწაზე...

- თქვენს შემოქმედებაში ასახავთ მსოფლიო მოვლენებს, გმირებს...

- დიახ, დავხატე ზვიად გამსახურდია, შიმონ პერესი და ვოლოდიმერ ზელენსკიც... ვინც არ უნდა დავხატო, ეს ჩემში ბუნებრივად ხდება, სურვილი მიჩნდება, ამ ადამიანის სული გამოვხატო ტილოზე და დავანახო მათი ჭეშმარიტი სახე ქვეყანას...ჩანაფიქრი მაქვს, ესკიზებიც მოვამზადე ლიონ ფოიხტვანგერის “ესპანური ბალადის” თემაზე...

ლიონ ფოიხტვანგერს ისტორია იმდენად აინტერესებდა, რამდენადაც იგი თანადროულობას ეხმიანებოდა, ისეთ პერსპექტივას მოგვცემდა წარსულსა და აწმყოზე, რომ მომხდარი ამბები გააშუქებდნენ დღევანდელი დღის (თანადროულობის) მოვლენებს. ფოიხტვანგერი უდიდეს და უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიიჩნევს ომისა და მშვიდობის საკითხს. სწორედ ომისა და მშვიდობის პრობლემებს ეხება “ესპანური ბალადა”. ფოიხტვანგერი წერდა: “...ამბავი ალფონსოსი და რახელისა ჩვენც გვეხება და იქვე დაასკვნის: “ჩემთვის მითქვამს, ვინც ამ ადამიანების ამბავს ხელახლა აღწერს, ის მარტო ისტორიას კი არ წერს, ჩვენი დროის პრობლემებსაც აძლევს სინათლეს და აზრსო”. მეც ამ სურვილით და შთაგონებით ვხატავ ფოიხტვანგერის რომანის გმირებს, უსამართლოდ მოკლული რახელისა და იეჰუდას სახეებს...