ავტორი:

"ჰამასის" მიერ გატაცებული გერმანელი ტურისტის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი ცოცხალია - "თქვენ უნდა იმოქმედოთ სწრაფად და გამოიყვანოთ შანი ღაზას სექტორიდან!"

"ჰამასის" მიერ გატაცებული გერმანელი ტურისტის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი ცოცხალია - "თქვენ უნდა იმოქმედოთ სწრაფად და გამოიყვანოთ შანი ღაზას სექტორიდან!"

გერმანიის მოქალაქე შანი ლუკი, რომელიც „ჰამასის“ „ბოევიკებმა“ ისრაელში შეჭრის პირველივე დღეს ტყვედ აიყვანეს, შესაძლოა, ცოცხალი იყოს. ამის შესახებ, დედამ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ქალის თქმით, მისი ქალიშვილი მძიმე მდგომარეობაშია და ღაზას სექტორის საავადმყოფოში იმყოფება. დაზარალებულს სასწრაფო ევაკუაცია სჭირდება.

გერმანულ ტაბლოიდთან Bild-თან საუბრისას, რიკარდა ლუკმა განაცხადა: „ახლა გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ შანი ცოცხალია, მაგრამ სერიოზული ტრავმა აქვს თავის არეში და კრიტიკულ მდგომარეობაშია. ყოველი წუთი ძვირფასია.“

მან თხოვნით მიმართა გერმანიის ფედერალურ ხელისუფლებას, რათა დაეწყოთ ოპერაცია ღაზაში, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, რათა გადაარჩინონ მისი ქალიშვილი.

"თქვენ უნდა იმოქმედოთ სწრაფად და გამოიყვანოთ შანი ღაზას სექტორიდან!" - ამის შესახებ მან გერმანელი ჩინოვნიკებისადმი მიმართულ შეტყობინებაში განაცხადა.

უცხოური მედია წერს, რომ მათ ვერ შეძლეს ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება.

30 წლის შანი ლუკი თავდამსხმელებმა შეიპყრეს. შემდეგ კი სოციალურ ქსელებში გაავრცელეს კადრები, სადაც ჩანდა, რომ დაჯგუფების წევრები მისი შიშველი სხეულის გარშემო იყვნენ, გარშემო დარბოდნენ, აფურთხებდნენ.

"ჰამასი" ამტკიცებდა, რომ ცხედარი იყო ისრაელელი ქალი ჯარისკაცის, მაგრამ მოგვიანებით გერმანელმა ტომასინა ვეინტრაუბ ლუკმა დაადასტურა, რომ რეალურად, ქალი მისი ბიძაშვილი იყო.

ცნობისთვის 7 ოქტომბერს პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელზე დაიწყო მასიური სარაკეტო და სახმელეთო შეტევა. "ჰამასის" წევრები ღაზას სექტორიდან ისრაელში, მოსაზღვრე დასახლებულ პუნქტებში გადავიდნენ და მოსახლეობის უმოწყალოდ ხოცვა და ასევე მათი გატაცება დაიწყეს. ისრაელში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. საპასუხოდ ისრაელმა ავიაიერიში მიიტანა ღაზას სექტორზე.