ბლიცინტერვიუ რუსუდან ტყემალაძესთან - „ვეძებ თავბრუდამხვევ ისტორიებს და ისინიც, რაღაცნაირად თავად მპოულობენ“

ბლიცინტერვიუ რუსუდან ტყემალაძესთან - „ვეძებ თავბრუდამხვევ ისტორიებს და ისინიც, რაღაცნაირად თავად მპოულობენ“

რუსუდან ტყემალაძე ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. კონკურსის ფარგლებში, გამომცემლობა „პალიტრა L” , ავტორის სადებიუტო ნამუშევარს, „არქიტექტორი“, სულ მალე გამოსცემს.

ვწერ, როცა... მსურს საკითხზე უფრო ღრმად ვიმსჯელო, ვიდრე საუბრისას. ან როცა ახალი კალამი მაქვს ნაყიდი.

მიყვარს დახვეწილობა.

მძულს მიფუჩეჩება.

მეშინია რომ ბევრ რამეს ვერ მოვასწრებ. როგორც ყოველი ჩვენგანი. ეს გარდაუვალია.

მწამს რომ მასაც სწამს ჩემი.

ვაპატიებ მხოლოდ ერთხელ.

ვიცინი საკუთარ შეცდომებზე.

ვტირი იშვიათად, თერაპიის მიზნით.

ვეძებ თავბრუდამხვევ ისტორიებს და ისინიც, რაღაცნაირად თავად მპოულობენ.

ვკარგავ ინტერესს, როცა ვხვდები ადამიანს იუმორის გრძნობის გარეშე.

მაინტერესებს ყველაფერი, რაც შეეხება ხელოვნებას.

მრცხვენია არაფრის.

ვაგროვებ შთაბეჭდილებებს.

ვმალავ ასაკს, რა თქმა უნდა. სპეციალურად გამოვიყურები ისე, თითქოს 23-ის ვარ, როცა სინამდვილეში 232 წლის გახლავართ. ოღონდ ეს საიდუმლოა.

ვამაყობ ჩემი გამოცდილებით. ყველაფერი, რაც შემემთხვა, ერთი გრძელი კინო იყო და წლებთან ერთად ჟანრებს და დინამიკას იცვლის.

ვუსმენ საკუთარი გულის რიტმს. სიმართლის უტყუარი დეტექტორია. და კიდევ ახალ ამბებს ვუსმენ, ზოგჯერ.

ვკითხულობ ნელა. არაპრაქტიკულია, მაგრამ მე მსიამოვნებს.

ვამზადებ სათადარიგო გეგმას. სასიცოცხლო მნიშვნელობის ჩვევაა და ნერვებს ზოგავს.

ვაფუჭებ ავტორის ჩანაფიქრის ავთენტურობას, როცა ალტერნატიული სიუჟეტის მოფიქრებას ვიწყებ. ეს უცნაური ჩვევა ბავშვობიდან მაქვს. ვფიქრობ, ბევრი ხელოვანისთვისაა დამახასიათებელი. ჩვენთვის ყველაფერი - მასალაა.

ვოცნებობ ხალხს ისევე დახვეწილად ეცვას, როგორც მეოცე საუკუნის დასაწყისში, მაგრამ სპორტული ტანსაცმლის ეპოქაში ეს ალბათ აღარასდროს მოხდება.

მენატრება ის დრო, რომელიც ჯერ არ დამდგარა. ძლიერად, ემოციურად, ამიტომ მისკენ მივდივარ, ის დრო კი, რომელიც უკვე იყო, არ მენატრება. წარსული - სამუშაო მასალაა და არა მელანქოლიის ობიექტი.

მწყინს რომ არ ვიცით, ვინ ვიყავით დაბადებამდე და ვინ ვიქნებით სიკვდილის შემდეგ. ზოგჯერ კი, ისიც არ ვიცით, ცხოვრებაში ვინ ვართ. ეს საწყენია.

ვიხსენებ მხოლოდ სასიამოვნო ამბებს. ვწერ, თუმცა, უსიამოვნოზეც. უსიამოვნო ამბები ყველაზე საინტერესოა, როგორც წესი.

ვიზიდავ საოცარ ადამიანებს და არაბანალურ სიტუაციებს.

ვცხოვრობ დიდი ინტერესით.

ვიბრძვი როგორც სამურაი, - მხოლოდ საჭირო მომენტში, მაგრამ ბოლომდე.

R