ავტორი:

ევროკავშირი მასკს აფრთხილებს, რომ ისრაელი-"ჰამასის" კონფლიქტთან დაკავშირებით X-ზე დეზინფორმაციები ვრცელდება და ზომები მიიღოს

ევროკავშირი მასკს აფრთხილებს, რომ ისრაელი-"ჰამასის" კონფლიქტთან დაკავშირებით X-ზე დეზინფორმაციები ვრცელდება და ზომები მიიღოს

ევროკავშირი მასკს აფრთხილებს, რომ მისი ვებსაიტი, X (ყოფილი ტვიტერი), ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენება. ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა, ტიერი ბრეტონმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ მილიარდერი ევროკავშირის კანონს არ დაემორჩილა და მიუხედავად მათი გაფრთხილებისა, "ძალადობრივი და ტერორისტული შინაარსის" კონტენტი საიტიდან არ წაშალა.

მასკმა ბრეტონი უპასუხოდ არ დატოვა და მისწერა, რომ მისმა კომპანიამ ყველანაირი ზომა მიიღო და "ჰამასთან" დაკავშირებული ახლადშექმნილი ანგარიშები უკვე წაშალა. ამავდროულად, მან ევროკავშირს მოსთხოვა, იმ დარღვევების ჩამონათვალი გადაეცათ მისთვის, რომელშიც ბრალს სდებენ.

ტიერი ბრეტონმა, მასკისადმი მიძღვნილ წერილში, დეზინფორმაციის შესახებ დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა მან განაცხადა, რომ X-ზე "ყალბი და მანიპულირებული სურათების და ფაქტების" ამსახველი პოსტები ფართოდაა გავრცელებული: "ამიტომ მოგიწოდებთ, სასწრაფოდ უზრუნველყოთ თქვენი სისტემების ეფექტურობა და ჩემს გუნდს კრიზისის საწინააღმდეგო ზომების შესახებ შეატყობინოთ",- წერს ტიერი ბრეტონი სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში.

ბრეტონმა აგრეთვე აღნიშნა, რომ "მასკი საქმის კურსშია, როგორი ხშირია მის საიტზე დეზინფორმაციის გავრცელება და ძალადობის განდიდება" და დასძინა, რომ ილონის გადასაწყვეტია, რამეს მოიმოქმედებს, თუ არა.

ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი (DSA) დიდი ტექ-პლატფორმების მომხმარებლების დასაცავადაა შექმნილი. ეს კანონი მოქმედებაში გასული წლის ნოემბერში შევიდა, მაგრამ ფირმებს დრო მიეცათ, დარწმუნებულიყვნენ, რომ მათი სისტემები ევროსტანდარტების შესაბამისი იყო. მკაცრი კანონების თანახმად, ბევრი მომხმარებლების მქონე პლატფორმებმა უნდა შეაფასონ პოტენციური რისკები და შესაბამისი ზომები მიიღონ ამ პრობლემებთან გასამკლავებლად. DSA-ს შეუსრულებლობამ, შეიძლება კომპანიის დაჯარიმება ან მომსახურების შეჩერება გამოიწვიოს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა