ავტორი:

"შესაძლოა, ხაბეიშვილის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყოს მისი საქმიანობით და გადაადგილების მცდელობა ჰქონდეთ" - ნიკა მელია

"შესაძლოა, ხაბეიშვილის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყოს მისი საქმიანობით და გადაადგილების მცდელობა ჰქონდეთ" - ნიკა მელია

"მე ვუსურვე ლევანს [ხაბეიშვილს], რომ ღირსებითა და სიმართლით ემართა პარტია. არ მიკვირს, შესაძლებელია, ხაბეიშვილის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყოს მისი საქმიანობით და შეიძლება მცდელობა ჰქონდეთ რაღაც გადაადგილების, იმედია, ლევანი გამოიჩენს პრინციპულობას, ღირსებას და თავს ასე არ გაათამაშებინებს კეზერაშვილ-მერაბიშვილს", - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კითხვას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კვიპროსზე ვიზიტსა და პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ნიკა გვარამიას კანდიდატურით ჩანაცვლების შესახებ დაუდასტურებელ ინფორმაციას ეხებოდა.

როგორც მელიამ აღნიშნა, მისი დამოკიდებულება დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის მიმართ უკვე ცნობილია და ის მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია, თუმცა არა ფულით და ფულის შოვნის სურვილით, არამედ გულწრფელობითა და მორალური უპირატესობით.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხის ინტერესი იყოს ასახული პოლიტიკაში, პოლიტიკა უნდა განისაზღვრებოდეს ხალხის მიერ და არა კულუარებში. რატომ არიან ესა თუ ის ადამიანები ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ ადამიანთან შეხვედრებზე მთელი შემადგენლობით, ეს, ალბათ, თავად, როდესაც ჩამობრძანდებიან, მათ უნდა ჰკითხოთ. კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან ჩემი დამოკიდებულება ცნობილია. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ მორალური უპირატესობით, მორალური სიცხადით, დიდი კონტრასტული სხვაობით. არ მჯერა იმ ადამიანების მიერ ბრძოლის ფრონტის გახსნის, რომელიც ძირითადად ფულის შოვნას გულისხმობს. ფული ვერ დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და ვერც ფულის შოვნის ინტერესით ვერ დაამარცხებ. დაამარცხებ გულწრფელობით, მორალური უპირატესობით და ხალხის ინტერესის ასახვით პოლიტიკაში“, - განაცხადა მელიამ.

ჟურნალისტების კომენტარის საპასუხოდ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ნიკა მელიას არ ელოდნენ პარტიის ღონისძიებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების გახსნას ეძღვნება, მელიამ აღნიშნა, რომ ადამიანური, პოლიტიკური ვალდებულება აქვს იყოს იქ, სადაც სააკაშვილის ე.წ. ოფისი იხსნება.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში აღარ არსებობდნენ პოლიტპატიმრები. პოლიტპატიმრების ეპოქის დასრულება შესაძლებელია ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებით. მე მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტპატიმარი, მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება, როდესაც ოლიგარქიული რეჟიმი შეიცვლება დემოკრატიული წყობითა და ძალებით. მე ვარ სოლიდარული პოლიტპატიმრების მიმართ, ვარ სოლიდარული მიხეილ სააკაშვილის ტყვეობის მიმართ და არა უბრალოდ სოლიდარული, მე ყოველთვის, წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი არის უკანონო ტყვე, ჩემთვის ერთ-ერთი ვალდებულებად რჩება, სადაც არ უნდა ვიყო, რომელი პოლიტიკურ პლატფორმაზეც არ უნდა ვიყო, რომელი პოლიტიკური პლატფორმიდანაც არ უნდა ვიბრძოლო, ადამიანები, განსაკუთრებით ქვეყნის პრეზიდენტი არ იყოს ტყვე. ეს არის ჩემთვის წმინდათა წმინდა“,- განაცხადა მელიამ.