ავტორი:

როგორია ვითარება ისრაელსა და ღაზაში - უახლესი ცნობები კონფლიქტის ზონიდან

როგორია ვითარება ისრაელსა და ღაზაში - უახლესი ცნობები კონფლიქტის ზონიდან

უკვე მეექვსე დღეა ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს. პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ცნობით, ღაზაზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, 51 პალესტინელი დაიღუპა და 281 დაშავდა.

აფეთქება მოხდა ღაზის სამხრეთით, ხან იუნისში - გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა გარდაცვლილებს შორის 9 ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს.

  • რაც შეეხება დაშავებულებისა და გარდაცვლილების საერთო რაოდენობას ორივე მხარეს, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა, დაჭრილია 5600 ადამიანი. ისრაელში დაიღუპა 1200 ადამიანი, დაჭრილია 3000-ზე მეტი.

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორზე შეტევა ისრაელზე "ჰამასის“ მიერ შაბათს დაწყებული თავდასხმის საპასუხოდ მიმდინარეობს.

ღაზას სექტორის სამხრეთით, ისრაელის დარტყმის შედეგად გამოწვეული კრატერი
ღაზას სექტორის სამხრეთით, ისრაელის დარტყმის შედეგად გამოწვეული კრატერი

  • წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აცხადებს, რომ ღაზას საავადმყოფოები მორგებად გადაქცევის რისკის ქვეშ არიან, რადგან ისრაელის მიერ ანკლავის დაბომბვის ფონზე ისინი ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან.

"იმის გამო, რომ ღაზას ეთიშება ელექტროენერგია, საავადმყოფოებს ეთიშებათ ელექტროენერგია, ინკუბატორებში მყოფი ახალშობილები და ჟანგბადზე მიერთებული ხანდაზმული პაციენტები რისკის ქვეშ იმყოფებიან”, - განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონალურმა დირექტორმა ახლო და შუა აღმოსავლეთში, ფაბრიციო კარბონიმ.

ღაზაში აცხადებენ, რომ ერთადერთმა ელექტროსადგურმა, საწვავის ამოწურვის გამო, მუშაობა შეწყვიტა.

ანკლავის მოსახლეობას ელექტროენერგიისთვის გენერატორების გამოყენებაც შეუძლია, თუმცა ისრაელის მხრიდან ბლოკადის პირობებში გენერატორების მუშაობისთვის საჭირო საწვავი იწურება.

ფაბრიციო კარბონიმ ასევე განაცხადა, რომ "წითელი ჯვარი“ კონტაქტშია როგორც "ჰამასთან“ ასევე ისრაელის ოფიციალურ პირებთან ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მიზნით.