ქართველების წარმატებული გამოსვლები მსოფლიოს სხვადასხვა კონკურსებში გრძელდება. ამჯერად თავი მუსიკოსმა ლიზი გოზალიშვილმა გამოიჩინა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და სწავლობს. ის სულ ოცნებობდა გერმანულ Voice-ში მოხვედრაზე და ეს ოცნებაც აისრულა. ლიზიმ ერთ-ერთი რთულად შესასრულებელი სიმღერა michael jackson-ის earth song იმღერა და მისიას თავი შესანიშნავად გაართა. შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ ოვაციები და ტაში არ დაიშურა როგორც ჟიურიმ, ისე დარბაზში მყოფმა აუდიტორიამ.
ქართველის ნამღერს ჟიურის ყველა წევრი ფეხზე წამოუდგა.
"მე ვარ ლიზი, 19 წლის, საქართველოდან. ამჟამად ვცხოვრობ ჰაიდელბერგში. გერმანიაში სასწავლებლად ჩამოვედი. ჩემი აქ მოხვედრა დიდი ხნის ოცნება იყო." - უთხრა ჟიურის ლიზიმ წარდგენისას.
"ასეთი კონტროლის ქონა ამ სიმღერაზე, ისე რომ შენს საკუთარ სიმღერად აქციო, თითქმის შეუძლებელია. ყველამ იცის ეს სიმღერა, მაგრამ აქამდე არასოდეს მინახავს ვინმეს თავისად ექცია ისე კარგად, როგორც შენ", - ამ სიტყვებით შეაფასეს ლიზის გამოსვლა ჟიურის წევრებმა. ერთ-ერთმა კი მასთნ ერთად earth song დუეტში შეასრულა.
შთამბეჭდავ გამოსვლას ლიზი სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა:
"სცენაზე გასვლამდე ალბათ ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ატირებულ მწვრთნელს და სპონტანურ დუეტს - ნამდვილად ვერ. ესეც ჩემი გამოსვლა გერმანული ვოისის ბრმა ქასთინგზე" - წერს კონკურსანტი.
საქართველოში ლიზის არაერთ მუსიკალურ შოუში მიუღია მონაწილეობა. იგი საავტორო მუსიკას წერს და მისი სიმღერები მელოდიური, სახასიათო ხმით და ჰარმონიული ჟღერადობით გამოირჩევა.