ავტორი:

რა ხდება ღაზაში "ტოტალური ბლოკადის" შემდეგ?

რა ხდება ღაზაში "ტოტალური ბლოკადის" შემდეგ?

ისრაელი აცხადებს, რომ არ მიაწვდის წყალს, საკვებს და საწვავს ღაზას სექტორს, სანამ ჰამასის მებრძოლები არ გაათავისუფლებენ მძევლებს, რომლებიც ქვეყანაში შეჭრის შემდეგ ტყვედ აიყვანეს. ეს განცხადება ნიშნავს, რომ 2 მილიონზე მეტ პალესტინელს ძირითადი საჭიროებების გარეშე დარჩენა ემუქრება.

ღაზას სექტორი 40 კილომეტრზე ცოტა მეტი სიგრძის ტერიტორიაა, რომელიც ისრაელსა და ეგვიპტეს ესაზღვრება. აქ დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ღაზა თავდაპირველად ეგვიპტის კონტროლის ქვეშ იყო, მაგრამ 1967 წელს ექვსდღიანი ომის დროს ისრაელმა დაიპყრო. 2005 წელს ისრაელმა ღაზადან თავისი ჯარები გამოიყვანა.

როგორ მოვიდა "ჰამასი" ხელისუფლებაში

ღაზას სექტორს ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასი" აკონტროლებს, რომელმაც 2007 წელს ბრძოლით პალესტინის ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობის (ფატაჰ) მხარდამჭერები ჩამოაგდეს.

"ჰამასი" ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა.

რა ხდება ღაზაში "ტოტალური ბლოკადის" შემდეგ?

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სანამ ჰამასის მებრძოლები არ გაათავისუფლებენ შაბათ-კვირის თავდასხმის დროს მძევლად აყვანილ მოსახლეობას, ისრაელი არ მოხსნის ღაზას სექტორის ბლოკადას. „არ ექნებათ ელექტროენერგია, საკვები და საწვავი - ყველაფერი დაიხურება“, - აღნიშნა მინისტრმა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ღაზას სექტორს ისრაელმა წყალმომარაგება შეუწყვიტა. ამან კიდევ უფრო გააუარესა ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზაში, სადაც მოსახლეობის 80% საჭიროებს საერთაშორისო დახმარებას. ღაზას ერთადერთი ელექტროსადგური 11 ოქტომბერს დაიხურა, მას შემდეგ რაც საწვავი ამოიწურა.

ღაზაში გადატვირთული საავადმყოფოები სარეზერვო გენერატორებით მუშაობს. ზოგიერთ მათგანში შეზღუდული საწვავის მარაგით, გენერატორებმა შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღე გაძლოს.

ადგილზე 600 ათასზე მეტი ადამიანი სასმელი წყლის გარეშე დარჩა. საწვავის დეფიციტის გამო, არ მუშაობს ადგილობრივი წყლის ტუმბოები და საკანალიზაციო სისტემები. ღაზას სექტორში მაღაზიების მესამედში პროდუქტის დეფიციტია. გაერო აცხადებს, რომ მალე მათ უმეტესობას აღარ ექნება მოსახლეობისთვის საკმარისი საკვები.

ომის დაწყებიდან 400 000-ზე მეტმა პალესტინელმა დატოვა სახლები - ბევრი მათგანი გაეროს მიერ მართულ სკოლებს აფარებს თავს.

ელექტროენერგიის გათიშვა

ომის დაწყებამდე ღაზა ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდიდა. გაეროს მონაცემებით, საცხოვრებელი კორპუსები ელექტროენერგიას დღეში საშუალოდ 13 საათის განმავლობაში იღებდა. ღაზას სექტორი ელექტროენერგიის ორ-მესამედს ისრაელისგან ყიდულობდა - დანარჩენს ღაზაში მდებარე ერთადერთი ელექტროსადგური გამოიმუშავებდა.

როგორ შეუძლია მოქალაქეს დატოვოს ღაზა?

ახლა ღაზას სექტორის მოსახლეობას წასვლისა და დაბომბვის თავიდან აცილების ძალიან მცირე შანსი აქვთ. ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ერეზის გადასასვლელი განუსაზღვრელი ვადით დახურა. ეგვიპტის მიერ კონტროლირებადი რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი სამხრეთით 9 და 10 ოქტომბერს დაიკეტა.

კონფლიქტის ესკალაციამდე პალესტინელებს ღაზას სექტორის დატოვება ისრაელის გავლით მხოლოდ სპეციალური ნებართვის მიღების შემდეგ შეეძლოთ. ეს ძირითადად ეხებოდა სამუშაოდ მიმავალ ადამიანებს და პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება.

გაეროს მონაცემებით, აგვისტოში ერეზის საზღვრის გადაკვეთის ნებართვა 58,6 ათასმა ადამიანმა მიიღო - ეს 65%-ით მეტია 2022 წლის საშუალო თვიურ მაჩვენებელზე.

პალესტინელებს კი, რომელთაც სურთ რაფაჰის გავლით ღაზას დატოვება, უნდა მიმართონ პალესტინის ხელისუფლებას საზღვრის გადაკვეთამდე რამდენიმე კვირით ადრე და წარუდგინონ განცხადება ეგვიპტის ხელისუფლებას, რომელიც მკაცრად აკონტროლებს საზღვარს. აგვისტოში რაფაჰი 19600-მა ადამიანმა გადაკვეთა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

რამდენი ადამიანი ცხოვრობს ღაზას სექტორში?

ღაზას სექტორი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ, 5700-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გაეროს მონაცემებით, ღაზას სექტორის მოსახლეობის 75%-ზე მეტი - დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი - რეგისტრირებული ლტოლვილია. მათგან ნახევარ მილიონზე მეტი მიმოფანტულია ბანაკებში..

პალესტინელ ბოევიკებსა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტებმა ბევრი პალესტინელი ღაზაში საცხოვრებლის გარეშე დატოვა.

შეზღუდვები მეთევზეობასა და მიწათმოქმედებაზე

გაეროს მონაცემებით, ღაზას სექტორში დაახლოებით 1,3 მილიონი ადამიანი იმპორტირებულ საკვებზეა დამოკიდებული. ისრაელის შეზღუდვებმა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და მეთევზეობაზე ადგილზე საკვების რაოდენობა შეამცირა.

ომის დაწყების შემდეგ ისრაელმა დახურა კერემ შალომის საკვების გადასასვლელი და აკრძალა თევზაობა.

შეზღუდვების გვერდის ავლით, ჰამასმა ააშენა გვირაბების ქსელი ეგვიპტიდან საკვების იმპორტისთვის, რომელიც ასევე ემსახურება მიწისქვეშა სამეთაურო ცენტრს. ისრაელი აცხადებს, რომ გვირაბებს ბოევიკები იყენებენ იარაღის კონტრაბანდისა და საიდუმლო გადაადგილებისთვის. ისრაელის არმია ხშირად ახორციელებს საჰაერო იერიშებს მათ წინააღმდეგ.

წყლის დეფიციტი

ღაზის მოსახლეობის 95%-ს არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშუალოდ, ერთ ადამიანს ყოველდღიურად 100 ლიტრი წყალი სჭირდება (მომზადებისა და რეცხვის ჩათვლით). ღაზაში ეს მაჩვენებელი 87 ლიტრია, საიდანაც მხოლოდ 27 ლიტრი სუფთა წყალია.

უმუშევრობა

ღაზა ერთ-ერთი პირველია უმუშევრობის დონით მსოფლიო რეიტინგში. მოსახლეობის თითქმის 65% 25 წლამდე ასაკისაა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდად აქცევს. ღაზას სექტორის მოსახლეობის 80%-ზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს - 2022 წელს აქ უმუშევრობის დონემ 45% შეადგინა.

ახალგაზრდების უმუშევრობა გაცილებით მაღალია, 19-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანების თითქმის 74% საშუალო სკოლის ან კოლეჯის დიპლომით ვერ პოულობს სამუშაოს.