ავტორი:

ისტორიაში პირველად: "მის პაკისტანი" "მის მსოფლიოზე" წარსდგება - ვინ არის 24 წლის მოდელი, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს და როგორ პასუხობს პაკისტანელების კრიტიკას?

ისტორიაში პირველად: "მის პაკისტანი" "მის მსოფლიოზე" წარსდგება - ვინ არის 24 წლის მოდელი, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს და როგორ პასუხობს პაკისტანელების კრიტიკას?

სენატორმა მუშტაქ აჰმედმა ჯამაათ-ე-ისლამის პარტიიდან "მის პაკისტანს" სამარცხვინო უწოდა, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანვარ ულ-ჰაკ კაკარმა მასზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა, პაკისტანელ მამაკაცებს შორის ონლაინ საუბრები კი განსაკუთრებით მწვავე და კრიტიკულია. რამ გამოიწვია ასეთი აღშფოთება?

პაკისტანელების აღშფოთების მიზეზი ერიკა რობინი, ყარაჩაღელი ქრისტიანი გოგონაა, რომელიც კონსერვატიულ პაკისტანს "მის სამყაროს" სილამაზის კონკურსზე წარადგენს.

"ძალიან სასიამოვნოა, რომ პაკისტანს წარვადგენ, მაგრამ არ მესმის, საიდან მოდის ამდენი აგრესია. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ მამაკაცებით სავსე ოთახში საცურაო კოსტიუმით უნდა გავიარო",- განაცხადა ერიკამ BBC-სთან ინტერვიუში.

ისინი, ვინც ერიკა რობინს აკრიტიკებენ, აცხადებენ, რომ ის ისეთ ქვეყანას წარადგენს, რომელსაც საერთოდ არ უნდა, ამ კონკურსში მონაწილეობას იღებდეს - პაკისტანში მცხოვრები მუსლიმებისთვის მიუღებელია სილამაზის კონკურსები.

  • "მის მსოფლიოს" 72-წლიან ისტორიაში, პაკისტანს კონკურსზე არასოდეს გაუგზავნია თავისი წარმომადგენელი.

რობინს კონკურსის მეორე შესარჩევ რაუნდში სთხოვეს, დაესახელებინა ერთი რამ, რისი გაკეთებაც თავისი ქვეყნისთვის სურდა, რაზეც მან უპასუხა: "მსურს ის მოსაზრება, რომ პაკისტანი ჩამორჩენილი ქვეყანაა, შევცვალო". რობინის მიზანი რთული შესასრულებელი ჩანს, თუ გავითვალისწინებთ იმ მტრულ რეაქციებს, რაც მის ნომინაციაზე წარდგენას მოჰყვა.

პაკისტანელმა მოდელმა, ვანეზა აჰმედმა რობინი წაახალისა: "როცა "მისტერ პაკისტანზე" არავინ გამოთქვამს პრეტენზიას, მაინცდამაინც ქალების მიღწევებზე რატომ აქვთ პრობლემა?"

ყარაჩაღელმა მწერალმა და კომენტატორმა რაფაი მეჰმუდმა საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა: "ჩვენ მრავალი წინააღმდეგობების მქონე ერი ვართ და ქალები და მარგინალიზებული ჯგუფები ყველაზე მეტად გვატრიგერებენ. პაკისტანი ავტორიტარული სახელმწიფოა და ეს მკაცრ პატრიარქალურ ღირებულებებში აისახება. ერიკა რობინი და ის წინააღმდეგობა, რომელსაც ის გადააწყდა, ამის შედეგია."

პაკისტანელი ხალხის კრიტიკის მიუხედავად, რობინი არ ნებდება: "მე არცერთ კანონს არ ვარღვევ, როცა გლობალურ პლატფორმაზე პაკისტანს წარვადგენ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ამასთან დაკავშირებული სტერეოტიპები დავძლიო",- ამბობს 24 წლის გოგონა.

წყარო: BBC

მოამზადა: ანა სიბოშვილმა