ავტორი:

არესტოვიჩს სექსიზმში ადანაშაულებენ: რა მოხდა ყოფილი მაღალჩინოსნის "ფსიქოლოგიურ სემინარებზე" და რატომ უჩივლა მას უკრაინელმა დეპუტატმა?

არესტოვიჩს სექსიზმში ადანაშაულებენ: რა მოხდა ყოფილი მაღალჩინოსნის "ფსიქოლოგიურ სემინარებზე" და რატომ უჩივლა მას უკრაინელმა დეპუტატმა?

უკრაინაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. არესტოვიჩს სექსისტური განცხადებების გამო უჩივიან. ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ პარლამენტის დეპუტატ ინა სოვსუნზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობილია, რომ ოლქსი არესტოვიჩს სწორედ ინა სოვსუნმა უჩივლა.

ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ არესტოვიჩი მის "ფსიქოლოგიურ სემინარებზე" სექსიზმის პროპაგანდით იყო დაკავებული. ის ქალებს "არსებებს" უწოდებდა, რომელთა "დახრჩობა" სურდა. კაცებს კი "ღმერთებად" და "კერპებად“ მიიჩნევდა, რომლებიც უნდა განადიდო.

28 სექტემბერს ინა სოვსუნი სამართალდამცავ ორგანოებს დაუკავშირდა განცხადებით, რომ არესტოვიჩმა დაარღვია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლი (ძალადობის კულტის, სისასტიკის, რასობრივი, ეროვნული, ან რელიგიური შეუწყნარებლობის და დისკრიმინაციის პროპაგანდის შემცველი მასალების შექმნა და გავრცელება). მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე. არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი წარმოება სწორედ ამ მუხლით დაიწყო.

"თუ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივა, ეს იქნება უკრაინისთვის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, იმის დასტური, რომ კანონი ყველასთვის ერთია და დაუსჯელობა აღარ არის ნორმა“, - აღნიშნა დეპუტატმა.

2023 წლის იანვარში ალექსი არესტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის თავისუფალი მრჩეველის პოსტი დატოვა. მიზეზი დნეპრში მომხდარი დაბომბვის დროს გაკეთებული სკანდალური განცხადება გახლდათ.