ავტორი:

მზადება მასშტაბური შეტევისთვის - ისრაელში ასახელებენ, როდის დაიწყება ღაზაზე "მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია": ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან

მზადება მასშტაბური შეტევისთვის - ისრაელში ასახელებენ, როდის დაიწყება ღაზაზე "მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია": ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან

"ისრაელი ღაზაში მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც დაინახავს, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა", - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა CNN-ს განუცხადა.

  • "ის, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის, რომ ჩვენ დავიწყებთ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა “, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ისრაელმა ღაზას მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილა, რომ სამხრეთ ნაწილში გადასულიყო.

”ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ღაზაში მცხოვრებმა ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან სულგრძელობა გამოვიჩინეთ დროსთან დაკავშირებით. ჩვენ გავეცით დიდი გაფრთხილება, 25 საათზე მეტი ხნის წინ. დროა, ღაზას მცხოვრებლები წავიდნენ. აიღეთ თქვენი ნივთები, წადით სამხრეთში. გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და ნუ გაებმებით ხაფანგში, რომელსაც "ჰამასი“ გიგებთ“, - აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა.

  • მისი თქმით, ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორია სავსეა ისრაელის ასობით ათასი სარეზერვო ქვედანაყოფით, რომლებიც სხვადასხვა მისიებისთვის ემზადებიან.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის არმია ღაზას სექტორზე თავდასხმას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით გეგმავს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისინი ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევას ასრულებენ და ახლა სახმელეთო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობით მათ მომარაგებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

"ისრაელის თავდაცვის ძალების ბატალიონები და ჯარისკაცები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებული და მზად არიან ომის შემდეგი ეტაპისთვის გაზარდონ მზადყოფნა, მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე აქცენტით”, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.