ავტორი:

თუ ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს, შესაძლოა, კონფლიქტში ირანი ჩაერიოს - რა შეტყობინება გაუგზავნეს ირანიდან ისრაელს

თუ ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს, შესაძლოა, კონფლიქტში ირანი ჩაერიოს - რა შეტყობინება გაუგზავნეს ირანიდან ისრაელს

ირანი ისრაელს აფრთხილებს, რომ თუ ღაზას სექტორის დაბომბვას არ შეწყვეტს, ამას შორსმიმავალი შედეგები მოჰყვება.

საინფორმაციო პორტალ Walla-სა და The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ირანმა ისრაელს გაერო-ს საშუალებით შეტყობინება გაუგზავნა, რომ ის შესაძლოა კონფლიქტში ჩაერიოს, თუ ისრაელი ღაზაში "ჰამასის“ გასანადგურებლად სამხედრო ოპერაციას განაგრძობს.

მედიის ინფორმაციით, შაბათს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი გაერო-ს სპეციალურ კოორდინატორს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის საკითხებზე, ტორ ვენესლანდს ბეირუთში შეხვდა, რათა არსებული სიტუაცია განეხილათ.

ამირაბდოლაჰიანი მოგვიანებით კატარში "ჰამასის“ ლიდერს, ისმაილ ჰანიეს შეხვდა. შეიარაღებული დაჯგუფების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ თანამშრომლობა "ჰამასის“ მიზნების მისაღწევად.

ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „თუ ისრაელის აპარტეიდის ომის დანაშაულები და გენოციდი დაუყოვნებლივ არ შეჩერდება, სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს და შორს მიმავალი შედეგები გამოიწვიოს, რომელზედაც პასუხისმგებლობა გაერო-ს, უშიშროების საბჭოსა და იმ სახელმწიფოებს ეკისრებათ, რომლებსაც საბჭო ჩიხში შეჰყავთ“.