ავტორი:

"დასავლეთი დაიწყებს ჯანსაღი ლიდერის ძიებას... გვეტყვიან, დაივიწყეთ ყირიმი" - არესტოვიჩის პროგნოზი: რა მოხდება, თუ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან

"დასავლეთი დაიწყებს ჯანსაღი ლიდერის ძიებას... გვეტყვიან, დაივიწყეთ ყირიმი" - არესტოვიჩის პროგნოზი: რა მოხდება, თუ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ჟურნალისტ დმიტრი გორდონს ვრცელი ინტერვიუ მისცა. როგორც ინტერვიუდან ირკვევა, მისი პროგნოზები ომთან დაკავშირებით, საკმაოდ პესიმისტურია. არესტოვიჩმა უკრაინის მიერ სამხედრო-პოლიტიკური კუთხით გადადგმულ იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც მისი აზრით, შეცდომა იყო.

  • გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

"ეს შემოდგომა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიის გადაფასების პერიოდი. უნდა ვიმოქმედოთ რეალობიდან გამომდინარე. რეალობა კი ის არის, რომ ჩვენ დასავლეთის დიდი რაოდენობის დახმარების იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს. ის შესაძლოა, შემცირდეს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა თქვა, გაგვითავდა ყველაფერი, რითაც უკრაინის დახმარება შეგვეძლოო.

სიტუაცია აშშ-იც შეიცვალა, იქ უფრო შიდა გარჩევების ამბავია, თუმცა ეს გარჩევები ჩვენს დახმარებაზეც მოქმედებს. ამას ემატება ჩვენი დადანაშაულება კორუფციაში, ომისგან გადაღლილობა და ა.შ. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ისეთივე დახმარება აღარ გვექნება.

ნატო-ს ჩეხეთის გენერალმა გვითხრა, რომ 2024 წლამდე რასაც ავიღებდით, ჩვენი იქნებოდა. შემდეგ უკვე მოემზადეთ მოლაპარაკებებისთვისო. დასავლეთში სერიოზული ძალაა, რომელსაც სურს, რომ ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდაზე დავსხდეთ. ისინი რუსეთთან კულუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ეს პროცესი ერთი დღითაც არ შეწყვეტილა.

ჩვენი მთავარი შეცდომა ის არის, რომ ზურგში ვერ შევძელით სამხედრო მრეწველობის გაუმჯობესება. რასაც ვაწარმოებთ, ფრონტის 30%-საც არ ეყოფა. დასავლეთმა ვერ შეძლო რუსეთის დასანქცირების სწორად ორგანიზება. მაგალითად, Intel-ის მიკროსქემები 5-6 გარიგების შემდეგ მაინც ხვდება რუსეთში.

რუსეთმა თავის სამხედრო მრეწველობის ინტენსიფიცირება მოახერხა. ცუდად, შედარებით უხარისხოდ, მაგრამ მაინც მოახერხა. რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ხანგრძლივ ომში გაიმარჯვოს.

მე ვერასდროს ვიგებდი, რატომ გვჭირდებოდა ამდენი ძალისხმევა ბახმუტზე. ვერც ამერიკელები და სხვა დასავლელი პარტნიორები იგებდნენ ამას. ბახმუტის აღება ოპერატიულ-ტაქტიკური გამარჯვება იქნებოდა. სამხრეთის აღება კი - სტრატეგიული. ჩვენი საუკეთესო დანაყოფები უსასრულოდ ცდილობენ კლეშეევკას, ბახმუტის და მიმდებარე სოფლების შტურმს, როდესაც ისინი სამხრეთ რეგიონში უნდა იყვნენ და ტოკმაკის აღებას ცდილობდნენ.

ბახმუტის შენარჩუნების ოპერაციასაც საეჭვოდ ვუყურებ. უამრავი ჯარისკაცი დაგვეღუპა და რუსეთივით მოგვივიდა, შევყარეთ მობილიზებულები, რომლებიც არ იყვნენ კარგად მომზადებულები. მაშინ ჩვენი ძირითადი დანაყოფები სამხრეთის ბრძოლებისთვის ემზადებოდნენ. ბახმუტის ხორცსაკეპმა მოსახლეობაში მობილიზაციის კუთხით ფსიქოლოგიურად გაგვტეხა. ამდენი ხალხი, საბრძოლო მასალა და საწვავი დავკარგეთ, რომ რა? რისთვის? ახლა იგივეს ვაკეთებთ ოღონდ კი არ ვიცავთ, ვცდილობთ ავიღოთ.

  • ახლა მოგიყვებით, როგორ იქნება რეალურად, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაგვსვამენ. ჩვენ გვეტყვიან, დაივიწყეთ ყირიმი და გვეტყვიან, რომ სავარაუდოდ, დონეცკი-ლუგანსკის ოლქებიც დავივიწყოთ. ზაპოროჟიესა და ხერსონზე, სავარაუდოდ, გამოგვყვებიან და გვეტყვიან, რომ აქ რუსები მტყუანები არიან და თქვენი უნდა იყოს. თუ კარგად მოიქცევით, შევხედავთ კორუფციასთან ბრძოლას, შესაძლოა, ნატო-ში გაწევრიანებაზეც დავფიქრდეთ.

პუტინთან ივაჭრებენ შემდეგნაირად, რომ უკრაინა თუ ნატო-ში შევა, რუსეთის უსაფრთხოებისთვის იქნება კარგი, იმიტომ რომ დასავლეთის ზედამხედველობის ქვეშ აღმოჩნდება.

უნდა ვილოცოთ, რომ ასეთი პირობებით დაიწყოს მოლაპარაკებები და ნატო-ში შევიდეთ.

ყირიმისა და დონბასის გარეშე ამ კონფლიქტის დასრულება არ გვინდა. ზელენსკი რასაც აკეთებს, ცხადია, რომ მასაც არ სურს ეს და ხელს არ მოაწერს. ეს პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება. მაგრამ არის რიტორიკული შეკითხვაც, თუკი დასავლეთი დაგვავალდებულებს ამაზე ხელის მოწერას, მაშინ რა იქნება?! ისინი დაიწყებენ ჯანსაღი ლიდერის ძიებას, რომელიც სიტუაციას რაციონალურად შეაფასებს და ხელს მოაწერს".

არესტოვიჩს აქ გორდონი ჩაეკითხა, - "მოდი, დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. ზელენსკი უარს ამბობს ამაზე ხელის მოწერაზე და ჩემი გადმოსახედიდან სწორადაც მოიქცევა, მეც არ მოვაწერდი ხელს და დასავლეთი გვეტყვის, რომ ჩაატარეთ არჩევნები და ზელენსკი წავიდეს?“

"ისინი, არ გვეტყვიან, რომ წავიდეს ზელენსკი, გვეტყვიან, ჩაატარეთ არჩევნები“, - უპასუხა არესტოვიჩმა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე