ავტორი:

"ჩემი შვილები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში, ბედნიერი ვარ იმით, რომ მათთვის მამა საუკეთესო მეგობარი და დასაყრდენია" - გია ბაღაშვილი

"ჩემი შვილები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში, ბედნიერი ვარ იმით, რომ მათთვის მამა საუკეთესო მეგობარი და დასაყრდენია" - გია ბაღაშვილი

ჩვენი ქალაქი ყოველთვის გამოირჩეოდა კოლორიტული ოჯახებით. ერთ-ერთი ასეთია ბაღაშვილების ოჯახი, სადაც წლების განმავლობაში არაერთი საღამო, შეხვედრა თუ წვეულება გამართულა. თუ ვინმე გამორჩეული მოღვაწე იყო, ყველა მათ სახლში იყრიდა თავს. მამის და მისი საოცარი მეგობრების გარემოცვაში იზრდებოდა პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და უკვე თბილისის საპატიო მოქალაქეც ბატონი გია ბაღაშვილი, რომელთანაც საუბარი ყოველთვის საინტერესოა.

- გილოცავთ თბილისელის საპატიო მოქალაქის წოდებას! რას ნიშნავს იყო თბილისელი და რას ნიშნავდა თბილისი და თბილისელობა თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. თბილისის საპატიო მოქალაქეობა ყველაზე დიდი ჯილდოა, რომელიც შეიძლება მიიღოს ამ ქალაქის მკვიდრმა. როდესაც შენი მშობლიური ქალაქი ამხელა პატივს დაგდებს, რა თქმა უნდა, ამაღელვებელია. თბილისელობა საპატიო წოდებაა, საპატიო თბილისელობა კი ორმაგი პატივია. ამაყი ვარ, რომ ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ თბილისს არც ერთზე არ გავცვლი. თბილისელობა ჩემთვის არის სითბო, სიყვარული და ზრუნვა საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე. კიდევ არის დანაპირების შესრულება და საკუთარ სიტყვაზე პასუხისმგებლობის აღება.

- თქვენი ოჯახი ყოველთვის კოლორიტული იყო, რა განაპირობებდა ამას?

- თავად ამ სიტყვის ეტიმოლოგიაც მიგვანიშნებს, რომ ადამიანს მაშინ უწოდებენ კოლორიტულს ან სხვაგვარად "ქალაქის კოლორიტს", როდესაც ის თავისი ცხოვრების წესითა და საქციელით ამშვენებს ქალაქს. მამაჩემი მართლაც გამორჩეული თბილისელია, ღირსეული პიროვნება და ამასთან, დიდი ხელოვანი. ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო იყო და არის. ბედნიერი ვარ, რომ ასეთმა მშობლებმა აღმზარდეს. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს ერთადერთ და საფიცარ დაზე, ჩემს თეონაზე, რომელიც უდიდესი დასაყრდენი და საუკეთესო მეგობარია.

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება რომ გადმომცეს, მაშინ გავიაზრე, საპატიო თბილისელთაგან რამდენი იყო ჩემ ირგვლივ სულ პატარა ასაკიდან. დავიწყოთ იმით, რომ მამაჩემი გახლავთ თბილისელის საპატიო მოქალაქე, თბილისის საპატიო მოქალაქე იყო ჩემი ნათლია, ალექსანდრე ბასილაია, თბილისის საპატიო მოქალაქეები არიან თეიმურაზ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი, ვის თვალწინაც ვიზრდებოდი; ბატონი ანზორ ერქომაიშვილი, ბატონი ჯემალ ჭკუასელი - ჩვენი უახლოესი ადამიანები. ერთსაც დავძენ, მგონი, მხოლოდ მე მხვდა წილად ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი ხელმძღვანელი 10 საპატიო თბილისელისა - ბუმბერაზი მსახიობების მუსიკალური ხელმძღვანელი ვიყავი. ისინი საპატიო თბილისელებად თავის დროზე სწორედ იმიტომ დაასახელეს, რომ გამორჩეული იყვნენ არა მარტო პროფესიული თვისებებით, არამედ პიროვნული ღირსებითაც და ამშვენებდნენ ჩვენს ქალაქს, მთელ საქართველოს. რომელი ერთი გავიხსენო: ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი, ბატონი კოტე მახარაძე, რამაზ ჩხიკვაძე, თენგიზ არჩვაძე, ჯემალ ღაღანიძე, გურამ საღარაძე, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი და ა.შ. სინამდვილეში მე ვიყავი მათი შეგირდი, მათგან ვსწავლობდი პროფესიის სიყვარულს, მაყურებლის პატივისცემას... მიუხედავად მათი განსხვავებული ხასიათებისა, რამდენიმე საერთო თვისება ჰქონდათ - თავმდაბლობა და პატივისცემა სხვისი ღირსებისა. ეს დიდებული პიროვნებები უდიდეს პატივს სცემდნენ და აღიარებდნენ სხვის ნიჭიერებას... გარდა ამისა, რამაც მოიტანა დღევანდელ დღემდე თბილისი თავისი მართლაც განუმეორებელი კოლორიტით, ეს არის მეხსიერება ქალაქისა, რომელსაც ახსოვს ის ღირსეული თბილისელები, რომელთაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ამ ქალაქის ცხოვრებაში. დიდი მიხეილ თუმანიშვილის თქმის არ იყოს: "რა აზრი აქვს გამოცდილების დაგროვებას, თუკი მას არავის გადასცემ". თბილისი ყოველთვის გადასცემდა ზეპირ მეხსიერებაში შემონახულ ამბებს მომავალ თაობას საიმისოდ, რომ წინა თაობების ღირსეული ნამოქმედარი არ დაკარგულიყო.

- რომელიმე ისტორია გაიხსენეთ თბილისური ცხოვრებიდან...

- 1981 წელია, 10 წლის ვხდები და ჩვენთან მოვიდა ალექსანდრე ბასილაია. სულ ვცდილობდი ნათლიაჩემის გვერდით ვყოფილიყავი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინსტრუმენტს მიუჯდებოდა. ორი წელია გასული პირველი თბილისობის შემდეგ, თბილისობის მაშინდელმა ორგანიზატორებმა ალექსანდრე ბასილაიასა და მამაჩემს სთხოვეს შეექმნათ სიმღერა თბილისობაზე. იმ დღეს ბასილაია, რომელსაც ყველა ბუთხუზს ეძახდა, ჩვენთან შუადღისას მოვიდა. 5 საათზე სამხატვრო საბჭოს კრებაზე უნდა ჩაებარებინა ახალი სიმღერა. სიმღერა თითქმის დასრულებული ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იყო ერთი მონაკვეთი, რომელსაც საინტერესო გაგრძელება ვერ მოუძებნა. ასეთ დროს უყვარდა ხოლმე ჩვენთან შემორბენა და ინსტრუმენტთან განმარტოება. როდესაც სახლში შემოვიდა, დედაჩემი სუფრას შლიდა, მამაჩემმა სასმელი გამოიტანა და ნათლიაჩემი მიიპატიჟა. ბუთხუზმა უპასუხა, პატარა საქმე მაქვს, მალე შემოვალო და ფორტეპიანოს მიუჯდა. მე, რა თქმა უნდა, იქვე სავარძელზე ჩამოვჯექი და სმენად ვიქეცი. ბუთხუზმა თბილისობისადმი მიძღვნილი ახალი სიმღერის მელოდია დაუკრა და როცა იმ ადგილას მივიდა, ჯერ კიდევ დასამთავრებელი რომ ჰქონდა, გაჩერდა... ახლიდან დაიწყო დაკვრა... მეორედაც გაჩერდა იმავე ადგილას... უკმაყოფილო ხმით რაღაც ჩაიბურტყუნა და მივხვდი, რომ გამოსავალს ვერ პოულობდა. ამასობაში მამაჩემმა გამოსძახა სამზარეულოდან, დროზე, ბიჭო, გაცივდა ყველაფერიო. კი, კი, მალე მოვალო, დაუბრუნა ბუთხუზმა პასუხი და უცბად დაიწყო მელოდიის დაკვრა, რომელმაც პირველივე აკორდებიდან მომაჯადოვა. ეს იყო 1981 წელი. მიუზიკლი "არგონავტები" ორი წლის შემდეგ დაიდგა, მაგრამ, როგორც ჩანს, ალექსანდრე ბასილაიას სიმღერა „"არგოს"“ცნობილი ლაიტთემა, დღეს რომ ნახევარმა მსოფლიომ იცის, მაშინ უკვე შექმნილი ჰქონდა და სწორედ მისი პირველი აკორდების მისადაგება სცადა ლექსისთვის, რომელიც მამაჩემმა თბილისობის ახალი სიმღერისთვის დაწერა. მალევე გაჩერდა და ჩაილაპარაკა, ამაზე ხომ არ გავხარჯავ ამ მელოდიასო. ამიტომ ისევ სიმღერის პირვანდელ ვერსიას დაუბრუნდა, სწრაფად მონახა მელოდიის განვითარების მოხდენილი გზა და ჩაილაპარაკა, იყოს ასე, არაფერი უჭირსო. ასე შეიქმნა მშვენიერი სიმღერა "თბილისობაა, თბილისობაა", რომელსაც ბრწყინვალედ ასრულებდა თემურ წიკლაური ანსამბლ "ივერიის" სხვა სოლისტებთან ერთად. ასე რომ, ორი კარგი რამ ერთდროულად მოხდა - თბილისობაზე ახალი სიმღერაც დაიბადა და გადარჩა ლაიტთემა, რომელიც რამდენიმე წელიწადში იქცა სიმღერად "არგო". განაგრძეთ კითხვა