ავტორი:

"ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება, მაგრამ ისრაელმა უნდა უპასუხოს თავდასხმას" - ჯო ბაიდენი

"ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება, მაგრამ ისრაელმა უნდა უპასუხოს თავდასხმას" - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელმა რეაგირება უნდა მოახდინოს "ჰამასის“ მიერ განხორციელებულ ტერაქტებზე, თუმცა ღაზას ხელახალი ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება.

CBS News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის ღაზას სრულ ბლოკადას, ბაიდენმა უპასუხა, რომ დარწმუნებულია, ისრაელი იმოქმედებს ომის წესების შესაბამისად და ღაზაში უდანაშაულოებს ექნებათ შესაძლებლობა, ჰქონდეთ წვდომა მედიკამენტებზე, საკვებსა და წყალზე.

ამასთან, კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ის ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაციას ამ ეტაპზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა უპასუხა :

”ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იქნება. ჩემი აზრით, იმის მიზეზი, რაც ღაზაში მოხდა, "ჰამასის“ ექსტრემისტული ელემენტები არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს და ვფიქრობ, რომ შეცდომა იქნებოდა ისრაელის მიერ ღაზას ხელახალი ოკუპაცია“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ "ჰამასი“ მთლიანად უნდა აღმოიფხვრას, თუმცა დასძინა, რომ საჭიროა პალესტინური ხელისუფლება. "უნდა არსებობდეს - გზა პალესტინის სახელმწიფოსკენ“.

კითხვაზე, უნდა შეწყდეს თუ არა ცეცხლი, ბაიდენმა უპასუხა:

"ისრაელი სდევნის ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ჩაერთნენ ბარბაროსობაში, რასაც ისეთივე შედეგი მოჰყვება, როგორიც ჰოლოკოსტს. ასე რომ, ვფიქრობ, ისრაელმა უნდა უპასუხოს. უნდა სდევნიდეს "ჰამასს“.