ავტორი:

კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი" 2024 იწყება

კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი" 2024 იწყება

ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2024 იწყება. პირველადი განაცხადის გაგზავნა დღეიდან, 16 ოქტომბრიდან უკვე შესაძლებელია და ის 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„პალიტრა L” კონკურსს უკვე მეშვიდედ ატარებს. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, მათი მთავარი მიზანი ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის ჟანრი და თემატიკა თავისუფალია. თუმცა მიიღება მხოლოდ მანამდე გამოუქვეყნებელი ან სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი ნაწარმოებები. ავტორებს მონაწილეობა შეუძლიათ როგორც რომანით, ასევე მოთხრობების კრებულით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, 21 წლის ასაკიდან ზევით. მსურველებმა სრულყოფილი განაცხადი უნდა გაგზავნონ აღნიშნულ ელ. ფოსტაზე konkursi@palitra.ge. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, მოკლე ბიოგრაფია. გამოუქვეყნებია თუ არა ნამუშევრები კონკურსამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა მიუთითოს წყარო: წიგნი, პერიოდული გამოცემა, საიტი და სხვ.). ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს WORD დოკუმენტით;
  • კონკურსანტის ფოტო (JPG ფორმატი);
  • საკონკურსო ნაწარმოების მოკლე აღწერა/სინოპსისი (WORD დოკუმენტი,);
  • რომანის შემთხვევაში: ნაწარმოების დასაწყისი: 20-30 გვერდი, პროზაული კრებულის შემთხვევაში - 2-3 მოთხრობა, WORD დოკუმენტი, შრიფტი - Sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება - სტანდარტული (Multiple).

გამომცემლობის სარედაქციო ჯგუფი გაეცნობა განაცხადებს და კონკურსზე დაუშვებს იმ ავტორებს, რომელთა განაცხადები დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

კონკურსზე დაშვებული ნაწარმოებები აიტვირთება საიტზე და მკითხველს მათი გაცნობისა და ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცემა 13 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით.

5 დეკემბერს I ტურის შედეგად, გამოვლინდება მაქსიმუმ 20 კონკურსანტი. ათს მკითხველი აირჩევს ხმის მიცემის ღია პროცედურით, დანარჩენს კი კონკურსის ჟიური გამოავლენს.

მე-2 ტურში პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდება და კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყება თავიდან, ხმის მიცემის პროცედურის დაცვით.

მე-2 ტურში ხმის მიცემა დაიწყება 15 იანვარს და დასრულდება 31 იანვარს, 9 თებერვალს კი გამოცხადდება მაქსიმუმ 3 გამარჯვებული. მათგან ერთი მკითხველის რჩეული იქნება, ორს ჟიური გამოავლენს.

აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემის პროცედურა უფასოა. ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ერთ ნაწარმოებს ხმა მისცეთ მხოლოდ ერთხელ კონკურსის თითოეულ ტურში.

R