ავტორი:

"სავარაუდოდ, ბავშვმა იმ საშინელებას ვერ გაუძლო, რაც გადაიტანა" - მე-9 კლასელი გოგონა ხაშურში გარდაცვლილი ნახეს: მისი ბაბუა მოზარდზე ძალადობისთვის იხდის სასჯელს

"სავარაუდოდ, ბავშვმა იმ საშინელებას ვერ გაუძლო, რაც გადაიტანა" - მე-9 კლასელი გოგონა ხაშურში გარდაცვლილი ნახეს: მისი ბაბუა მოზარდზე ძალადობისთვის იხდის სასჯელს

გუშინ, გვიან ღამით ხაშურში, მე-9 კლასელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. 14 წლის გოგონა მეზობლებმა კორპუსის ეზოში უგონო მდგომარეობაში და სისხლის გუბეში ნახეს. ადგილობრივებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გოგონას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ამ ტარგედიას უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს.

გოგონას სახელი და გვარი ფიგურირებს სექსუალური ძალადობის საქმეში - 2 წლის წინ არასრულწლოვანი ჩვენებას ბაბუის წინააღმდეგ აძლევდა.

მოზარდის ჩვენების საფუძველზე, 2021 წლის ოქტომბერში, არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, სსკ-ის 11 პრიმა და 137-ე მუხლებით წარდგენილი ბრალის საფუძველზე, გოგონას ბაბუა დააკავეს.

პროკურატურამ 60 წლამდე ასაკის მამაკაცს ბრალი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე წარუდგინა.

როგორც ამბობენ, მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის, პროცესში ჩაერთული იყო ფსიქოლოგი.

2022 წლის 12 სექტემბერს, შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ 60 წლის ბაბუას ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ambebi.ge-ს წყარო უყვება:

"როგორც ახლობლები ამბობენ, მას შემდეგ, რაც გოგონაზე ბაბუამ იძალადა, მას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. სამართალდამცავებს მოუწევს გაარკვიონ, ზუსტად რა მოხდა, უბედური შემთხვევაა თუ თვითმკვლელობა, მაგრამ, სავარაუდოდ, ბავშვმა იმ საშინელებას ვერ გაუძლო, რაც გადაიტანა... ბაბუას, რომელიც 2 წლის წინ დააკავეს, 16 წელი აქვს მისჯილი. დედა და 2 შვილი კორპუსში, ნაქირავებ ბინაში მე-8 სართულზე ცხოვრობდნენ. დედაც ამბობს, რომ გოგონას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. გოგონას გადმოვარდნას არავინ შესწრებია, ხმაურზე (დაცემის ხმაზე) გამოვიდნენ მეზობლები და ის სისხლის გუბეში ნახეს. მათ მაშინვე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რომელსაც გოგონა გარდაცვლილი დახვდა. გადმოვარდა, თუ გადმოხტა, ჯერ არავინ იცის“.