ავტორი:

10 000 მკითხველის რჩეული 15 წიგნი, რომელიც ყველას ბიბლიოთეკაში უნდა იყოს

10 000 მკითხველის რჩეული 15 წიგნი, რომელიც ყველას ბიბლიოთეკაში უნდა იყოს

2021 წლის ოქტომბერში The New-York Times-მა რეზონანსული გამოკითხვა ჩაატარა: გამოცემის რედაქტორებმა მკითხველს სთხოვეს, ბოლო 125 წელში გამოცემული საუკეთესო წიგნები შეერჩიათ.

გამოკითხვაში მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მკითხველი ჩაერთო და საბოლოოდ, 25 რჩეული წიგნი გამოვლინდა. რედაქტორების გადაწყვეტილებით, სიაში ერთი ავტორის მხოლოდ ერთი წიგნი უნდა მოხვედრილიყო.

რჩეული წიგნების სიის სანახავად მიჰყევით ბმულს.

აღნიშნულ ჩამონათვალში მოხვდა ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა ჯორჯ ორუელის „1984“; ენტონი დოერის „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“; ტონი მორისონის „საყვარელი“ და სხვა. ყველა მათგანი სხვადასხვა ეპოქაშია დაწერილი, მათში ასახული პრობლემური საკითხები კი ყოველთვის აქტუალური რჩება. აღსანიშნავი, რომ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მკითხველის რჩეული წიგნები ერთი სერიის ქვეშ არავის მოუქცევია და სია უბრალოდ სიად დარჩა.

მსგავსი გამოკითხვა წლების წინ ჩაატარა გამომცემლობა „პალიტრა L-მაც“, რომლის შედეგებითაც შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიტერატურული პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. პროექტის შექმნიდან 15 წლის შემდეგ, მკითხველი ისევ აგრძელებს მასში გაერთიანებული წიგნების შეგროვებას საკუთარი, შვილის თუ შვილიშვილის ბიბლიოთეკისთვის. ეს ტომეული ოჯახებისთვის ერთგვარ საგანძურად იქცა.

„პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა, 15 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ შეესწავლა მკითხველის მოსაზრებები და განწყობები, რისთვისაც სხვადასხვა მედია არხის მეშვეობით 2023 წლის მაისში გამოკითხვის ჩატარება დაიწყო. მასში მონაწილეობა უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო და გარკვეული შედეგები გამოიკვეთა კიდეც.

მკითხველის ასეთი აქტიურობიდან გამომდინარე, „პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა, შეექმნა ახალი სერია - ,,კიდევ 15 წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო“, რომელიც 15 წლის წინანდელი პროექტის ერთგვარი გაგრძელება იქნებოდა.

15 წიგნი, რომელსაც მკითხველი თავად დაასახელებს, ერთი სერიის ქვეშ გაერთიანდება და მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.

„პალიტრა L-ის“ გამოკითხვის პირველადი შედეგების თანახმად, 5 წიგნი გამოიკვეთა:

  • ჯორჯ მარტინი - „ცეცხლი და სისხლი“
  • ნაირა გელაშვილი - „დედის ოთახი“
  • ანა ფრანკის დღიური
  • ალექსანდრე დიუმა - „ქალი ხავერდის ყელსაბამით“
  • კაზუო იშიგურო - „არასოდეს გამიშვა“

სერიაზე მუშაობას „პალიტრა L“ მალე დაიწყებს. ყოველთვიურად თითო წიგნი გამოვა და მაღაზიებსა და გამომცემლობის ვებგვერდზე ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი.

გამომცემლობაში განმარტავენ, რომ მკითხველის მიერ შერჩეული წიგნები როგორც თემატურად, ისე ჟანრობრივად და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით საკმაოდ მრავალფეროვანია.

„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მკითხველს სწორედ მათ მიერ შერჩეული ტომეული შევთავაზოთ. ამ ეტაპზე გამოკვეთილი ხუთეულიდან კარგად ჩანს მკითხველის ინტერესი როგორც კლასიკოსი, ასევე თანამედროვე ავტორების მიმართ“, - აღნიშნეს „პალიტრა L-ში“.

გამოკითხვა ახლაც აქტიურად მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა მსურველს აქვს. კიდევ ვის ისურვებდით რჩეული წიგნების სერიაში? შეგიძლიათ, ჩაერთოთ გამოკითხვაში თქვენი მოსაზრება „პალიტრა L-ს“ გაუზიაროთ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSennWC0smNlaStgqoEZuxWHTFXNX2b_w7nlReq3pswbKAxBlg/viewform?fbclid=IwAR1eL7Uv0lvioYaVjZCkz2Khm82wTLPK_kfOsarXs7RUviujI-3pFu3jXYw&pli=1

R