ავტორი:

არქეოლოგებმა ეგვიპტის პირველი ფარაონი ქალის სამარხში აღმოაჩინეს 5 000 წლის წინანდელი ღვინის ჭურჭელი, რომელიც ძალიან ჰგავს ქვევრს

არქეოლოგებმა ეგვიპტის პირველი ფარაონი ქალის სამარხში აღმოაჩინეს 5 000 წლის წინანდელი ღვინის ჭურჭელი, რომელიც ძალიან ჰგავს ქვევრს

არქეოლოგებმა, ეგვიპტის პირველი ფარაონი ქალის სამარხში, 5 000 წლის წინანდელი ღვინის ჭურჭელი აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან ჰგავს ქვევრს.

I დინასტიის ფარაონის, მერნეიტის სამარხის გათხრებს გერმანულ-ავსტრიულ მკვლევართა ჯგუფი აწარმოებდა და მათ არქეოლოგი ქრისტიანა კოლერი ხელმძღვანელობდა.

არქეოლოგების ცნობით, აბიდოსში მდებარე აკლდამაში ჩამარხული ზოგიერთი ჭურჭელი გახსნილიც კი არაა და თავდაპირველი ფორმითაა შემონახული. "ღვინო თხევად მდგომარეობაში აღარაა. იმის თქმაც გვიძნელდება, წითელი ღვინო იყო ჭურჭელში, თუ თეთრი", - განაცხადა კოლერმა.

არქეოლოგის თქმით, მათ ბუნებრივი ნარჩენები, მათ შორის ყურძნის წიპწები და ტარტარიც აღმოაჩინეს და ახლა მათ მეცნიერულ ანალიზს უტარებენ.

"ეს ალბათ ღვინის შესახებ ერთ-ერთი უძველესი პირდაპირი მტკიცებულებაა",- აცხადებს კოლერი.

მერნეიტის რეალური თანამდებობა დღემდე გაურკვეველია, თუმცა ის ერთადერთი ქალია, რომელსაც აბიდოსში, ეგვიპტის პირველ სამეფო სასაფლაოზე, საკუთარი მონუმენტური აკლდამა ჰქონდა. ის შესაძლოა ერთიანი ეგვიპტის პირველი ფარაონის, ნარმერის შვილიშვილი იყო.

მერნეიტის აკლდამის კომპლექსი 41 კარისკაცის და მსახურის სამარხებსაც მოიცავს და ტალახის აგურის, თიხისა და ხის მასალითაა აშენებული. მკვლევარებმა შეიტყვეს, რომ მათი სამარხების მშენებლობა დიდი ხნის განმავლობაში, დროის სხვადასხვა პერიოდებში მიმდინარეობდა. ეს ახალი აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს იმ თეორიას, რომ სამეფო დაკრძალვებზე ადამიანთა მსხვერპლშეწირვა პირველი დინასტიიდან იღებს სათავეს.

"ახალი აღმოჩენები ამ უნიკალური ქალის და მისი პერიოდის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ჰფენს ნათელს", - დასძენს ქრისტიანა კოლერი.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა