ავტორი:

ცნობილი ირანელი რეჟისორი და მისი მეუღლე, თეირანთან ახლოს, საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს

ცნობილი ირანელი რეჟისორი და მისი მეუღლე, თეირანთან ახლოს, საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს

ირანული ახალი ტალღის კინომიმდინარეობის ერთ-ერთი დამაარსებელი, დარიუშ მეჰრჯუი და მისი მეუღლე, ვაჰიდე მოჰამადიფარი თეირანთან ახლოს, საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს. პოლიციის თქმით, ცოლ-ქმარი დანით მიყენებული ჭრილობებით არის გარდაცვლილი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შაბათს, ადგილობრივი დროით ღამის 9 საათზე, რეჟისორმა თავის ქალიშვილ მონას, მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და სავახშმოდ სახლში მიიპატიჟა. გოგონა დაახლოებით 1,5 საათის შემდეგ მივიდა შინ, მაგრამ ორივე მშობელი გარდაცვლილი დახვდა. პოლიციის თქმით, წყვილის სახლში იძულებით შეღწევის ნიშნები არ ფიქსირდება, თუმცა მათ "მკვლელთან დამაკავშირებელ კვალს" მიაგნეს.

კვირას, გაზეთ Etemad-ში მეჰრჯუის ცოლთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ვაჰიდე ამბობს, რომ მათი სახლი გაძარცვეს და მის დაშინებას ცდილობდნენ.

მეჰრჯუის სარეჟისორო დებიუტი 1966 წელს ფილმ "ბრილიანტი 33"-ით შედგა, რომელიც ჯეიმზ ბონდის ფილმების სერიის პაროდიას წარმოადგენს. მეჰრჯუის წარმატება მეორე ფილმმა "Gaav"-მა ("ძროხა") მოუტანა. "ძროხა" გოლამ-ჰოსეინ საიდის მოთხრობას ეფუძნება. ფილმი წელიწადზე მეტი ირანში კულტურისა და ხელოვნების სამინისტროს მიერ იყო აკრძალული. ამის მიზეზი ფილმის სცენარში გამოხატული პოლიტიკური შეხედულებები იყო. საიდი თავის შემოქმედებაში ღიად აკრიტიკებდა მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობას, რის გამოც ის თექვსმეტჯერ იყო დაპატიმრებული.

"მე კონკრეტული იდეოლოგიის ან შეხედულების პოპულარიზაციისთვის ღიად პოლიტიკურ ფილმებს არ ვიღებ, მაგრამ ყველაფერი პოლიტიკურია",- თქვა დარიუშ მეჰრჯუიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა