ავტორი:

"მინდა ვურჩიო ოპოზიციას, გარეთ დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ, შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ, თუ სიტყვა მომცეს" - პრეზიდენტის მიმართვა

"მინდა ვურჩიო ოპოზიციას, გარეთ დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ, შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ, თუ სიტყვა მომცეს" - პრეზიდენტის მიმართვა

"არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები. პარლამენტშიც მივალ და სხვათაშორის, იმ პატარა კაცებთან რომ დავდგები, არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად", - ამის შსახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მანვე ოპოზიციას და საზოგადოებას მიმართა:

"ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არსებობს შტოებს შორის, ის ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება.

მე ვერავის ვერაფერს ვერ ვუკარნახებ, მაგრამ მინდა ვურჩიო ოპოზიციას, თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ, შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ, თუ სიტყვა მომცეს, თუ არა, გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი.

დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვგრძნობ და ვიცი, რომ არსებობს ქვეყანაში. ერთად ვიბრძოლოთ, ბოლომდე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პლენუმის 9 მოსამართლედან მხარი არ დაუჭირა სამმა მოსამართლემ: ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. კონსტიტუციის დარღვევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ და ვასილ როინიშვილმა.