ავტორი:

მძიმე დანაშაული აშშ-ში: 6 წლის პალესტინელი ბიჭუნა მეზობელმა მოკლა - ბავშვის მამის თქმით, მანამდე მამაკაცს მისი ვაჟისთვის სათამაშოები მიჰქონდა

მძიმე დანაშაული აშშ-ში: 6 წლის პალესტინელი ბიჭუნა მეზობელმა მოკლა - ბავშვის მამის თქმით, მანამდე მამაკაცს მისი ვაჟისთვის სათამაშოები მიჰქონდა

გუშინ, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ილინოისის შტატის ქალაქ პლეინფილდში 71 წლის მამაკაცმა 32 წლის ქალი და მისი 6 წლის შვილი დანით იმის გამო დაჭრა, რომ ისინი მუსულმანები იყვნენ. როგორც ადგილობრივი შერიფის ოფისში განაცხადეს, ბავშვი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, მძიმედ დაჭრილი დედა კი ჰოსპიტალიზებულია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მას შემდეგ, რაც ილინოისის მკვიდრ მამაკაცს ბრალი წაუყენეს მკვლელობაში და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულში, მედიამ მომხდარის შესახებ საინტერესო დეტალები გაარკვია. გამომძიებლების თქმით, 71 წლის ჯოზეფ ზუბა ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე კონფლიქტის გავლენის ქვეშ მოექცა და თავს დაესხა თავის მდგმურებს, პალესტინელი წარმოშობის მუსულმანებს. ბოლო დრომდე მამაკაცი ოჯახთან ძალიან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა.

მოკლული ბავშვის ოჯახი, წარმოშობით დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პალესტინის ქალაქ ბეიტუნიადან არის. ისინი 12 წელია შტატებში ცხოვრობენ. ბოლო ორი წელი კი დამნაშავისგან ქირაობდნენ ბინას. თვითმხილველების თქმით, მეპატრონეს ოჯახთან ადრე კონფლიქტი არ ჰქონია.

ბავშვის მამის თქმით, "კაცმა ადრე ეზოში პატარა ხის სახლიც კი ააშენა მათი ბიჭისთვის. ბავშვს ნებას რთავდა მისსავე გაკეთებულ პატარა აუზში ეცურავა და მისთვის საჩუქრად სათამაშოებიც კი მიჰქონდა, - განუცხადა AP-ს აჰმედ რეჰაბმა, არაკომერციული საბჭოს ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელმა. ამიტომ, ბიჭის დედას ეჭვის საფუძველი არ ჰქონდა, როდესაც სახლის პატრონმა კარზე დააკაკუნა.

"კარი რომ გააღეს, სახლში შევარდა და თავიდან ქალის დახრჩობა დაიწყო, თან ცდილობდა მისთვის დაერტყა. ქალმა მოახერხა სააბაზანოში შევარდნა და 911-ზე დარეკვა, მაგრამ ვიდრე დამნაშავე სახლს დატოვებდა, დანით დაჭრა ისიც და მისი 6 წლის შვილი. ეს ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა", - წერს მედია, ოჯახის ახლობლისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია რომ მივიდა, ზუბა სახლის წინ გაზონზე იჯდა, სახეზე ჭრილობა ჰქონდა. დანით დაჭრილი ბიჭი და დედამისი თავიანთ საძინებელში იწვნენ. ინციდენტი შაბათს საღამოს მოხდა ჩიკაგოს სამხრეთით მდებარე პლაინფილდის რაიონში.

ბიჭი, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ 6 წლის გახდა, მოგვიანებით საავადმყოფოში ჭრილობებით გარდაიცვალა. მისი დედა, რომელსაც ათზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული, მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ ის გადარჩება.

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც, რომელმაც განაცხადა, რომ შოკირებული და აღშფოთებული იყო დანაშაულით. ამერიკელებმა უარი უნდა თქვან ისლამოფობიაზე, განაცხადა პრეზიდენტმა.