თუ არასოდეს გქონიათ კონტაქტი უსინათლო ადამიანთან, შესაძლოა არ იცოდეთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ სწორად მათთან ურთიერთობისას. გამოუცდელობამ, უცოდინარობამ და ცრუ ვარაუდებმა შეიძლება გარკვეული უსიამოვნება შექმნას უსინათლო ადამიანთან კომუნიკაციისას. პირველ რიგში, უნდა გესმოდეთ, რომ ურთიერთქმედება უსინათლო ან მცირედმხედველთან ჩვეულებრივი რამაა და ისეთივე სპეციფიკურია, როგორც ნებისმიერ სხვა ინდივიდთან ურთიერთობა. სწორად მოქცევის წესებით, ხელი უნდა შევუწყოთ უსინათლო ადამიანების უფლებების დაცვასა და საზოგადოების მიერ მათ სრულფასოვან ადამიანებად აღქმას.
ისაუბრეთ ნორმალურად
უსინათლო ადამიანთან საუბრისას ნორმალურად ილაპარაკეთ. უსინათლოები ვერ გხედავენ, მაგრამ ძალიან კარგად ესმით თქვენი. ამიტომ, ხმამაღლა ან ნელა ლაპარაკი არაფერში შეგიწყობთ ხელს, მხოლოდ უხერხულობას შექმნის ურთიერთობისას. ისაუბრეთ საშუალო სიჩქარით, გარკვევით და საშუალო ხმით. შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვები მხედველობასთან დაკავშირებით. ისეთი ყოველდღიური სიტყვების გამოყენება, როგორიცაა: „დანახვა“, „ნახვა“ - უსინათლოებთანაც სრულად მისაღებია. მიმართეთ იმავე ფორმით, როგორც მიმართავდით მხედველ ადამიანს. მხედველობის არქონა ან დარღვევა - ეს არ არის ტაბუ უსინათლო და მცირედმხედველთათვის, ეს მათი რეალობაა.
დახმარება ქუჩის გადაკვეთისას
არ არის საჭირო დაუკითხავად მისვლა და ხელით შეხება. როცა უსინათლო ადამიანს დახმარება ესაჭიროება, ის თეთრ ხელჯოხს მაღლა აწევს. თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ, სჭირდება თუ არა დახმარება. თუ დახმარება გთხოვათ უსინათლომ, ის თავად მოგკიდებთ ხელს. სიარულის დროს გააფრთხილეთ საფეხურების, ტროტუარის ან სხვა დაბრკოლების შესახებ. საკმარისია თქვათ: „წინ საფეხურებია“. თუ წინ კიბე და ესკალატორია, აცნობეთ ამის შესახებ და შესთავაზეთ არჩევანი.
ნუ შეეხებით ძლიერად
როგორც ყველას, უსინათლო ადამიანებსაც არ უყვართ, როცა მათ გარშემომყოფები ეხებიან. ნაცვლად იმისა, რომ შეეხოთ ან უბიძგოთ რომელიმე მიმართულებით, ჰკითხეთ, უნდა თუ არა დახმარება. არ შეეხოთ თეთრ ხელჯოხს - ეს არის დამოუკიდებლობის საშუალება, რომელიც ეხმარება მათ უსაფრთხო ორიენტირებაში. ჰკითხეთ ადამიანს, როგორ სურს რომ დაეხმაროთ. ჩვეულებრივ, ის გთხოვთ რომ მოგკიდოთ ხელი (იდაყვს ქვემოთ), ამ შემთხვევაში, მოადუნეთ ხელი. იარეთ ჩვეულებრივი ტემპით. ადამიანზე დაუკითხავად ხელის მოკიდება უადგილო და უხერხულია. უსინათლო ადამიანს შეუძლია თქვენზე უკეთ აღმოაჩინოს გარემოს ცვლილებები, დაღმართები, საფეხურები და სხვ. მაშინაც კი, თუ თქვენ დაგავიწყდებათ გაფრთხილება. ვიწრო ადგილებში გავლისას იდაყვში მოხარეთ ის ხელი, რომელზეც უსინათლო ადამიანს აქვს ხელი ჩაჭიდებული. გადაიტანეთ იდაყვში მოხრილი ხელი ზურგს უკან. ადამიანი ამ ხელის გასწვრივ გასწორდება და ცალ-ცალკე გაივლით
წარუდგინეთ თქვენი თავი
უთხარით თქვენი ვინაობა, საჭიროების შემთხვევაში აუხსენით ადამიანს, საიდან გიცნობთ/იცნობთ. როცა საუბარი რამდენიმე ადამიანს შორის მიმდინარეობს, მიმართეთ უსინათლო ადამიანს სახელით, რომ მიხვდეს, რომ მას ეუბნებით რაღაცას. ასევე, წარუდგინეთ იქ მყოფი ყველა ადამიანი.
საგანთა მდებარეობის ახსნა
ეცადეთ გამოიყენოთ კონკრეტული ფრაზები: „მარჯვნივ“, „მარცხნივ“, „ზემოთ“, „ქვემოთ“ და არა „აქ/იქ“. საგანთა მდებარეობის ახსნისას შეგიძლიათ გამოიყენოთ საათის ისრის მდგომარეობა. მაგალითად: „შენგან 3 სთ-ზეა“. დასაჯდომის მითითებისას უსინათლო ადამიანს ხელი სკამის ზურგზე დაადებინეთ. არავითარ შემთხვევაში არ უბიძგოთ სკამისკენ.
თუ ახალ ადგილას იმყოფებით ან არის მოვლენა, რომელიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, აუხსენით იგი უსინათლოს, რათა მან უკეთ გაიგოს თავისი გარემო.
პატივი ეცით უსინათლო ადამიანის პიროვნულ ღირსებას. გახსოვდეთ, რომ უსინათლო ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ დამოუკიდებლები და თავდაჯერებულები.
მოცემულ სტატიაში მოყვანილი რეკომენდაციები არ არის ამომწურავი. აუცილებელია ინდივიდთან კომუნიკაცია მისი საჭიროებებისა და შესაძლებლობების მიხედვით, რათა დახმარებისას არ შევლახოთ ადამიანის უფლებები და მისი ადამიანური ღირსება. არ ჩააყენოთ ადამიანი ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არ გინდათ რომ თავად აღმოჩნდეთ.
R