ავტორი:

როგორ ხსნიან საკუთარ გადაწყვეტილებას მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირეს

როგორ ხსნიან საკუთარ გადაწყვეტილებას მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირეს

დასკვნის ერთიანი ლოგიკა და საკითხის გადაწყვეტა ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად, რასაც, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ - შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ განსხვავებულ აზრში აღნიშნავენ.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიმე კონსტიტუციური ინსტიტუტის შინაარსისაგან დაცლა აკნინებს კონსტიტუციის მნიშვნელობას.

ამასთან, აღნიშნული სამი მოსამართლის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელი უმაღლესი თანამდებობის პირი, ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაშია, საერთო ეროვნული პოზიცია გააჟღეროს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

"ჩვენმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური მანდატი, ასევე პრეზიდენტის მიერ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე მთავრობის თანხმობის განმსაზღვრელი კონსტიტუციური დანაწესის არსი და მიზანი. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციით იმპიჩმენტის საფუძვლად მიჩნეული კონსტიტუციის დარღვევის ფაქტობრივად ფორმალურ, ნებისმიერი ხარისხის დარღვევამდე დაყვანით დაკნინდა ამ პროცესში სასამართლო კონტროლის მნიშვნელობა. ჩვენი კოლეგების მიერ არსებითად არასწორად მოხდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სახელისუფლებო მოწყობის სისტემაში პრეზიდენტის კონსტიტუციური როლისა და დანიშნულების ანალიზი. ბუნებრივია, ვიზიარებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას, არ ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ წარმართავს საშინაო და საგარეო პოლიტიკას და ა.შ., თუმცა აღნიშნული თავისთავად არ ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია სრულად გამორიცხავს საგარეო ურთიერთობების სფეროში საქართველოს პრეზიდენტის მოქმედების შესაძლებლობას და, სახელმწიფოს მეთაურის სტატუსიდან გამომდინარე, არ ანიჭებს მას გარკვეულ როლსა და ფუნქციას. ჩვენი კოლეგების პოზიციიდან არ იკვეთება, თუ რას გულისხმობს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის როლი. დასკვნის ერთიანი ლოგიკა და საკითხის გადაწყვეტა კი ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია, შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად, რასაც, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ. საკუთარი მიზნისა და დანიშნულების გათვალისწინებით, შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელიმე კონსტიტუციური ინსტიტუტის ამგვარად წარმოჩენა, მისი შინაარსისაგან დაცლა არა მხოლოდ აკნინებს კონსტიტუციის მნიშვნელობას, არამედ ასევე უგულებელყოფს მის, როგორც დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედის, დანიშნულებას. როგორც ერის უპარტიო ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტი უნდა ასახავდეს და გამოხატავდეს ხალხის საერთო მორალურ ღირებულებებსა და მისწრაფებებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისუფალია ყოველდღიური პოლიტიკური თუ ვიწროდ პარტიული დღის წესრიგისგან, მას შეუძლია, რომ შეასრულოს "ერის სინდისის“ ფუნქცია, რაც, მათ შორის, გულისხმობს პოლიტიკური პროცესისგან დავიწყებულთათვის საუბარს, და, შედეგად, საზოგადოების ინკლუზიურობის ხელშეწყობას. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელი უმაღლესი თანამდებობის პირი, ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაშია, საერთო ეროვნული პოზიცია გააჟღეროს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

არსებითად არასწორია საქართველოს პრეზიდენტის როლის დაყვანა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში ჩამოთვლილი უფლებამოსილებების მექანიკურ აღმსრულებლამდე. კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მითითებული და არც საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე უფლებამოსილების განხორციელებას უკავშირდება, თუმცა, ბუნებრივია, პრეზიდენტს აქვს უფლება, შეხვდეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, დაესწროს საზეიმო ღონისძიებებს, ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების შესახებ საზოგადოებრივ დისკუსიას, საერთო ეროვნულ ღირებულებებთან მიმართებით საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას და ა.შ..

უდავოა, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია საზოგადოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენების, მაგალითად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოაწყოს საზეიმო ღონისძიებები. ბუნებრივია, იგი არ არის შეზღუდული აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციათა და უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტი ასევე უფლებამოსილია, პოპულარიზაცია გაუწიოს საერთო ეროვნული მნიშვნელობის მქონე იდეებს და უზრუნველყოს მათი წინა პლანზე წამოწევა, მათ შორის, საქართველოს პარტნიორებამდე სხვადასხვა ფორმით მიტანა. მსგავსი საქმიანობა წარმოადგენს მისი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ცერემონიული როლის, ფუნქციის განუყოფელ ნაწილს და მისი განხორციელების აუცილებელ კომპონენტს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არ არის გაწერილი სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიული საქმიანობის ჩამონათვალი, ეჭვგარეშეა, რომ ზემოხსენებული აქტივობების განხორციელების უფლებამოსილება უშუალოდ მომდინარეობს პრეზიდენტის კონსტიტუციური მანდატიდან.

საქართველოს პრეზიდენტს შესაძლოა, გადასაწყვეტი ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი, რისთვისაც დასჭირდეს უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირებისგან ინფორმაციის მიღება ან/და მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აზრის მოსმენა. შესაძლებელია ისიც, რომ მისი ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების, კანონზე ვეტოს დადების პროცესში, მისთვის მნიშვნელოვანი იყოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მოსაზრების მოსმენა და გაანალიზება. აღნიშნულ შემთხვევებში, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს დასჭირდეს საერთაშორისო აქტორებთან სხვადასხვა ფორმით კომუნიკაცია. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ მისი ასეთი ქმედების განხორციელება არ მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მთავრობის თანხმობას.

მიგვაჩნია, რომ ჩვენმა კოლეგებმა არსებითად არასწორად განმარტეს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა“ ქვეპუნქტში არსებული მთავრობის თანხმობის ინსტიტუტის არსი და დანიშნულება. პოტენციურად, საქართველოს პრეზიდენტის ან სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მოქმედების, ან/და კონსტიტუციის თუ კანონის სხვა დებულების დარღვევის საფრთხე მუდმივად არსებობს. თუმცა საქართველოს კონსტიტუცია პოტენციური დარღვევის პრევენციისათვის ადგენს დარღვევაზე რეაგირების მექანიზმებს და არა ქცევის თავისუფლების წინასწარ შეზღუდვებს“, - აღნიშნულია იმერლიშვილის, კვერენჩხილაძისა და ტუღუშის განსხვავებულ მოსაზრებაში.

მათივე თქმით, საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას არ ითვალისწინებს ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან მისდამი ნდობის დაკარგვის გამო.

ამასთან, განსხვავებული აზრის ავტორების აზრით, კონსტიტუციური წარდგინების ავტორები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი არც კი მიუთითებენ, რომ ხსენებულმა სამმა ვიზიტმა ან მის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულმა რომელიმე ქმედებამ საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესი დააზიანა ან/და განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგო იყო.

“საგარეო ურთიერთობების განხორციელებისას ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტი, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, ვალდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას საგარეო პოლიტიკის წარმართვაში და თავისი მოქმედებებით არ დააზიანოს ის საგარეო პოლიტიკური მიზნები, რომელთა მიღწევასაც ამა თუ იმ სტრატეგიის გათვალისწინებით ისახავს მთავრობა. ვიზიარებთ კოლეგების პოზიციას, რომ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტი უნდა ცდილობდეს, იმოქმედოს პოლიტიკური წინდახედულებით, რათა მისი პოლიტიკური განცხადებები მთავრობასთან იყოს კოორდინაციაში და არ იყოს აღქმული მთავრობის პოზიციისაგან განსხვავებულად. ჩვენი კოლეგები არსებითად სწორად განმარტავენ საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განაწილების ბალანსს, როდესაც მიუთითებენ საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ცერემონიულ როლზე, ხოლო საქართველოს მთავრობას საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის განმსაზღვრელი და განმახორციელებელი ფუნქციით აღჭურვილ ორგანოდ მოიაზრებენ. ასევე, ვიზიარებთ მსჯელობას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის გარეთ განხორციელებული ქმედებებით შესაძლოა, დააზიანოს საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა. თუმცა არც წარდგინების ავტორები და არც ჩვენი კოლეგები არ მიუთითებენ, რომ სადავო ვიზიტებით ან/და მის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებებით საქართველოს პრეზიდენტმა რაიმე ფორმით დააზიანა, ხელი შეუშალა საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. სადავო ვიზიტებთან დაკავშირებით სასამართლოსათვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. ამავე დროს, საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გაახმოვანა გზავნილები, რომლებიც საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგოა ან/და ისაუბრა საკითხებზე, რომლებიც რამენაირად გასცდა მის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ცერემონიულ როლს, ან/და განახორციელა ისეთი ქმედება, რომელმაც საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დააზიანა. არც საქართველოს მთავრობა და არც კონსტიტუციური წარდგინების ავტორები არ მიუთითებენ, რომ მათ არ სურდათ რომელიმე გზავნილის შეხვედრის ადრესატამდე მიტანა ან/და ზოგადად, რომელიმე შეხვედრა იყო თუ არა საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით მთავრობის შერჩეული სტრატეგიის საწინააღმდეგო.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ხელშეშლის შესახებ. უფრო მეტიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი არც კი მიუთითებენ, რომ ხსენებულმა სამმა ვიზიტმა ან მის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულმა რომელიმე ქმედებამ საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესი დააზიანა ან/და განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგო იყო.

ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედებით საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დაზიანდა. შესაბამისად, ჩვენი კოლეგების მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებაზე თანხმობის მიცემა, ფაქტობრივად, იმ მოტივით ხდება, რომ მან შეიძლება მომავალში საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელებას შეუშალოს ხელი. შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს უქმნის პოლიტიკურ ხედვებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის დარღვევის მოტივით, შესაძლოა, გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან "არ ენდობიან“ მას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას არ ითვალისწინებს ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან მისდამი ნდობის დაკარგვის გამო. იმპიჩმენტის ინიციატორებმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რეაგირება უნდა მოახდინონ უკვე მომხდარ ფაქტებზე და საქართველოს პრეზიდენტის ქმედება საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ შეაფასონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გასცდება უფლებამოსილების ფარგლებს, უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას ხელყოფს მთავრობის ან სხვა კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციას, ან/და საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სხვა ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად არ გამოკვეთილა რომელიმე ზემოხსენებული შემთხვევის არსებობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, რომ სადავო ვიზიტების განხორციელებით საქართველოს პრეზიდენტი გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს ან/და საკუთარი მოქმედებით ხელი შეუშალა საქართველოს მთავრობას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედების დადგენის საფუძველს”, - ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა სამმა მოსამართლემ არ გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს დანარჩენი 6 მოსამართლის დასკვნა, რომ პრეზიდენტის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტებით კონსტიტუცია დაირღვა.