ავტორი:

"გვეტყობა, რომ ან ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა ოპოზიციაში იყო" - პრემიერი სალომე ზურაბიშვილზე

"გვეტყობა, რომ ან ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა ოპოზიციაში იყო" - პრემიერი სალომე ზურაბიშვილზე

გვეტყობა ჩვენ, რომ ან ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ერთპროცენტიანი რეიტინგი, როცა ოპოზიციაში იყო. "ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად, საკუთარი რეიტინგის დამსახურებით, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც თუ როგორ გააგრძელებს ის პოლიტიკურ მოღვაწეობას, როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი თუ როგორც პრეზიდენტი, ახლო მომავალში გადაწყდება.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ქმედებების არაკონსტიტუციურობის დადგენის ფაქტი ერთის მხრივ გულდასაწყვეტია, თუმცა მეორე მხრივ აჩვენებს ქვეყნის დემოკრატიულობასა და ევროპელობას.

"გვეტყობა ჩვენ, რომ ან ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! შევახსენებ ყველას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ერთპროცენტიანი რეიტინგი როცა ოპოზიციაში იყო. "ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად, "ქართული ოცნების“ რეიტინგის დამსახურებით. მე შევაფასე ეს ფაქტი და მოვლენა, რაც, რა თქმა უნდა ერთი მხრივ შეიძლება იყოს გულდასაწყვეტი ფაქტი, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ვაჩვენეთ დემოკრატიულობა, ევროპელობა. ჩვენ ვაჩვენეთ ის, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა. გასაგებია, ის სამი მოსამართლე ალბათ მიკერძოებულია თავიანთ შეფასებებში, მაგრამ მე არ განვსჯი. გეტყვით, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა. ხედავთ რა ხდება დღეს მსოფლიოში. ურთულესი მდგომარეობაა. უკრაინა, ახლა ისრაელი. ისრაელში მიმდინარე მოვლენები არიას ძალიან შემაწუხებელი და ძალიან რთული გამოწვევა არამხოლოდ იმ რეგიონის, არამედ მას მთელს მსოფლიოზე ექნება დიდი გავლენა. ასე რომ, ჩვენ მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობაზე. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არსებობას შტოებს შორის, ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება დემოკრატიულ ქვეყნად.

"ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა. თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის. ეს მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო, ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს, ამას ახლო მომავალი გვეტყვის“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.