ავტორი:

ბოლო დროის 10 ბესტსელერი წიგნი "პალიტრა L-ისგან"

ბოლო დროის 10 ბესტსელერი წიგნი "პალიტრა L-ისგან"

კითხვა ადამიანებს სხვადასხვა სამყაროში ამოგზაურებს, საინტერესო თავგადასავლებს სთავაზობს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზიარებს, ახალ ოცნებებსა და მისწრაფებებს უჩენს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეარჩიოთ საკითხავი ლიტერატურა და ამ დროს რამდენიმე კრიტერიუმი გაითვალისწინოთ. ერთ-ერთი კრიტერიუმი კი წიგნზე მკითხველის მოთხოვნა და დაინტერესებაა. საუკეთესო ლიტერატურული ნაშრომები ყოველთვის მკითხველის დიდ სიყვარულს იმსახურებენ და ბესტსელერები ხდებიან.

ამჯერად სწორედ ბოლო დროის 10 ბესტსელერ წიგნს გაგაცნობთ:

ელიფ შაფაქი - „სიყვარულის 40 წესი“

თურქი მწერალი ელიფ შაფაქი დაიბადა 1971 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახში. დაამთავრა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი. ცხოვრობს ამერიკასა და თურქეთში. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად. თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან. რომანი "სიყვარულის ორმოცი წესი” ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და ... აღმოსავლეთი!

კაზუო იშიგურო - „როცა ობლები ვიყავით“

მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე შანხაიში დაბადებული ინგლისელი ბიჭუნა, ქრისტოფერ ბენქსი, 9 წლის ასაკში ობლდება. მისი მშობლები საეჭვო ვითარებაში უჩინარდებიან. ბიჭს საცხოვრებლად ინგლისში უშვებენ, სადაც იგი ცნობილი დეტექტივი ხდება. ოციოდე წლის შემდეგ ის უბრუნდება ჩინეთ-იაპონიის ომის ქარცეცხლში გახვეულ შანხაის, რათა მშობლების გაუჩინარების საიდუმლო ამოხსნას.

ჯორჯ ორუელი - 1984

XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რომანი, ჯორჯ ორუელის წიგნი - გაფრთხილება და, ამავდროულად, სასოწარკვეთაა ადამიანის მომავლის გამო. ის გვაფრთხილებს, რომ თუ ჩვენი ისტორია გეზს არ შეიცვლის, მაშინ ადამიანები დაკარგავენ ყველაზე ადამიანურ თვისებებს და, მათთვისვე შეუმჩნევლად, უსულო საგნებად იქცევიან.

ჯერომ სელინჯერი - „თამაში ჭვავის ყანაში”

ჰოლდენი ამბობს : „წიგნი ისეთი უნდა იყოს რო წაიკითხავ უნდა მოგინდეს რო მისი დამწერი შენი გადაბმული ძმაკაცი იყოს, აი ისეთი რო დაურეკავ და ნებისმიერ რამეზე ებაზრები, თუნდაც შუაღამისას …” ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კი ნამდვილად გვიჩნდება სურვილი ჯერომ სელინჯერის ახლოს გაცნობისა.

კოლინ ჰუვერი - „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“

"როგორ იქცევა ქალი, როცა მასზე საყვარელი ადამიანი ძალადობს? პასუხი რამდენიმე შეიძლება იყოს: პოლიციას ატყობინებს; ითმენს იმ იმედით, რომ ეს აღარ განმეორდება; საკუთარ თავს ადანაშაულებს; ქმარს ეყრება; საკუთარი ხელით უსწორდება მოძალადეს. სხვადასხვა მსხვერპლს სხვადასხვა პასუხი აქვს. ეს წიგნი ერთ-ერთ ოჯახზეა, სწორედ ერთ-ერთზე იმ უამრავთაგან, რომელიც ჩვენ გარშემოა და სიყვარულის, მძაფრი ვნებებისა და შიშის უზარმაზარ ტალღებში გადარჩენას ცდილობს. თქვენ კი არასდროს თქვათ: `მე ასე არ მოვიქცეოდი! "

მარიამ გურგენიშვილი - „მარგალიტები“

15 წლის მარგო სვანეთისუბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ძალიან ბევრს კითხულობს და ამჩნევს ყველაფერს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით და ამ სასწაულების შუაგულში სამნი არიან: მარგო, მისი უმშვენიერესი და, ანა, და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა. დიდი ქალაქის ამ პატარა უბანში დღეები ერთმანეთს ჰგავს _ უდენობის გამო ტელევიზორს იშვიათად რთავენ, სამეზობლოში ყველას პირად თუ საჯარო ამბებს ხან უბნის ბირჟაზე, ხან ეკლესიაში და ხანაც სამზარეულოებში, ლამპის შუქზე, ფინჯანი ყავის თანხლებით განიხილავენ, ჭორაობენ, ჩხუბობენ, კამათობენ, სიყვარულს უხსნიან... მარგო, რომელსაც უნდა, რომ მწერალი და შინაბერა გამოვიდეს“, დეტალურად გვიყვება ამ ამბებს _ ” ხან გვაბრაზებს, ხან გვაცინებს... და ამასობაში ხდება რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის... დებიუტანტი მწერლის, მარიამ გურგენიშვილის, რომანი 1990იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ.

მადელინ მილერი - „სიმღერა აქილევსზე“

პატროკლოსი, არაფრით გამორჩეული განდევნილი უფლისწული, ბერძენთა შორის საუკეთესო გმირის, უბადლო აქილევსის თავმდაბალი მეგობარი, გვიამბობს თავისი მეგობრობისა და სიყვარულის ამბავს. აქილევსისა და პატროკლოსის ურთიერთობა ავწინასწარმეტყველებაზე, სასტიკი მოქიშპე ღმერთების ნება-სურვილსა და პატივმოყვარე მეფეთა ახირებებზე იყო დამოკიდებული. ისინი ებრძოდნენ მათ ინტრიგებს, აქილევსის ქალღმერთი დედის პატროკლოსისადმი სიძულვილს და ცდილობდნენ ღმერთებსაც არ დამორჩილებოდნენ. მადელინ მილერმა სადებიუტო რომანში ”სიმღერა აქილევსზე“ სრულიად ახლებურად წარმოგვიდგინა ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟები, ჰომეროსის უკვდავი ”ილიადის“ გმირები, სწორედ ამიტომ დაიმსახურა მკითხველთა დიდი მოწონება და ინტერესი. ეს არის ეპიკური რომანი, მაგრამ, ამასთანავე, მეტად ცოცხალი და ადამიანური.

ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი - „იკიგაი“

იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. ყველას უნდა ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრება, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? ამ კითხვაზე პასუხი ამ წიგნში გელოდებათ. ვინც იპოვის საკუთარ იკიგაის, მიიღებს ყველაფერს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. იკიგაის ტრანსფორმაციული ძალა აქვს, ის გაპოვნინებთ ცხოვრების აზრს, ის თქვენი უშრეტი მოტივაციისა და ენერგიის წყარო გახდება. ამ წიგნში გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც თქვენი იკიგაის პოვნაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

წიგნი მე-19 საუკუნის ქართველი მოღვაწისა და „დედა ენის“ ავტორის იაკობ გოგებაშვილი ძალიან საინტერესო ისტორიულ მოთხრობას აერთიანებს. ამ მოთხრობებში გაიცნობ სახელგანთქმულ ქართველ მეფეებსა და გმირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია შეცვალეს: ააგეს კულტურული ძეგლები, დააფუძნეს ქალაქები, შექმნეს ქართული ენა და დამწერლობა, განავითარეს ლიტერატურა, განავრცეს განათლება და ააშენეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, მოიგეს გადამწყვეტი მნიშვნელობის ბრძოლები და გააერთიანეს ქვეყანა.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი - „პატარა პრინცი”

ათასობით ვარსკვლავს შორის ობლად ჩაკარგული ყვავილი თუ შეიყვარე, ვარსკვლავის ხილვა ბედნიერებად გექცევა, შენთვის ფიქრობ: "ჩემი ყვავილი სადღაც იქ არის"...მაგრამ, თუკი ბატკანმა ყვავილი შეჭამა, შენთვის ყველა ვარსკვლავი ერთბაშად ჩაქრება. ყველა ვარსკვლავი უნდა შეიყვარო და დაიმეგობრო. ყველა ვარსკვლავი დუმს. ასეა თუ ისე, შენი ვარსკვლავი ყველასგან გამორჩეული იქნება. ღამით, ზეცას რომ შეხედავ, მოგეჩვენება, რომ ყველა ვარსკვლავი გიღიმის, რადგან გეცოდინება, რომ ერთ ვარსკვლავზე მე ვცხოვრობ და ვიცინი. შენც ვარსკვლავებს სიცილი ეცოდინებათ. როდესაც გულს მოგეშვება, გამიხსენებ და გაიხარებ. ყოველთვის ასე ხდება.

R