ავტორი:

რა მოხდა ღაზის საავადმყოფოში და ვინ არის პასუხისმგებელი ასობით ადამიანის სიკვდილზე? - "ჰესბოლამ" მრისხანების დღე გამოაცხადა (ფოტოები)

რა მოხდა ღაზის საავადმყოფოში და ვინ არის პასუხისმგებელი ასობით ადამიანის სიკვდილზე? - "ჰესბოლამ" მრისხანების დღე გამოაცხადა (ფოტოები)

ღაზაში, ქალაქ ალ აპლის არაბულ საავადმყოფოში, აფეთქების შედეგად, ასობით ადამიანია დაღუპული. "ჰამასი“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს. თავის მხრივ, ისრაელი მომხდარში "ჰამასს" ადანაშაულებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელი ჰოსპიტლის დაბომბვის საქმეს იძიებს. მისივე განცხადებით, ბევრი ცრუ ინფორმაციაა, რომელსაც "ჰამასი" ავრცელებს.

  • ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით კი, ღაზის საავადმყოფოში აფეთქება “ისლამური ჯიჰადის” რაკეტამ გამოიწვია. მათი თქმით, “პალესტინის ისლამური ჯიჰადის” წარუმატებლად გაშვებულ რაკეტას ღაზის საავადმყოფოში სასიკვდილო აფეთქება მოჰყვა.

"ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერატიული სისტემების ანალიზიდან, მტერმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რომლებმაც საავადმყოფოს მახლობლად ჩაიარეს, როდესაც ის აფეთქდა. სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რამდენიმე წყაროდან, რომელიც გვაქვს, “პალესტინის ისლამური ჯიჰადის” ორგანიზაცია პასუხისმგებელია წარუმატებელი [სარაკეტო] დარტყმისთვის, რომელიც საავადმყოფოს მოხვდა”,- ნათქვამია განცხადებაში.

  • მომხდარის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო დასავლეთ სანაპიროზე, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. საპროტესტო აქციები იყო ლიბანში, ირანსა და თურქეთში.

მედიის ინფორმაციით, ასობით პალესტინელი შეიკრიბა დასავლეთ სანაპიროს ქალაქებში, მათ შორის რამალაში, სადაც მომიტინგეებსა და პალესტინელ უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა.

შეტაკება იყო ლიბანშიც ასობით დემონსტრანტსა და ლიბანის უსაფრთხოების ძალებს შორის. აქციები გაიმართა აშშ-ის საელჩოსთან, რომელიც დედაქალაქ ბეირუთთან ახლოს მდებარეობს. ასობით ადამიანი შეიკრიბა ბეირუთში საფრანგეთის საელჩოსთან, სადაც "ჰეზბოლას“ დროშები აღმართეს და საელჩოს შენობას ქვები დაუშინეს.

ლიბანში, მოძრაობა "ჰეზბოლამ“, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, ოთხშაბათი "მრისხანების დღედ“ გამოაცხადა.

ასობით მომიტინგე შეიკრიბა ბრიტანეთისა და საფრანგეთის საელჩოებთან თეირანშიც.

  • მომხდარი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და რამდენიმე მათგანმა ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"აღშფოთებული და ღრმად დამწუხრებული ვარ ღაზაში, ალ აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარი აფეთქებისა და მსხვერპლის გამო", - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ღაზაში, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას.

მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით იორდანიის მეფე აბდულა II-სა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ინფორმაციის შეგროვება დაავალა იმის შესახებ, თუ ზუსტად რა მოხდა.

"ვერაფერი გაამართლებს საავადმყოფოზე თავდასხმას. ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას", - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ღაზაში, საავადმყოფოზე მომხდარ თავდასხმას. მისი თქმით, მომხდარის გარემოებები უნდა გაირკვეს.

"საფრანგეთი გმობს ღაზაში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოზე თავდასხმას, რომლის მსხვერპლიც უამრავი პალესტინელი გახდა. გარემოებებს სინათლე უნდა მოეფინოს“, - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ღაზაში, საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა საერთაშორისო კანონმდებლობას არ შეესაბამება.

”მივიღეთ ეს ინფორმაცია, როდესაც ლიდერები ვირტუალურ შეხვედრაზე ვიყავით შეკრებილი. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას“, - აღნიშნა მიშელმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელს ეწვევა.