ავტორი:

"მას მამობა არ სურდა" - ბრიტნი სპირსის თქმით, ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო, მაგრამ ჯასტინის წინააღმდეგობის გამო, აბორტი გაიკეთა

"მას მამობა არ სურდა" - ბრიტნი სპირსის თქმით, ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო,  მაგრამ ჯასტინის წინააღმდეგობის გამო, აბორტი გაიკეთა

ბრიტნი სპირსი 20 წლის განმავლობაში შენახულ საიდუმლოს და წარსულიდან მისთვის მტკივნეულ ისტორიას იხსენებს. მემუარში "The Woman in Me", რომელსაც პოპ ვარსკვლავი მალე გამოსცემს, წერს, რომ როცა ჯანსტინ ტიმბერლეიკს ხვდებოდა, მისგან დაორსულდა, მაგრამ იძულებული გახდა, აბორტი გაეკეთებინა.

"დაორსულება მოულოდნელი იყო, მაგრამ ორსულობას ისე არ ვუყურებდი, როგორც ტრაგედიას. ჯასტინი ძალიან მიყვარდა და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ერთ დღეს ოჯახს შევქმნიდით.

ამ დროს ვიფიქრე, რომ ეს ბევრად უფრო ადრე მოხდებოდა, ვიდრე მეგონა, მაგრამ ჯასტინი ორსულობით ნამდვილად არ იყო გახარებული. მან თქვა, რომ ჯერ მზად არ ვიყავით ბავშვის აღსაზრდელად, რადგან ამისთვის ორივენი ზედმეტად ახალგაზრდები ვიყავით", - იხსენებს ბრიტნი.

ბრიტნი წერს, რომ მხოლოდ მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, აბორტს არ გაიკეთებდა:

"მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ამას (აბორტს) არასდროს გავაკეთებდი, მაგრამ ჯასტინი ძალიან მტკიცე იყო თავის გადაწყვეტილებაში. მას მამობა არ სურდა", - იხსენებს მომღერალი.

ბრიტნის თქმით, ნაყოფის მოშორება მის ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული გამოცდილება იყო.

ბრიტნი და ტიმბერლეიკი ერთმანეთს 1999-2002 წლებში ხვდებოდნენ. მათი დაშორება ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და სკანდალური ამბავი იყო. მოგვიანებით, ბრიტნი კევინ ფედერლაინს გაჰყვა ცოლად და ორი შვილის დედა გახდა, შონის (18 წ.) და ჯეიდენის (17წ.). შვილები ჯასტინ ტიმბერლეიკსაც ჰყავს. ჯასტინს და ჯესიკა ბილს ორი საერთო შვილი ჰყავთ.

რაც შეეხება ბრიტნი სპირსის მემუარებს, წიგნის შეძენა 24 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა