ავტორი:

პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან ვერ გადააყენა - ყველაფერი სხდომაზე, რომელზეც იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა

პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან ვერ გადააყენა - ყველაფერი სხდომაზე, რომელზეც იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა

18 ოქტომბერს, პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე სხდომა გაიმართა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. მას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეზოში შეხვდა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის დარბაზში შესვლისას მას მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები წამოუდგნენ ფეხზე, უმრავლესობა კი - არა.

საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე დადგენილება პარლამენტმა გუშინ მიიღო.

"საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე დასკვნის (№3/1/1797, 16.10.2023) საფუძველზე განიხილოს და აღნიშნულ საკითხს კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17−20 ოქტომბრის მორიგი პლენარული სხდომების კვირაში. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე,“ - აღნიშნულია დადგენილებაში.

განახლება:

პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან ვერ გადააყენა - სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე რჩება.

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თუ იმპიჩმენტს პარლამენტის წევრთა შესაბამისი რაოდენობა - 100 დეპუტატი არ დაუჭერს მხარს, საკითხი მოხსნილად ითვლება და თანამდებობის პირისთვის იმავე ბრალდების წარდგენა დაუშვებელია.

განახლება:

ირაკლი კობახიძის განცხადება: "უკრაინაში ომი დაწყებისას, პაპუაშვილთან ერთად ზურაბიშვილთან ვიყავი და გვითხრა, ზელენსკი გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო - ეს პირდაპირი მოწოდება საითკენ იყო, თქვენ იმსჯელეთ - პრემიერი ყოფილიყო, იქნებოდა ბავშვი ასანთით ხელში..."

განახლება:

მამუკა მდინარაძე: "კითხვა დაისვა, რას გვაძლევს იმპიჩმენტის პროცედურა? - სრული ლუსტრაციაა, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს მიერ ერთ დროს მხარდაჭერილი პრეზიდენტი "ნაცმოძრაობის“ ნარატივშია

განახლება:

პარტია "მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რეალურ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ "სალომე ზურაბიშვილს ლანძღავს და შარს დებს“ იმის გამო, რომ საზღვარგარეთ წასვლა მთავრობას არ შეუთანხმა, რითაც კონსტიტუცია დაირღვა. ამის შესახებ ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობს. იხილეთ სრულად

განახლება:

ხატია დეკანოიძის განცხადება:

"თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც არავითარი პრინციპი კი არა, თავმოყვარეობაც არ გაგაჩნიათ - ბიძინა ივანიშვილი თუ იტყვის ვარდისფერზე, რომ შავია, იტყვით, რომ შავია. ბიძინა ივანიშვილი თუ ხვალ იტყვის, რომ სალომე ზურაბიშვილი კარგია, თქვენც იტყვით, რომ კარგია. ბორელმა თქვა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის ძალიან ცუდი გზავნილი საქართველოდან, რომელიც შეიძლება ჩამოვიდეს ევროპაში. ხომ ესე იყო ბატონო შალვა? იყო. ამიტომ მე თქვენ გეკითხებით, როდესაც ევროკავშირი ამბობს, რომ იმპიჩმენტი შეიძლება იყოს დაბრკოლება საქართველოსთვის და რაზეა იმპიჩმენტი? იმიტომ რომ მაკრონს შეხვდა და ელაპარაკა კანდიდატის სტატუსზე? თქვენ რატომ არ შეხვდით მაკრონს და რატომ არ ელაპარაკებით? ღარიბაშვილი რატომ არ ხვდება მაკრონს?“, - განაცხადა დეკანოიძემ. (წაიკითხეთ ვრცლად)

განახლება:

რომან გოცირიძის განცხადება:

"ქართულმა ოცნებამ განიცადა სრული პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი ფიასკო. სამართლებრივი იმიტომ, რომ ამ პარლამენტში ვერ შედგება პრეზიდენტის იმპიჩმენტი. თქვენ კენჭისყრის დროს ვერ მიიღებთ 100 ხმას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მთავარი მიზანი იყო პრეზიდენტის გადაყენება და შემდგომ იმ დესტრუქციული პროცესების განვითარება, რაც ამას მოჰყვებოდა. ერთადერთი, სადაც თქვენ გაიმარჯვეთ, ეს არის მორჩილი საკონსტიტუციო სასამართლო, შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული პირებით და "ქართული ოცნების" პოლიტიკოსებით. მთავარი გადაწყვეტილება ამ დარბაზში მიიღება. იყო დიდი ხმაური, რომ დეპუტატები იყვნენ მოსყიდული. მართლა, 6 მილიარდი აქვს იმ კაცს და 10 დეპუტატი როგორ ვერ მოისყიდეთ ან როგორ ვერ დააშანტაჟეთ?.. იხილეთ სრულად

განახლება:

ტექნიკური შესვენების შემდეგ, პარლამენტის სხდომა, რომელზეც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება, განახლდა - სიტყვით თავდაპირველად გამოდიან ის ოპოზიციონერი დეპუტატები, ვინც ესწრებიან განხილვას.

განახლება:

ანრი ოხანაშვილის კითხვა პრეზიდენტს: "საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, თუ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა პრეზიდენტმა, რატომ არ გამოიყენა თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან".

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადება:

"ქალბატონო სალომე, მინდა მოგილოცოთ, რომ "ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია, - ასე მიმართა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

"თქვენს რიტორიკულ, თუ არარიტორიკულ კითხვაზე, "რას ეტყვით თქვენს შვილებსო“, პასუხს გაგცემთ. იცით რას ვეტყვი?! - მე პირადად ვეტყვი, რომ როგორც მწამდა და მჯეროდა თავად, იმას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში და სხვის დავალებებს არ ვიღებდი, არ მიმიღია და არც მივიღებ არასდროს. ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს და მათ თავს დავიფიცებ, რომ ასე იქნება სულ და ამას გააკეთებს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, არავის დავალებებს არ მიიღებს, ეს მინდა თქვენ, პირადად კარგად იცოდეთ... " - მამუკა მდინარაძე.

განახლება:

  • სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

განახლება:

  • "ნაციონალური მოძრაობა“ და "სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ფრაქციის ოთახიდან ადევნებენ თვალს

განახლება:

  • საკუთარი იმპიჩმენტის პროცესზე შეკრებილ დეპუტატებს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა

"მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მოვუწოდებ, რომ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის მიუხედავად, საქართველო არ უნდა მიატოვოთ, რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება ამ რეგიონში თავისი გავლენა გააძლიეროს".

"როგორ გგონიათ, მე, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო? - ამის იმედი ნუ გექნებათ".

"როგორ აუხსნით ხალხს, რომ პროევროპელი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმა მიეცით და ამავდროულად, არ დაუჭირეთ მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელმაც ოკუპანტის რეჟიმი დიქტატორად სცნო. ხელი აგინკანკალდათ, როცა უნდა დაგეგმოთ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გამოცხადებული ახალი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გეგმა.

80 კაცის ბრძოლა ერთი ქალის წინააღმდეგ კი, უფრო ადვილი გეჩვენებათ, მაგრამ არ დაიჯეროთ. დღევანდელი დღით არაფერი დამაკლდება, არც ხალხის ნდობა, არც სიყვარული და არც ენერგია გამომეცლება, რათა ის ბრძოლა ბოლომდე მივიყვანო მათთან ერთად, ვისაც სჯერა, სწამს, რომ საქართველოს მომავალი თქვენს ხელში კი არა, მათ ხელშია! და რომ ეს მომავალი განუყოფელია მისი დემოკრატიის, თავისუფელბის, დამოუკიდებლობის და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისგან!,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

"თურმე გეწყინათ, როცა "პატარა კაცებად“ მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები და მომავალი თაობა - დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება!"

"საკონსტიტუციომ თუ კი საკუთარ სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია! მე აქ არც არაფრის დამტკიცებას ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია. კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია. ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერცერთი ვერ წარმოადგინეთ! ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზედაც აპელირებდით, რომ ხან საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას, ხან თურმე შედეგი ვერ დავდე, ხან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, როცა არ ვაწარმოებდი, ხან რა და ხან რა." - განაცხადა პრეზიდენტმა (წაიკითხეთ ვრცლად).

განახლება:

  • "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სიტყვა

"ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ელემენტარული ღირსება რომ ჰქონდეს შერჩენილი, ის თავად გადადგებოდა პრეზიდენტის თანამდებობიდან, რომც არ დასრულდეს წარმატებით ეს პროცედურა, ყველას გვესმის, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს და შესაბამისად, არ მიიღებს გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილის გადაყენების თაობაზე. სწორედ მათი იმედით არღვევდა ის საქართველოს კონსტიტუციას" - განაცხადა კობახიძემ. (წაიკითხეთ სრულად)

განახლება:

  • ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს დაესწრება, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

"კენჭისყრამდე ავდგები და გამოვალ სხდომიდან, მანამდე, რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული, ყველაფერში მივიღებ მონაწილეობას. მე მაინც ამ დრომდე მგონია, რომ "ქართული ოცნება" თავს იკატუნებდა და სინამდვილეში 100 ხმის შეგროვებისთვის ემზადებოდა, თუ ეს ასე არ მოხდა, პრეზიდენტი პრეზიდენტად დარჩა და საღამოსკენ არ გადაირჩიეს, ძალიან გამიკვირდება და ვერ ვხვდები, მაშინ ეს ყველაფერი "ქართულმა ოცნებამ" რატომ წამოიწყო?" - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

განახლება:

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ საიმპიჩმენტო პროცესს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დაესწრებიან.

მისივე განმარტებით, პარტიამ აღნიშნულ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.

"გაცნობებთ, რომ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან“ წერილია შემოსული, რომ ისინი დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ და არ დაესწრებიან დღევანდელ სხდომას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

განახლება:

  • ხატია დეკანოიძის განცხადება

შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისთვის, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.

დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

"მე მინდა ყველას ესმოდეს, ვინც ახლა მარჯვენა მხარეს ზის, რამდენად მძიმე პროცესში მონაწილეობთ ყველა. საქართველოს ისტორიაში პირველად, იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა თავის კოლეგებს ზუსტად საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, თქვენ მოხვედით და გინდათ, რომ მწვანე ღილაკს დააჭიროთ ხელი. ეს არის სამარცხვინო პროცესი. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ თუ რამე უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს, ეს არის თქვენი გადაწყვეტილებები და განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ძალიან ბევრისგან განსხვავებით თქვენ უნდა იყოთ ყველას პარლამენტის თავმჯდომარე. შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისთვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

განახლება:

  • ნატო ჩხეიძე - პოლიტიკური ჯგუფი "თავისუფლება“ არ უჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამიტომ პროტესტის ნიშნად დარბაზს დავტოვებთ პოლიტიკური ჯგუფი "თავისუფლება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. იხილეთ სრულად

  • პრეზიდენტის გამოსვლა სრულად: