ავტორი:

"გაუსაძლისი ტკივილები აქვს, მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც... სუს-ი გვაიმედებს, უშედეგოდ" - რას ამბობს ოჯახი ირაკლი ბებუაზე, რომელიც 3 წელია სოხუმის ციხეში უმძიმეს პირობებშია

"გაუსაძლისი ტკივილები აქვს, მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც... სუს-ი გვაიმედებს, უშედეგოდ" - რას ამბობს ოჯახი ირაკლი ბებუაზე, რომელიც 3 წელია სოხუმის ციხეში უმძიმეს პირობებშია

აფხაზების ტყვეობაში მყოფი ქართველი პატრიოტის, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ის ახლა უკიდურეს მდგომარეობაშია - ამის შესახებ ინფორმაცია მისმა დამ, თამუნა ბებუამ მოგვაწოდა.

  • შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბებუამ 2020 წლის 30 სექტემბერს, როდესაც სეპარატისტები "გამარჯვებას“ ზეიმობდნენ, აფხაზეთის დროშა დაწვა, რის გამოც დააპატიმრეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

უკვე მესამე წელია, რაც ბებუა სოხუმის ციხეში, უმძიმეს პირობებში იმყოფება, ოჯახმა ქართულ მხარეს არაერთხელ მიმართა დახმარებისთვის. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა, "ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავთან დაკავშირებით ამნისტია გამოუშვა. დოკუმენტის მიხედვით, პატიმრობიდან გათავისუფლდება ყველა, ვისაც 3 წლამდე ვადით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.

ასევე გათავისუფლდებიან 5 წლამდე ვადით პატიმრობამისჯილი ვეტერანები, მოხალისეები, ზურგში მებრძოლი ვეტერანები და ქართულ-აფხაზური ომის ინვალიდები... სამწუხაროდ, ამნისტია არ შეეხება ირაკლი ბებუას. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა მიიჩნევს, რომ მკრეხელობაა "გამარჯვების" ოცდაათი წლისთავის დღეს იმ კაცის გათავისუფლება, რომელმაც აფხაზეთის დროშა დაწვა.

უფრო ვრცლად იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაშია ახლა ბებუა, რისი გაკეთებაა შესაძლებელი და რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ქართველი პატრიოტის გადასარჩენად, მისი და თამუნა ბებუა და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი გვესაუბრებიან.

ჩვენ შევეცადეთ, კონკრეტული პასუხები მიგვეღო შერიგებისა და თანასწორობის მოქმედი ჩინოვნიკებისგანაც, დაპირებაც მივიღეთ, მაგრამ ჯერ მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში ვართ.

თამუნა ბებუა:

- გარდა იმისა, რომ ირაკლის ქრონიკული დაავადებები აქვს და გაუსაძლისი ტკივილები აქვს წელისა და თავის არეში, ასევე ძალიან მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. სამი წელია, დახმარებას ვითხოვთ, გვხვდებიან, გვესაუბრებიან, დახმარებასაც გვპირდებიან, მაგრამ ამ დრომდე შედეგი არ ჩანს.

- თუ შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად ვინ რას გპირდებათ?

- სუს-თან გვაქვს ინტენსიური საუბარი, ასევე ხაზზე ვართ შერიგების სამინისტროსთანაც, ორივე უწყებიდან გამუდმებით ეს სიტყვები გვესმის - დღეს, ხვალ, ზეგ... ამასობაში დრო გადის, ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ყოველდღიურად მძიმდება. იმედი გაგვიჩნდა, როდესაც გავიგეთ, რომ სოხუმმა ქართველი ვეტერანების ამნისტიით გათავისუფლება გადაწყვიტა, მაგრამ გულზე შემოგვეყარა, როდესაც აფხაზმა დეპუტატმა დაუტ ხუტაბამ პირდაპირ ჩემი ძმის სახელი და გვარი დაასახელა და თქვა, რომ ამნისტია მას არ შეეხებოდა. სუს-ი ისევ გვაიმედებს და ისევ „სახვალიოდ“ გვპირდება სიახლეს. ამ ორი-სამი დღის განმავლობაში კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით. თუ თვის ბოლომდე კონკრეტული შედეგი არ დადგება, მერე საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩავრთავთ.

პაატა ზაქარეიშვილი:

- აფხაზურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახლახანს შეიტყვეს ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და მოქმედებაც დაიწყეს. ვნახოთ რა გამოუვათ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ საქმეში ქართული მხარის აქტიურობას ვერ ვხედავ. შეიძლება საქმეს ჩუმად აკეთებენ და მე არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ვხედავ რას აკეთებენ აფხაზური არასამთავრობოები, მაგრამ ვერ ვხედავ, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. ჩემი ინფორმაციის ველში არაფერი არ ჩანს. იმედი მაქვს, ორ სამ დღეში თავად აფხაზურ საზოგადოებაში გაჩნდება ახალი ინფორმაცია და ამის საფუძველზე გავაკეთებ დასკვნას, მართლა აკეთებს თუ არა რამეს ქართული მხარე.

- კონკრეტულად, რას ელოდებით?

- ველოდები, რომ აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია საკუთარ დე ფაქტო ხელისუფლებას მოსთხოვს ინფორმაციას - ბებუას ჯანმრთელობის შესახებ. წესით, დე ფაქტო ხელისუფლება ვალდებულია, არასამთავრობოების კითხვებს უპასუხოს. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ამ ვალდებულებას თავი აარიდონ. ვნახოთ, ყველაფერი ორ, სამ დღეში გაირკვევა.

- აფხაზებმა კონკრეტული მიზეზი დაასახელეს, თუ რატომ არ შეეხება ბებუას ამნისტია, მას აფხაზური დროშის დაწვას არ პატიობენ. ასეთ ვითარებაში, რისი გაკეთება შეუძლია ქართულ მხარეს?

- თუ ქართველი მხარე უფრო აქტიური, უფრო მობილური იქნება და ბებუას საკითხს ჟენევის მოლაპარაკებებზე დააყენებს, შედეგიც დადგება. დახურულ შეხვედრაზე ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი... ამ საქმეში ის ადამინები უნდა ჩაერთონ, ვისაც საკითხი ესმის, ვისაც კონტაქტები აქვს, საუბარი, ადამიანების დარწმუნება შეუძლია. თავის დროზე, აფხაზებმა 7 ქართველი გადმომცეს, რომლებსაც ჯაშუშობაში ედებოდათ ბრალი. მათი შეფასებით, უმძიმესი დანაშაულის მქონე პირები გამოუშვეს. გასაგებია, პოლიტიკურ საკითხებს რომ ვერ აგვარებენ, მაგრამ ძალიან მიკვირს, ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება ასე რატომ უჭირს საქართველოს ხელისუფლებას. საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ გაიჭედა ბებუას საქმე.

ხათუნა ბახტურიძე