ავტორი:

ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულება თუ მედიაზე ცენზურის დაწესების მცდელობა? - რა იგულისხმება ტერმინში "სიძულვილის ენა“ და რას ემსახურება ახალი საკანონმდებლო ცვლილებები?

ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულება თუ მედიაზე ცენზურის დაწესების მცდელობა? - რა იგულისხმება ტერმინში "სიძულვილის ენა“ და რას ემსახურება ახალი საკანონმდებლო ცვლილებები?
  • ფოტო: ჟორმ სანგრსონი (წყარო: iStockphoto)

მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს პროექტი, რომლის გათვალისწინებით, მითითებული აკრძალვის დარღვევის ან სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვის დარღვევის თაობაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით, ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმის თანხა იზრდება.

როგორც "ქართული ოცნება" განმარტავს, ამ ცვლილებას საფუძვლად უდევს საქართველოს წინაშე დაყენებული 12-პუნქტიანი წინაპირობის შესრულება.

მიმდინარე წლის 30 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვის საკითხი ჩამოყალიბდა.

"აკრძალულია ისეთი პროგრამის, ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის, ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის, ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური, ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის, ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა“, - ვკითხულობთ კანონში.

მოქმედი კანონმდებლობით, ნორმის დარღვევაზე რეაგირება შესაძლებელია მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში, ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია.

პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კანონპროექტის შესახებ განაცხადა, რომ მათ ეს კანონი საერთოდ არ აინტერესებთ, რომ მისი მიღება ევროკომისიის რეკომენდაციას უკავშირდება და დაამატა, რომ მისთვის გაუგებარია ამ თემაზე გამოთქმული კრიტიკული აზრები.

ირაკლი კობახიძე

"რაც შეეხება კანონპროექტს, საერთოდ არ გვაინტერესებს ეს კანონი. ამ კანონის მიღება არის თავიდან ბოლომდე ევროკომისიის დავალება. მე პირადად, მათ შორის, მქონდა ჯერ შეხვედრა, შემდეგ სატელეფონო საუბარი გაფართოების საკითხებში დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, რომელმაც კიდევ ერთხელ გვთხოვა, რომ 20 ოქტომბრამდე გავუგზავნოთ მათ გადასინჯული პროექტი. არის შემოსული წინადადებები, მათ შორის, რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა იყოს ეს ჩამოყალიბებული. დღეს გვქონდა ზუსტად სამუშაო შეხვედრა. სამი სხვადასხვა ვერსია ჩამოვაყალიბეთ, ვუგზავნით ევროკომისიას და ვეუბნებით, რომელსაც დაადებენ ხელს, იმას მივიღებთ და აქაც ახერხებენ სპეკულირებას, სასაცილოა უბრალოდ. ეს ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა 12 პრიორიტეტის ფარგლებში“, - განაცხადა კობახიძემ.

"მარეგულირებელი კომისია არის ხელისუფლების ორგანო და კახა ბექაური მხილებული კი არ არის ხელისუფლებასთან კავშირში, ხელისუფლების ნაწილია“,- ასე უპასუხა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერთა ნაწილის კრიტიკას, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი "მაუწყებლის შესახებ კანონში“ ცვლილებას ცენზურისთვის გამოიყენებს.

  • შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერში პარლამენტმა ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დირექტივასთან ჰარმონიზაციის მოტივით, "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მიიღო ცვლილებები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარყოფითად შეაფასეს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარებოდა, სასამართლოში გასაჩივრების მიუხედავად. ამასთან, სიძულვილის ენის მარეგულირებელი ნორმები მედიის თავისუფლების თვითნებური შეზღუდვის რისკს წარმოადგენდა. სწორედ ეს საკითხები გამოსწორდა ივნისში მიღებული ცვლილებებით.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ "მაუწყებლობის შესახებ" საკანონმდებლო ცვლილება მედიასაშუალებებზე ცენზურის დაწესების წინაპირობაა, არანაირად არ მუშაობს არც სიძულვილის ენაზე და არც დეპოლარიზაციის შემცირებაზე, საბოლოოდ კი ის ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება.

"მიზანი არის მარტივი - როდესაც ხელისუფლებებს უჭირთ ხოლმე, ისინი კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას იწყებენ და ცდილობენ, რომ კანონმდებლობის საშუალებით რაღაცნაირად გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ განწყობებზე. ამ ცვლილებამდე, ვნახეთ, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეიტანეს შესწორება, თითქოს კარვებისა და რაღაც მოწყობილობების შეტანის აკრძალვით აფეთქების თავიდან აცილების მიზნით. ცხადია, თუ ვინმეს აფეთქება და არეულობა უნდა, მაპატიეთ და, სანაგვე ურნაშიც კარგად ჩადებს იმ ბომბს, ღმერთმა ყველა დაგვიფაროს და, ამის ათასნაირი ხერხი არსებობს. რეალურად, არსი იმ გადაწყვეტილებისა ხომ ის არის, რომ ამის საშუალებით მოსპონ პერმანენტული აქციები. ახლაც დაახლოებით იმავე სტილზეა ლაპარაკი და ცხადია, ეს არის ცენზურის წინაპირობა.

ვახტანგ ძაბირაძე

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც "ქართულ ოცნებას“ უნდოდა (საუბარია პრეზიდენტის საქმეზე) და რაზეა ლაპარაკი, რომ მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრებით ვინმე რამეს მიაღწევს? მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ხომ "ოცნების“ კადრია და უმრავლესობას ეგღა აკლია, ის ობიექტური და მისგან დამოუკიდებელი იყოს. ჩვეულებრივად ხდება კანონის მიღება იქ, სადაც "ქართულ ოცნებას“ სჭირდება და ალბათ ამით ის ეცდება, რომ რაღაცნაირად გავლენა მოახდინოს მედიაზე. სიძულვილის ენაზე თუა ლაპარაკი, აიღეთ ნებისმიერი მათი გამოსვლა და ნახავთ, რა ეპითეტებით ამკობენ ოპოზიციას, რაზეა აქ ლაპარაკი? ეს არის თავისუფალ მედიაზე გალაშქრების კიდევ ერთი მეთოდი. უბედურება ის არის, რომ ყველა ხელისუფლება ამას ცდილობდა და ცდილობს. მაშინ, როდესაც საზოგადოებაში უარყოფითი მუხტი იმდენად დიდია, რომ ხელისუფლება ასეთი მეთოდებით ცდილობს რაღაცას მიაღწიოს, ჩათვალეთ, რომ ის განწირულია. წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმაც ამით დაიწყო, სანამ "იმედამდე“ მივიდოდნენ, ყველა ტელევიზია დახურეს, საერთოდ დასაწყისშივე, მოსვლისთანავე მოსპო და გაანადგურა ტელემედია - მარტო "კავკასია“ და "მაესტრო“ მაუწყებლობდა. მას არც ამან და არც "იმედის“ დარბევამ უშველა. კომუნისტებზე აღარ ვლაპარაკობ, გამსახურდიაც, შევარდნაძეც და სააკაშვილიც ამას ცდილობდნენ - მედიასთან ბრძოლით, ამგვარი კანონებით ცდილობდნენ ძალაუფლების შენარჩუნებას, არცერთს გამოუვიდა...

მე ის მაოცებს, ყველა ხელისუფლება ერთსა და იმავე შეცდომას რატომ უშვებს? როცა მოსახლეობის 2/3 ნეიტრალურად, ან შენს წინააღმდეგაა განწყობილი, იქ ასეთი მეთოდები არ მუშაობს. ძლიერი პროტესტი რომ დაიწყოს, დიდი რაოდენობით ხალხი გამოვიდეს, ისინი კარვებსაც გაშლიან და არც ცენზურას დაგიდევენ. ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი სწორედ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და არა - სასარგებლოდ. ახლა, როცა თითქოს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ჩვენს სასარგებლოდ, ევროკავშირმა განიხილოს, როგორ სრულდება 12 პუნქტი, ისეთ კანონს იღებენ, რომელიც პირდაპირ მე-7 პუნქტის საწინააღმდეგოა. "ქართული ოცნება“ ცდილობს, ისეთი პირობა შექმნას, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუჭირდეთ გადაწყვეტილების ჩვენს სასარგებლოდ მიღება. ეს ვარაუდებია, რომლის არგუმენტირებაც არის რეალური, აბა, სხვა რა პრობლემაა? სიძულვილის ენას ისევ მარეგულირებელი და ისევ "ოცნება“ დაარეგულირებს, მარეგულირებელი ვინაა? - "ქართული ოცნება“. მარეგულირებელი მართლა დამოუკიდებელი რომ იყოს, ამ კანონის მიღებას ხომ აზრი არ ექნება? ასეთ გარემოს იმიტომ ქმნიან, რომ შემდეგ, თუკი ეს კანონი გავიდა, საქმეში მარეგულირებელი ერთვება და არა მთავრობა, რომელიც იტყვის, ჩვენ რა შუაში ვართ, აგერ, მარეგულირებელმა გადაწყვიტაო. საბოლოოდ, ეს ყველაფერი მედიასაშუალებებზე ცენზურის დამყარებას ემსახურება, ეს არანაირად არ მუშაობს არც სიძულვილის ენაზე და არც დეპოლარიზაციის შემცირებაზე. ასევე, ხელისუფლება ცდილობს ისე გააუარესოს ვითარება, რომ ჩვენ სტატუსი არ მოგვცენ, სხვა ახსნა და მოტივი ამას არ აქვს. ცენზურის დამყარება კი "ოცნებას“ იმისთვის უნდა, რომ საბოლოოდ, ამ გზით ძალაუფლება შეინარჩუნოს“.

როგორც საია-ს ანალიტიკოსი იოსებ ედიშერაშვილი გვეუბნება, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან სასამართლო სისტემა არ არის გამართული, დაუშვებელია გაცილებით მეტი ძალაუფლება იყოს კონცენტრირებული მარეგულირებლის ხელში. მისი აზრით, ასეთ პირობებში საკანონმდებლო ცვლილება იქნება ძალიან სახიფათო პრეცედენტი, რომელმაც შეიძლება კრიტიკული აზრის შეზღუდვა გამოიწვიოს.

იოსებ ედიშერაშვილი

"ესენი განმარტებით ბარათში წერენ, რომ უნდათ კანონმდებლობის დახვეწა და ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაახლოება, ამიტომაც შემოაქვთ ეს ცვლილებები. რაც უნდა მხარს ვუჭერდეთ ევროინტეგრაციას და, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის კონტექსტი და ის მდგომარეობა, როგორ ქვეყანაშიც ვართ. ზოგადად, ჩვენთან მთავარი პრობლემა ის არის, რომ სასამართლო სისტემა არ არის გამართული, ამიტომ არ გვინდა, რომ გაცილებით მეტი ძალაუფლება იყოს კონცენტრირებული მარეგულირებლის ხელში. სიძულვილის ენის რეგულაცია, ზოგადად, არა მარტო ჩვენთან, არამედ დასავლურ ქვეყნებში, სადაც გამართული მართლმსაჯულებაა, იქაც ხანდახან პრობლემურია და დახვეწის რეჟიმშია.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მართლმსაჯულება, რბილად რომ ვთქვათ, არის ნაკლოვანი, ეს იქნება ძალიან სახიფათო პრეცედენტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კრიტიკული აზრის შეზღუდვა. ასევე, ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადებები შეთავაზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ემთხვეოდა იმ პოზიციებს, რომლებსაც დასავლელი პარტნიორები ქადაგებდნენ, თუმცა მმართველმა პარტიამ უარყო, არ გაითვალისწინა. შესაბამისად, ეს საკანონმდებლო ცვლილება გულისხმობს ძალაუფლების კონცენტრაციას მარეგულირებლის ხელში - კანონმდებლობა ამბობს, რომ თვითრეგულირების მექანიზმით როცა მიიღებ რაიმე გადაწყვეტილებას სიძულვილის ენასთან დაკავშირებით, ამის გასაჩივრება შეიძლება მარეგულირებელ ორგანოში. ჩვენი საკანონმდებლო შეთავაზება კი სწორედ ის იყო, რომ ეფექტური რეგულაციური მექანიზმი შეგვექმნა სახელმწიფო და თვითრეგულაციას შორის.

მედიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითრეგულაციის არსებობა გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. პრაქტიკა გვქონია და აშკარა იყო, რომ მარეგულირებელს ჰქონდა დისკრიმინაციული დამოკიდებულება იმ მედია კომპანიების მიმართ, რომლებსაც კრიტიკული აზრი ჰქონდათ მმართველი პარტიის წინააღმდეგ. გახდება თუ არა ეს საკანონმდებლო ცვლილება მედიის ცენზურის დაწესების წინაპირობა, რთული საწინასწარმეტყველოა, მაგრამ მარეგულირებელს კიდევ ერთი ბერკეტი ექნება იმისთვის, რომ შეზღუდოს კრიტიკული აზრი, მას კი ინტერპრეტაციაში ვერავინ შეედავება. მოგეხსენებათ, ადრეც იყო განსაზღვრული კანონმდებლობის მიღება და დასავლელი პარტნიორების მიერ ნათქვამი იყო, რომ ეს არ იყო ევროინტეგრაციისთვის კარგი. ჩვენც ასეთ პოზიციაზე ვდგავართ და მიგვაჩნია, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით და უმჯობესი იქნება, თუკი ალტერნატიულ პოზიციას განიხილავენ და ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რეგულაციას გაითვალისწინებენ და მას მიიღებენ, რადგან ის უფრო კარგად ემთხვევა ევროკავშირის რეკომენდაციას“, - გვეუბნება იოსებ ედიშერაშვილი.