ავტორი:

"კაცი შვილებზე ძალადობდა, ერთხელ დაასისხლიანა" - რა არის ცნობილი საფრანგეთის სკოლაზე თავდასხმაში ბრალდებული მოგუშკოვის ოჯახზე, რომლის მამაც, სავარაუდოდ, საქართველოში ცხოვრობს

"კაცი შვილებზე ძალადობდა, ერთხელ დაასისხლიანა" - რა არის ცნობილი საფრანგეთის სკოლაზე თავდასხმაში ბრალდებული მოგუშკოვის ოჯახზე, რომლის მამაც, სავარაუდოდ, საქართველოში ცხოვრობს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა კომენტარი გააკეთა ფრანგულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ჩრდილოეთ საფრანგეთში, ქალაქ არასში მომხდარი ტერაქტის საქმეში მთავარი ბრალდებულის, ეთნიკურად ინგუში მოჰამედ მოგუშკოვის მამა საქართველოში ცხოვრობს.

  • ლილუაშვილის თქმით, ფრანგ გამომძიებლებს ჯერ არ მიუმართავთ ქართველი კოლეგებისთვის.

"რამდენადაც მე ვიცი, მათ საქართველოსთვის არ მიუმართავთ იურიდიული დახმარების თხოვნით. როგორც წესი, იგზავნება მოთხოვნა და ამის შემდეგ იგეგმება საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

  • ცნობისთვის, თავდასხმა არასის სკოლაზე 13 ოქტომბერს მოხდა. შედეგად დაიღუპა ერთი მასწავლებელი, სამი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. მოჰამედ მოგუშკოვი სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო. მას ბრალად ედება მკვლელობა, რომელიც მოტივირებულია ტერორისტული საქმიაონობით, მკვლელობის მცდელობა და ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირი. მსგავსი მუხლით ბრალი წარუდგინეს მოგუშკოვის უმცროს ძმასაც. ასევე ბრალდებულია მათი ბიძაშვილი. სამივე მათგანი დაკავებულია.

მოგუშკოვი 2003 წელს ინგუშეთში დაიბადა. როდესაც ექვსი წლის იყო, ოჯახთან ერთად, საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაამთავრა სკოლა, შემდეგ კი ლიცეუმში სწავლობდა, პარალელურად, კრივში ვარჯიშობდა. ოჯახი დეპორტაციის საფრთხის ქვეშ იყო, თუმცა ადამიანის უფლებადამცველთა ორგანიზაციების დახმარებით დეპორტაციის პროცედურა შეწყდა.

მოჰამედს არასდროს მიუღია საფრანგეთის მოქალაქეობა. ბოლოს მოქალაქეობაზე განაცხადი 2021 წელს შეიტანა და არ დაუკმაყოფილეს, თუმცა მისი დეპორტაცია შეუძლებელი იყო, რადგან საფრანგეთში მოქმედი კანონით, ის ადამიანები, რომლებიც საფრანგეთში ჩასვლისას 13 წლამდე იყვნენ, დეპორტაციისგან დაცულები არიან.

  • მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი შესაძლოა იყოს თავდამსხმელის ოჯახის კავშირი რადიკალ ისლამისტებთან. კერძოდ, 2019 წელს პოლიციამ ელისეს სასახლეზე რადიკალ ისლამისტთა ჯგუფის თავდასხმა აღკვეთა და მაშინ მოგუშკოვის უფროსი ძმა დააკავეს. Le Figaro-ს ცნობით, მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და დღემდე პატიმრობაშია.

მანამდე ერთი წლით ადრე, 2018 წელს, ძმებ მოგუშკოვების მამა საფრანგეთიდან გააძევეს იმის გამო, რომ სამართალდამცველთა ინფორმაციით, აპირებდა სირიაში წასულიყო და "ისლამურ სახელმწიფოს" შეერთებოდა (მის სახელს მედია არ წერს). მოგუშკოვების მეზობლებმა მედიას განუცხადეს, რომ შვილებზე მამა ადრეული ასაკიდანვე ძალადობდა.

"ერთხელ ამ კაცმა შვილებს ისე სცემა, რომ დაასისხლიანა, მაშინ ბიჭები პატარები იყვნენ“, - ამბობს მეზობელი, რომელიც მოგუშკოვებს დაახლოებით 10 წელია იცნობს. მისი თქმით, ერთხელ შეესწრო როგორ სცემდა ცოლს კიბეზე და როცა ჩაერია, მამაკაცმა უთხრა, რომ მისი ცოლი გიჟი იყო და სინამდვილეში თავის თავს თვითონ სცემდა.

ფრაგული მედიის ცნობით, გაძევების შემდეგ, მოგუშკოვების მამა საქართველოში დასახლდა.