კუნძულ ტექსელზე, 10-13 ნოემბერს, ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის თიკა სვანიძე-ვენკოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო დიასპორული პროექტი - „ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე“ გაიმართება. პროექტი დიდ მნიშვნელობას ატარებს ქართული ემიგრაციისთვის და ასევე საინტერესოა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, რომელიც ღონისძიებებზე ქართული კულტურის თავისებურებებს გაეცნობა.

პროექტის მნიშვნელობისა და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისა შესახებ, დეტალურად მისი ორგანიზატორი თიკა სვანიძე ვენკო საუბრობს:
საინტერესოა, რა არის პროექტის მიზანი და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველებისთვის?
თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი გარკვეულწილად, ნიდერლანდებში ჩემს საქმიანობასაც აჯამებს. მას შემდეგ, რაც 90-იან წლებში სამშობლო დავტოვე და აქ გადმოვედი საცხოვრებლად, მიზნად დავისახე, ჩემი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის გამეცნო. უამრავი პროექტი, მარკეტინგული კამპანია ჩავატარე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ბევრმა მართლაც ჩემგან გაიგო პირველად საქართველოს არსებობის შესახებ. ბევრი ცნობილი ადამიანი, ინვესტორიც ჩამოვიყვანე, რომლებსაც სამუდამოდ შეუყვარდათ ჩემი ქვეყანა. მიმაჩნია, რომ საქართველოზე ზრუნვა ყველა ქართველი ემიგრანტის ვალია. სადაც მივდივართ, ვცდილობთ ყველგან პატარა საქართველო შევქმნათ. ასეთია ქართველი ემიგრანტების ბედისწერა. ტექსელი მართლაც პატარა საქართველოა. ისტორიულმა კანონზომიერებამ ისე ინება, რომ ამ ულამაზესი კუნძულისა და საქართველოს ბედი ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირდა.
მახსოვს, ერთხელ, სრულიად შემთხვევით, როცა ავტომობილით ტექსელის ქუჩებს მივუყვებოდი, თვალი მოვკარი წარწერას ნავიგაციაში - „Georgische straat“ („საქართველოს ქუჩა“). მეგონა მეჩვენებოდა. გავაჩერე მანქანა და როგორც კი დავრწმუნდი, რომ რეალობასთან მქონდა საქმე, ცრემლები თავისით გადმომცვივდა თვალებიდან. ჩვენ, ქართველი ემიგრანტები, შეიძლება ზედმეტად სენსიტიურები და ემოციურებიც კი ვართ, როცა საქმე საქართველოს ეხება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ეს მასშტაბური პროექტი სწორედ კუნძულ ტექსელზე ჩატარდება. მინდა, ამან ლამაზი და დასამახსოვრებელი ტრადიციის სახე მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ კუნძულ ტექსელზე ქართული კულტურის შესახებ ასეთი მასშტაბური პროექტი აქამდე არ ჩატარებულა. მოგვიყევით პროექტის შესახებ, რა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი და რა აქტივობები ელოდება სტუმრებს?
პროექტის პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია:
ასევე დაგეგმილი გვაქვს შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობები, მათ შორის კალიგრაფიის მასტერკლასები, რომლებიც წარმოაჩენს ქართული ანბანის უნიკალურობას. გაიმართება ქართული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები. ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები მაყურებელს საშუალებას მისცემს, ეზიაროს იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურის ძეგლებს.

გაიმართება თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციისათვის პირველი ქართული საერთაშორისო თეატრალური სტუდია ,,დაბრუნების" ოფიციალური პარტნიორი თეატრალური სტუდია ,,არტ-პლაზას" დამაარსებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, ქალბატონ თამარ ხიზანიშვილის მასტერკლასი მსახიობის ოსტატობაში, სადადგმო კულტურაში, რეჟისურის საფუძვლებსა და მეტყველების კულტურაში.
ვფიქრობ, საინტერესო დღეები გველის. მინდა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაგონოთ საქართველოს უნიკალური, თვითმყოფადი ხმა!
როგორც ვიცით, პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართება თქვენი ავტობიოგრაფიული რომანის - „ქალი სხვა სამყაროდან“ პრეზენტაცია. ალბათ, თქვენთვის ორმაგად ამაღელვებელია, რომ წიგნის წარდგენა სწორედ ტექსელზე ჩატარდება...
„ქალი სხვა სამყაროდან“ ჩემი ცხოვრების წიგნია, რომელიც ერთი ქართველის, ერთი ემიგრანტის, ერთი ქალის ცხოვრების მაგალითზე მხატვრულად ასახავს უამრავ პრობლემასა და თემას: საბჭოთა კავშირი და საბჭოთა აზროვნება, ემიგრაციის სირთულეები, ქალად ყოფნის გამოცდილება, რას ნიშნავს იყო დედა, პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები ბიზნესში და ა. შ.
ამ წიგნში გულწრფელად, ყოველგვარი თვითცენზურის გარეშე ავსახე ჩემი განცდები, ემოციები და ცხოვრება. მიხარია, რომ ის ასე შეიყვარა ქართველმა მკითხველმა და სწრაფადვე მოიპოვა ბესტსელერის სტატუსი. უამრავი ახალგაზრდა მეხმიანება, მწერს, რომ ეს წიგნი მათთვის დიდი მიზნების დასახვისა და მიღწევის მოტივაცია და ინსპირაცია გახდა. ემიგრანტებმა კი მათში საკუთარი ცხოვრების ანარეკლი დაინახეს. ტექსელზე სწორედ ამ წიგნის ინგლისურენოვანი თარგმანის პრეზენტაციაა დაგეგმილი.

„ქალი სხვა სამყაროდან“ მხოლოდ ჩემი, ერთი ადამიანის ისტორიას არ აღწერს. ის, ამავე დროს, ყველა იმ ქალის ამბავიც არის, ვისაც სამშობლოსგან მოშორებით უწევს ცხოვრებასთან გამკლავება.
ჩემი გამოცდილება, მართლაც, არ არის მწირი. ვიყავი ბავშვი, რომელიც ჩვენი პლანეტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და ბოროტ სახელმწიფოში, საბჭოთა კავშირში დაიბადა და გაიზარდა. მისი დაშლის შემდეგ კი ადამიანი, რომელიც იმპერიის ნანგრევებში მოყვა და სსრკ-ს აჩრდილისგან გაქცევას მთელი ძალით და მონდომებით, ყველა გზით ლამობდა. შემდეგ ცხოვრებაში სხვა ქვეყანაში გადახვეწილი ემიგრანტი ვიყავი, ენაში მოხვედრილი უცხო სიტყვასავით რომ ცდილობს, შეეგუოს ახალ სამყაროს და თან თავისი წარმოშობაც არ დაივიწყოს. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელ გოგოს, მომიწია, მეპასუხა ნიდერლანდების სამეფოს დედოფლის მიერ დასმული სამი მოულოდნელი კითხვისთვის. გავხდი ადამიანი, რომელმაც ღმერთის პოვნა შეძლო და აღარასდროს დაუკარგავს ის. შემდეგ ცხოვრებაში კი ქალი, რომელიც მატარებლის ვაგონში ავიდა და იქ სიყვარული იპოვა. გავხდი დედა და მგონია, ეს ჩემი უმთავრესი მიღწევაა. დიახ, რამდენიმე ცხოვრება მქონდა და ერთში მთელს მსოფლიოში ვიმოგზაურე, გზის ფულის შესაგროვებლად ბანანის პლანტაციებში ვიმუშავე და ახლა ვცხოვრობ ბიზნესმენი ქალის ცხოვრებითაც, რომელსაც საკუთარი თავისა და, სხვათა შორის, სხვებისთვისაც ყველა ოცნების ახდენა აბედნიერებს. წიგნში სწორედ ეს და კიდევ სხვა საინტერესო ამბებია მოთხრობილი.
რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა, იყოთ საკუთარი ქვეყნის „ელჩი“ უცხო ქვეყნებში და რა სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული?
მომიკრავს ყური, რომ ჩემი საქმიანობის გამო, მსოფლიოში საქართველოს არაოფიციალურ ელჩად მომიხსენიებენ ხოლმე. მიხარია, თუ ეს მართლაც ასეა. ყველა ჩემი ბიზნეს კომპანია საქართველოს, უნიკალური ქართული კულტურისა და ღირებულებების პოპულარიზაციას უკავშირდება. წლებია, ჩემი ბიზნესებიდან მოტანილი მოგების 50%-ს სოციალურ, კულტურულ პროექტებში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში ვხარჯავ და ასე იქნება მუდამ. თუ შენი და შენი ქვეყნის ოცნებები და მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, ასე მგონია, სწორედ მაშინ ხარ ნამდვილი პატრიოტი. ვცდილობ, ასე იყოს ჩემს შემთხვევაშიც.
რაც უნდა კარგად ისწავლო სხვისი ენა, რაც უნდა კარგად აითვისო ახალი კულტურა, რაც უნდა ბევრი ახალი მეგობარი გაიჩინო, მაინც გაქვს უცხოობის უცნაური განცდა. მხოლოდ ერთეულები ახერხებენ, რომ სხვა ქვეყანაში უცხოდ არ იგრძნონ თავი და მე ეს ნამდვილად შევძელი.
ხშირად მიფიქრია, რომ ქართველი ერთადერთი ეროვნებაა, რომელიც ბოლომდე ვერასოდეს შეეგუება ემიგრაციას. სამშობლო ქართველისთვის მზეა, რომელსაც თუ დაშორდება, გაიყინება, სასიცოცხლო ენერგია გამოეცლება. ამიტომ არის, რომ ქართველები ყველგან, სადაც მიდიან, პატარა საქართველოს ქმნიან, რათა გადარჩნენ და მეც სწორედ ასე მოვიქეცი. ქართველს თავის ქვეყანასთან რაღაც განსაკუთრებული, მისტიკური კავშირი აქვს. ჩვენ ჩვენი ქვეყნის სხვანაირი სიყვარული ვიცით. მეც ყველგან, სადაც მივდიოდი, ქართველებს ვეძებდი, ერთმანეთთან ვაკავშირებდი და ამით ვიკმაყოფილებდი სამშობლოს მონატრებას.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ემიგრაციაში ვისწავლე, არის ის, რომ უნდა გახსოვდეს, ვინ ხარ, მაგრამ, ამავდროულად, მიიღო ყოველივე კარგი, რასაც ახალი ქვეყანა გთავაზობს. თამამად ვიტყვი, მე ქართული სული არა მხოლოდ სრულყოფილად შევინარჩუნე, არამედ სხვებსაც გადავდე. არ დამითმია ჩემი იდენტობა, არ გამიღია მსხვერპლი ამ თვალსაზრისით.
ნიდერლანდების ისტორიულ კუნძულ ტექსელზე ომში დაღუპული ქართველი გმირების მემორიალური მონუმენტი თქვენი ძალისხმევით გაიხსნა. გვიამბეთ ამ ფაქტის შესახებ...
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ მემორიალური მონუმენტის გახსნით, როგორც ქართველმა ემიგრანტმა, ისტორიის წინაშე ვალი მოვიხადე. ტექსელის აჯანყების ისტორიული მნიშვნელობა და როლი, დღემდე არ არის სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ აქამდე ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი მასში მონაწილე და ბრძოლის დროს დაღუპული ადამიანების ვინაობა. არადა საქმე ეხება, ბევრის აზრით, მეორე მსოფლიო ომის ბოლო ბრძოლას, რომელშიც ქართველები და ნიდერლანდელები ნაცისტების წინააღმდეგ მხარდამხარ იბრძოდნენ.
მინდოდა, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად აგვეგო მემორიალური მონუმენტი, რომელზეც ტექსელის აჯანყებაში დაღუპული გმირების სახელები და გვარები იქნებოდა ამოტვიფრული და მიხარია, რომ ეს შევძელით. ისტორიკოსმა სულხან ამირანაშვილმა ძალიან დიდი, ხანგრძლივი კვლევითი სამუშაო ჩაატარა. მის მიერ გაწეული შრომა ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში ფასდაუდებელია. ასევე, უმნიშვნელოვანესია მოქანდაკე დავით (დევი) ხმალაძის წვლილიც - მან ამ ულამაზესი მონუმენტის დიზაინი შექმნა. მინდა მათ და ყველა ადამიანს, ვინც ამ პროექტში იყო ჩართული, მადლობა გადავუხადო. მიხარია, რომ მომეცა საშუალება ჩემი იდეისთვის ბოლომდე შემესხა ფრთები, ამ პროექტში ხომ საკმაოდ დიდი შრომა, დრო და ფინანსური რესურსი ჩავდე. მეხმიანება უამრავი ადამიანი, რომლებმაც სწორედ ამ მემორიალური მონუმენტის წყალობით იპოვეს საკუთარი წინაპრები, უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრი... მეუბნებიან, რომ ამით თითქოს მათი ოჯახის ისტორია გამთლიანდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ტექსელი ის პროექტია, რომელიც სწორედ ჩვენი, ქართველების ისტორიულ და კულტურულ მეხსიერებას უკავშირდება.
R