ავტორი:

"ნინო უორდროპის ძვირფასი ყელსაბამი და დავითის მონეტა..." - არის თუ არა ბრიტანეთის მუზეუმიდან დაკარგულ ექსპონატებს შორის ქართული საგანძური: ”საყდრისის კომიტეტის" მიმართვა

"ნინო უორდროპის ძვირფასი ყელსაბამი და დავითის მონეტა..." - არის თუ არა ბრიტანეთის მუზეუმიდან დაკარგულ ექსპონატებს შორის ქართული საგანძური: ”საყდრისის კომიტეტის" მიმართვა

რამდენიმე თვის წინ დიდი ბრიტანეთის მუზეუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წლების განმავლობაში მუზეუმიდან 2000-მდე არტეფაქტია დაკარგული. ისინი ამბობენ, რომ ეს საგანძური მოიპარეს. მუზეუმმა სექტემბრის დასაწყისში საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით, რომ დაეხმარონ დაკარგული არტეფაქტების პოვნაში.

გამოქვეყნდა ელექტრონული ფოსტა და ცხელი ხაზი იმ შემთხვევისთვის თუ ვინმე გადაწყვეტს ინფორმაციის მიწოდებას. საინტერესოა, რომ მუზეუმს არ გამოუქვეყნებია დაკარგული არტეფაქტების სია.

როგორც The art newspaper წერს, მუზეუმში აცხადებენ, რომ ყველა არტეფაქტი არ ყოფილა კატალოგიზირებული, ზოგიერთი მათგანის იდენტიფიცირება რთულია და მათი მხოლოდ ნაწილის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

  • მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის ცნობით, ბრიტანეთის მუზეუმში ქართული საგანძურიც ინახებოდა, მაგრამ უცნობია, არის თუ არა არტეფაქტები დაკარგულ ნივთებს შორის. ამბის მოსაკვლევად კი მოძრაობა შესაბამის უწყებებს მიმართავს.

"არის თუ არა ბრიტანეთის მუზეუმიდან დაკარგულ ექსპონატებს შორის ქართული საგანძური?

ბრიტანეთის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედიაში არ წყდება საუბარი დიდი ბრიტანეთის მუზეუმიდან 2000 ექსპონატის მოპარვასთან დაკავშირებით, რაშიც მხილებულნი არიან მუზეუმის თანამშრომლები. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ მუზეუმში დაცულია 500-მდე ქართული არტეფაქტი, რომელთა ბედი დღემდე გაურკვეველია.

ამ დრომდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოს ბრიტანეთში ოფიციალურად არ განუცხადებიათ, არის თუ არა მუზეუმიდან მოპარულ ექსპონატებს შორის ქართული საგანძური. ბრიტანეთის მუზეუმში დაცულ ქართულ არტეფაქტებს შორისაა დავით აღმაშენებლის სპილენძის მონეტა, ერთადერთი შემორჩენილი მონეტა დავით აღმაშენებლის გამოსახულებით, რომელიც მისი მეფობის პერიოდში (1089-1125 წწ.) შეიქმნა; ნინო უორდროპის ყელსაბამი ჯვრით, რომელიც გიორგი XII-ეს ეკუთვნოდა; I-II საუკუნეებით დათარიღებული ბრინჯაოს ბალთები. ზემოთ ჩამოთვლილი ექსპონატების გარდა, ბრიტანეთში დაცულია რუსუდანის, ლაშა-გიორგის და გიორგი XII-ს დროინდელი მონეტები.

”საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს საელჩოს ბრიტანეთში, დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით, მოიძიონ და გაასაჯაროვონ ინფორმაცია ქართული ექსპონატების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, რამეთუ ისინი საქართველოს ისტორიის ნაწილი და ფასდაუდებელი საგანძურია.

აღნიშნული ინფორმაცია 2023 წლის აგვისტოში გავრცელდა, თუმცა, დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა. მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, 60 არტეფაქტის დაბრუნება უკვე მოხერხდა, ხოლო მუზეუმის თავმჯდომარის, ჯორჯ ოსბორნის ვარაუდით, დაახლოებით 350 არტეფაქტის დაბრუნება უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი. დანარჩენი დაკარგული ექსპონატების ბედი გაურკვეველია.25 აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა ბრიტანეთის მუზეუმის დირექტორი ჰარტვიგ ფიშერი. მუზეუმი აცხადებს, რომ 2000 მოპარული არტეფაქტი შიდა დანაშაულია იმ პირების მხრიდან, ვისაც მუზეუმის ადმინისტრაცია წლების განმავლობაში ენდობოდა", - ნათქვამია ”საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.