ავტორი:

"ტარიელ ნაკაიძე არის არაკაცი! ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს იმას, რასაც ცდილობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე რაღაც შუღლი გააღვივოს" - ალუდა ღუდუშაური

"ტარიელ ნაკაიძე არის არაკაცი! ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს იმას, რასაც ცდილობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე რაღაც შუღლი გააღვივოს" - ალუდა ღუდუშაური

ტარიელ ნაკაიძე გახლავთ თვალსაჩინო ნიმუში იმისა, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და როგორი არ უნდა იყოს კაცი. ეს არის არაკაცი! ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს იმას, რასაც ცდილობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე რაღაც შუღლი გააღვივოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებებს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ.

ალუდა ღუდუშაურის თქმით, ტარიელ ნაკაიძე შუღლის გაღვივებას ცდილობს.

"სად წავიდა? არაკაცი ეს! სამწუხაროდ, ამ დარბაზს ძალიან ბევრი სიცრუე და არაადამიანობა მოუსმენია, ჩვენ საზოგადოებას უნახავს, მომსწრენი ვყოფილვართ, მაგრამ ისეთი ეპითეტის გარეშე, რომელიც არის არაადამიანობა და საერთოდ, არაღირსების მქონე არაკაცობა ძალიან რთულია, რომ სხვა რაიმე შეფასება მისცე. ჩვენ აქ ძალიან შემაშფოთებელი კონტურები მოვისმინეთ ადამიანისგან, რომელიც თავს დებდა, რომ ყოველ შემთხვევაში კონფესიას მიეკუთვნება, რომელიც წესით და რიგით, რა თქმა უნდა, სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე და ა.შ. ქადაგებს, მაგრამ ეს ადამიანი ვერ ჩამოყალიბდა ზოგადად, როგორც ადამიანად. ეს ადამიანი იყო ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი, დღემდე არის და თითი თითზე არ აქვს დადებული, ვერ ბედავს, რომ შემოვიდეს და თავისი აზრი დააფიქსიროს იმიტომ, რომ არც მეტი არც ნაკლები, არის მატყუარა. ეს ადამიანი ცდილობს, რომ შუღლი გააღვივოს. წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანი საუბრობდეს ჰუმანურობაზე, ადამიანთა შორის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობაზე, სიყვარულზე და საუბრობს პირდაპირ შუღლზე. ეს არის მატყუარა. პირდაპირ გეუბნებით, არაკაცი. ამ მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ გეუბნებით, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ტარიელ ნაკაიძე გახლავთ თვალსაჩინო ნიმუში იმისა, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და როგორი არ უნდა იყოს კაცი. ეს არის არაკაცი. ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს იმას, რასაც ცდილობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე რაღაც შუღლი გააღვივოს. ეს იმდენად პატარა კაცია, რომ ამას ნამდვილად ვერ შეძლებს. ჩვენ ქართველები და ზოგადად საქართველოში, დიახ, ამაყი ვართ იმით, რომ ჩვენი თანაცხოვრება ჩვენ მუსლიმ და სხვა კონფესიის წარმომადგენლებს შორის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ითვლის და ბუნებრივია, რომ ასეთი პატარა კაცების უსუსური მცდელობა ჩრდილს ვერ მიაყენებს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არანაირად არცერთი წუთით არ კნინდება არცერთი კონფესიის წარმომადგენლის უფლებები“, - განაცხადა ღუდუშაურმა და აღნიშნა, რომ ტარიელ ნაკაიძე იმ ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც რადიკალიზმით იყო დაკავებული.

რაც შეეხება ტარიელ ნაკაიძეს, მან პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ისაუბრა ასევე თავდაცვის კოდექსზე, რომელშიც, მისი მოსაზრებით, დისკრიმინაციული მიდგომა.

"ცდილობენ ხოლმე, რომ მიკროფონი გაგითიშონ და არ გასაუბრონ კიდევაც. ასე მოხდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. მაშინ, როცა კონკრეტულად ვსაუბრობთ რელიგიის თავისუფლებაზე, უფლებებზე, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსთან დაკავშირებულ თემაზე როდესაც გადავალთ, მაშინ ხდება ხოლმე გაცხარებული შემოტევა. მე ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ და კარგად ვიცი, რას ნიშნავს უმცირესობაში ყოფნა ამ ქვეყანაში და კარგად მესმის, პირადად მე რა პრობლემების წინაშე ვდგავარ და დავმდგარვარ. პირიქით, თქვენ ეს შანსი უნდა გამოიყენოთ და მომისმინოთ კარგად, თუ რა პრობლემების წინაშე ვართ ჩვენ და რა პრობლემების წინაშე შეიძლება იყვნენ უმცირესობები ამ ქვეყანაში“, -განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ და აღნიშნა, რომ მათ თანასწორობა სურთ, თუმცა ამ ქვეყანაში თანასწორობა არ იქნება იქამდე, ვიდრე კანონი არ იქნება თანასწორი.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველი ვალდებულია, რომ რაც არ უნდა ზეწოლა ჰქონდეს ხელისუფლების ან სხვა აქტორების მხრიდან, კანონმდებლობის თანასწორობისთვის იბრძოლოს. მისი თქმით, ეს არის ინსტიტუტი,რომლის ყველაზე დიდი იმედიც აქვს რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობებს.

"თქვენ არ გინდათ, რომ ჭეშმარიტება გაიგოთ და აქეთ გინდათ შემომიტიოთ, მაგრამ ნურას უკაცრავად, მე ვიტყვი იმ ჭეშმარიტებას და სიმართლეს, რაც ამ მიმართულებით ჩვენ გვაწუხებს, ამ მიმართულებით საქართველოში უმცირესობას აწუხებს. მინდა სახალხო დამცველს მივმართო და ვთხოვო, რომ დაიცვას სწორედ ის პრინციპული მიდგომა, რაც აქამდე სახალხო დამცველებს ჰქონდათ“, - განაცხადა ნაკაიძემ და აღნიშნა, რომ ზოგადად ჯარის განვითარებას მხარს უჭერს, მაგრამ ის არ უნდა იყოს დისკრიმინაციული.

"ამ კანონში არის დისკრიმინაციული მიდგომა და დისკრიმინაცია“, - აღნიშნა ნაკაიძემ და სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუტი აქამდე ზოგადად, უმცირესობების იმედი იყო, რადგანაც უმცირესობებს სჯეროდათ, რომ აპარატის მხრიდან პრობლემებზე რეაგირება მოხდებოდა. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობა ასე გაგრძელდება.

"მინდა ასე გაგრძელდეს. სამწუხაროდ, ასე არ არის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელიც ხშირად უფრო მეტ უფლებებს არღვევს, ვიდრე იცავს“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.