სოციალური ქსელი "ტიკტოკი" თანამედროვე ცხოვრების უკვე განუყრელი ნაწილია. იქ მილიონობით ადამიანია გაერთიანებული. ამ პლატფორმას ყველა თავისი გემოვნებისა და შეხედულების მიხედვით იყენებს. შესაბამისად, არსებობენ პოპულარული "ტიკტოკერებიც". ტიკტოკ-აპლიკაციას საქართველოშიც უამრავი ვარსკვლავი ჰყავს. ისინი მოთხოვნადები არიან, მათ უყურებენ, ემეგობრებიან და გულშემატკივრობენ...
თუმცა ყველაფერს მაინც ციფრები განსაზღვრავს და "ტიკტოკერების" წარმატებაც მათი გამომწერების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. "ტიკტოკზე" მამა-შვილი გუგა და დათო გიორგობიანებს ყველა იცნობს. გუგას 277.000 გამომწერი ჰყავს, თუმცა საქართველოში პირველობისთვის იბრძვის. AMBEBI.GE გუგა გიორგობიანის ინტერვიუს გთავაზობთ.
- თავიდან როდესაც დარეგისტრირდი პოპულარულ პლატფორმაზე, ფიქრობდი, რომ ასეთ შედეგზე გახვიდოდი?
- თავიდან არც ვფიქრობდი, თუ ასე განვითარდებოდა ყველაფერი. სერიოზულად არც ვუყურებდი, "ტიკტოკერობა" არ მინდოდა. მამაჩემის იდეა იყო - გადამიღო ვიდეო და დადო. ეს დაახლოებით 2 წლის წინ იყო... ვიდეოს ქვემოთ მალევე გაჩნდა კომენტარები, რა მაგარი ვიდეოა, რა კარგი ბიჭია... არადა, ჩემთვის ბურგერს ვჭამდი... ამ პირველივე ვიდეოს 200.000 ნახვა ჰქონდა... მერე ხალხის ყურადღება მომეწონა. ცოტა იუმორისტული ადამიანი ვარ და გადავწყვიტე, სახუმარო ვიდეო ჩამეწერა, მაინტერესებდა ჩემს იუმორის გრძნობას როგორ აღიქვამდნენ. მოკლედ, დავიწყე ჩემი იუმორის გამოცდა და აღარც გავჩერებულვარ... მომეწონა, ძალიან შევყევი. მერე პირველად ქუჩაში ბავშვმა რომ მიცნო - შენ გუგა არ ხარო? - დავიბენი. საიდან მიცნობ, ნათესავი ხომ არ ხარ-მეთქი? „ტიკტოკიდან“ გცნობ, მაგრად ხუმრობო. რაღაცნაირად შემრცხვა...
- რა მოსწონთ შენს ვიდეოებში?
- ბუნებრიობა. თან, პირველივე გადაღების შემდეგ ვდებთ ხოლმე. ბევრის ჩაწერა არ მიყვარს. ამიტომ ხალხი ისეთად მიღებს, როგორიც ვარ. ფაქტია, რომ ხალხს ბუნებრიობა მოსწონს. ძალიან მიყვარს ჩემი მაყურებელი, თბილები, სხვანაირები და ძალიან კარგები არიან. დღესდღეობით 277.000 გამომწერი მყავს და ვიბრძვი იმისთვის, რომ გამომწერების რაოდენობით საქართველოში პირველი ვიყო. ახლა, ამ მონაცემებით, დაახლოებით, მეხუთე-მეექვსე ადგილს ვიკავებ.
- ე.ი. შენი მიზანია, ყველაზე მეტი "ფოლოვერი" გყავდეს...
- ამაში მამაჩემი თავისი გრანდიოზული "ჩელენჯებით" მეხმარება. მითხრა 414.000 გამომწერზე თუ ახვალ, "პორშეს" გიყიდიო. ხალხი მეხმარება, იცით, გვერდით როგორ მიდგანან?! ამ ციფრზე როგორ ვერ უნდა ავიდე?! ისე, 414.000 გამომწერზე ასვლის მუღამი უფრო მაქვს, ვიდრე „პორშესი“. ჯერ ერთი, რომ ჩემი აუდიტორია ძალიან მიყვარს და მერე მამაჩემს მინდა დავუმტკიცო, რომ შემიძლია.
- სადღაც 120.000 გამომწერი გაკლია. ისეთი მონდომებული ხარ, ვფიქრობ, ამ სურვილსაც აისრულებ... რა მოგიტანა „ტიკტოკერობამ“?
- მთავარი - ხალხის სიყვარული, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ქუჩაში რომ ბავშვი მხვდება და მეუბნება, შენ გუგა არ ხარ, მაგრად მიყვარხარ, ძმაო. უმაგრესი გრძნობაა. ზოგჯერ შეიძლება განწყობა არ მქონდეს და ვიდეო არც გამოვიდეს, მაგრამ მაინც ვწერ, რადგან ვიცი, ბავშვები ელოდებიან. მაგ დროს არაფერი მაინტერესებს, მხოლოდ მათზე ვფიქრობ.
<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@gugagiorgobiani14/video/7289831620490677505" data-video-id="7289831620490677505" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@gugagiorgobiani14" href="https://www.tiktok.com/@gugagiorgobiani14?refer=embed">@gugagiorgobiani14</a> <p>კი გაგიტრაკეთ მარა დამაfოლოვეთ ძმაოო 😂❤️❤️❤️❤️❤️</p> <a target="_blank" title="♬ original sound - guga" href="https://www.tiktok.com/music/original-sound-7289831694944357122?refer=embed">♬ original sound - guga</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>
- სხვა "ტიკტოკერებისგან" იმით გამოირჩევი, რომ ვიდეოში მამასთან ერთად ჩნდები. მამას თავის ინტერესები აქვს, შენ - შენი. ორივე კი იმას აჩვენებთ, რომ თაობებს შორის მეგობრობა, ძმაკაცობა "მოსულა" და ეს არანაირი პრობლემა არ არის.
- მამაჩემი ჩემი ყველაზე მაგარი ძმაკაცია. ეს ამბავიც ბუნებრივი და რეალურია. ცხოვრებაში, მისი სახით, მყავს ადამიანი, რომლისგანაც შემიძლია, რაღაც რჩევა მივიღო, ვკითხო, დახმარება ვთხოვო. ის ერთადერთი კაცია, რომლის იმედიც ყველაფერში ბოლომდე მაქვს. ალბათ ეს ყველაფერი ვიდეოებში ჩანს. მამა რომ არა, "ტიკტოკი“ არც მექნებოდა, როგორც აპლიკაცია შეიძლება, არ გადმომეწერა. ამდენი გამომწერი რომ მყავს და ხალხს ვუყვარვარ, შეიძლება ეს მომკლებოდა და კიდევ ბევრი რამ... ძალიან ჭკვიანი კაცია. რაღაცებში კი ვაბრაზებ, მაგრამ ჯობია, მაინც მოვუსმინო.
- მამა ვინ არის პროფესიით?
- ბიზნესმენი. ყველა ამბობს, რომ ჯორჯ კლუნს ჰგავს. ახალ ქართულ ფილმში გადაიღეს. გაირკვა, რომ მსახიობური მონაცემები აქვს. ამასობაში მამა მსახიობი გამიხდა...
- "ნაფოტას" რატომ ეძახიან?
- ბავშვობაში დაარქვეს, როგორც ამბობს, პატარა და სწრაფი იყო, ჰოდა, ძალიან ახლობელმა ადამიანმა დაარქვა. ხომ იცით, „ნაფოტა“ თევზია, რომელიც მართლა ძალიან სწრაფია და მაგას შეადარეს. დათოს სამეგობროში და საახლობლოში კი არა, საერთოდ არავინ ეძახის...
- თბილისში რომელ უბანში ცხოვრობთ?
- მამა ვაკელია, მთელი ცხოვრება ვაკეში ცხოვრობს. მე ხან ვაკეში ვცხოვრობ მამაჩემთან, ხან საბურთალოზე - დედაჩემთან.
- დედაც გაგვაცანი.
- დედა ძალიან კარგი ქალბატონია, დედაჩემისთვისაც მაქვს შეთავაზებული, ვიდეო ერთად გადავიღოთ-თქო. ამას მაყურებლებიც მეუბნებიან - "ტიკტოკზე" გამოაჩინეო, მაგრამ დედას არ უყვარს გამოჩენა. მართლა ძალიან საყვარელი ადამიანია. მოსწონს, გიჟდება ჩემს ვიდეოებზე. რომ ნახულობს, მისი სიცილის ხმა რომ მესმის, მიხარია...
- ბავშვობაში ასეთივე აქტიური იყავი?
- ძალიან. ვისაც ჩემი პატარაობა ახსოვს, ამბობს, როგორიც პატარა იყავი, ისეთი ხარ ახლაცო... აქტიური რომ ვიყავი, 8 წლის ასაკში GDS-ზე გადაცემაში „ტყუილის გარეშე“ მიმიყვანეს. იმ ჯგუფს ჩემი ტიპაჟი მოეწონა და მაგრად „გაუსწორდათ,“ რომ დამინახეს. გადაცემას ბევრი წამყვანი ჰყავდა, ერთ-ერთი მე ვიყავი. პირველად ტელევიზორში ჩემი თავი რომ დავინახე, კიდევ უფრო მოვინდომე ის, რასაც ვაკეთებდი, კარგად გამეკეთებინა. თან პოპულარობაც მომეწონა. მაგ გადაცემაზე იუმორისტი ფაქო (ლევან გოგორელიანი) მომეხმარა. იქ მუშაობდა. დიდი ალბათობით, არ ვახსოვარ, მაგრამ რომ შევხვდები, თავს გავახსენებ... მერე სხვადასხვა გადაცემაში კიდევ მოვხვდი. ახლა ფილმშიც გადამიღეს. იანვარში გამოვა - მთავარ როლებში მე და მამაჩემი ვართ. მოკლედ, ფილმში როგორც მსახიობები ისე მოვხვდით.
- ვიდეოებში არის ერთი პერსონაჟი - ნენე. ხან სამივე ერთად ხართ, ხან - ორნი. ვინ არის ნენე?
- ჩვენი ახლო მეგობარია. ნენე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩვენს ბარში მუშაობა დაიწყო. იმის მერე, ფაქტობრივად, ჩვენთან ერთად გაიზარდა.
- სხვა "ტიკტოკერებთან“ გაქვთ ურთიერთობა?
- ჩემხელა "ტიკტოკერებთან" ერთად საერთო "იუთუბ არხი“ შევქმენით. სახალისო კონტენტი გვაქვს... გეგმაში კი მაქვს, რაც უკვე ვთქვი, გავასწრო ყველას "ფოლოვერებში". ვაპირებ, რა თქმა უნდა, სწავლას. "იუთუბზე“ მამაჩემთან ერთად, ჩემს ახალ გადაცემასაც ვიწყებ და მსგავს პროექტებზე ვმუშაობ...
წაიკითხეთ ასევე: