ავტორი:

"კვარამ" ისევ გაიბრწყინა: 2 გოლი, "ვერონას" უშანსოდ დატოვებული მცველები და მეკარე - "ნაპოლიმ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

"კვარამ" ისევ გაიბრწყინა: 2 გოლი, "ვერონას" უშანსოდ დატოვებული მცველები და მეკარე - "ნაპოლიმ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

ორკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი დაბრუნდა. სერია A-ს მეცხრე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდა.

რუდი გარსიამ "ნაპოლი" შემდეგი შემადგენლობით გაიყვანა მოედანზე:

  • მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი, მარიო რუი, კაიუსტე, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი

უნდა ითქვას, რომ ნეაპოლურ გუნდს საკადრო პრობლემები აქვს. დღეს მოედანზე ვერ გამოდიან ჟუან ჟეზუში, რომელიც დაშავებულია და ასევე ზამბო ანგისა - მას "ფიორენტინასთან" მატჩში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა. გუნდისთვის ყველაზე დიდი დანაკლისი ვიქტორ ოსიმენია. ნიგერიელს ისეთი ტრავმა აქვს მიღებული, რომ, სავარაუდოდ, მომდევნო მატჩსაც გამოტოვებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელ მატჩში ნეპოლელთა იმედი ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ქორწინების შემდეგ პირველ მატჩს ატარებს.

"კვარამ" გულშემატკივარს იმედები ნამდვილად არ გაუცრუა და "ვერონას" კარში პირველი ტაიმის მიწურულს ულამაზესი გოლიც შეაგდო. მანამდე ანგარიში 26-ე წუთზე პოლიტანომ გახსნა, საგოლე პასი მას რასპადორიმ ჩააწოდა. საბოლოო ჯამში რუდი გარსიას გუნდი საკმაოდ მობილიზებული და შემტევი იყო.

ხვიჩას ტრიუმფი აქ არ დამთავრდა და 55-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მასპინძელთა კარი მეორედ აიღო და ნეაპოლურ კარიერაში მეორე დუბლი მიითვალა.

"სამიზნე დარტყმა" - ამ კომენტარით გავრცელდა "ნაპოლის" ოფიციალურ გვერდზე კვარას შთამბეჭდავი გოლის შემდეგ მისი ფოტო.

ვერონელებმა საპასუხო იერიშებით უპასუხეს ნეაპოლელებს და შეცვლაზე შესულმა ლაზოვიჩმა ანგარიში შეამცირა.

კვარაცხელია 76-ე წუთზე შეცვალეს და ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს. საბოლოოდ ანგარიში 1:3 დასრულდა, ნეაპოლელების სასარგებლოდ.

"ნაპოლი" 17 ქულით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინში „უნიონთან“ ჩაატარებს.

"კვარაცხელია დაბრუნდა! დუბლი და შოუ "ვერონას" წინააღმდეგ" - ასე ეხმაურება გავლენიანი სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport კვარაცხელიას მორიგ შესანიშნავ თამაშს.