ავტორი:

"მომეცი იარაღი, რომ პალესტინაში წავიდე, იმისთვის არ გავზრდილვარ, რომ აქ შორტებში ვჩხუბობდე" - ჩიმაევის მიმართვა კადიროვს და ჩეჩნეთის ლიდერის შვილები UFC-ის ტურნირზე (ფოტოები)

"მომეცი იარაღი, რომ პალესტინაში წავიდე, იმისთვის არ გავზრდილვარ, რომ აქ შორტებში ვჩხუბობდე" - ჩიმაევის მიმართვა კადიროვს და ჩეჩნეთის ლიდერის შვილები UFC-ის ტურნირზე (ფოტოები)

21 ოქტომბერს აბუ-დაბიში UFC 294 გაიმართა. ზოგადად, როდესაც ამერიკული ორგანიზაცია აბუ-დაბიში ტურნირს მართავს, ბევრი კავკასიელი მებრძოლი მონაწილეობს, გუშინდელი საღამო გამონაკლისი არ იყო და ჩეჩნებისა და დაღესტნელების ნამდვილ ბენეფისად იქცა.

შვიდმა კავკასიელმა მოწინააღმდეგე დაამარცხა და ვისაც ბრძოლის შემდეგ ინტერვიუს საშუალება მიეცა, ყველამ პალესტინის მხარდასაჭერი სიტყვა თქვა.

  • საღამოს მთავარი ბრძოლა ისლამ მახაჩევისა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვედრა იყო, თუმცა არანაკლებ ყურადღებას იქცევდა ჩეჩენი მებრძოლის ჰამზატ ჩიმაევისა და კამარუ უსმანის დაპირისპირება.

ჰამზატი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ფავორიტი მებრძოლია. ისინი გროზნოში ხშირად ატარებენ დროს ერთად, კადიროვი ჩიმაევს პერიოდულად მდიდრული საჩუქრებით ასაჩუქრებს. მაგალითად, ცნობილია, რომ კადიროვმა მებრძოლს Mercedes-Benz GLE აჩუქა, თუმცა იმავე წელს, 2021 წელს ჩიმაევი ავარიაში მოყვა და მანქანა დაზიანდა.

პოლიტიკოსი და მებრძოლი ხშირად ერთად ჭიდაობენ, ვარჯიშობენ და კადიროვების ოჯახში ვახშმობენ.

ჰამზატთან ახლო ურთიერთობა აქვთ ასევე რამზანის შვილებს, ელი და ადამ კადიროვებს. ელი კადიროვი წინასაბრძოლო მომზადების ბანაკშიც იყო, ასევე გუშინწინ აწონვის ცერემონიაზეც ჩანდა. ბრძოლის დღეს კი ოქტაგონამდე ჰამზატს ადამ კადიროვი აცილებდა.

  • ცნობისთვის, წელს ადამი სკანდალში გაეხვა - მან სცემა პატიმრობაში მყოფ კურიერს, რომელიც ყურანის დაწვის გამოა დაკავებული. ცემის ამსახველი ვიდეო კი რამზან კადიროვმა გაავრცელა და განაცხადა, რომ შვილით ამაყობდა. რუსეთში ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა და საზოგადოების ნაწილს პატარა კადიროვის საქციელი არ მოეწონა, თუმცა მალევე ადამს ჩეჩნეთის გმირის წოდება მიანიჭეს.
ფოტოზე ჩანს ადამ კადიროვი, რომელიც ჩიმაევს აბუ დაბიში გულშემატკივრობდა

უსმანისა და ჩიმაევის ბრძოლა ჩეჩენი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა. ისეთი ეფექტური დაპირისპირება ვერ გამოვიდა, როგორსაც შეჩვეული ვართ, მეტიც, ნაწილი ფიქრობს, რომ უსმანმა ბრძოლა არ წააგო და მინიმუმ ფრე იყო, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩიმაევი ემოციური იყო, მან დაგმო ომი, მათ შორის უკრაინაშიც. ბოლოს კი ჩეჩნურად ისაუბრა:

"პადჩახ (რამზან კადიროვი), დაე იყოს შენით ალაჰი კმაყოფილი, შენ გამო UFC-ში გამოსვლა და ბრძოლა რთული არ არის, მაგრამ როგორც კი მომცემ ნებართვას, რომ პალესტინაში წავიდე, ალაჰს ვფიცავარ, წავალ.

გთხოვ, რომ მომცე იარაღი, რომ პალესტინაში წავიდე. გეფიცები, მე იმისთვის არ გავზრდილვარ, რომ აქ შორტებში ვჩხუბობდე. ხომ იცით, ჩეჩნებო, ჩვენი გული შინაგანად როგორია. მე ჩვენს მეთაურს ერთგულების ფიცი დავუდე და თუ მომცემს უფლებას, ვფიცავ, წავალ იქ და მოვკვდები. ჩემ სიკვდილს ისე არ განვიცდი, როგორც ჩემი მუსლიმი ძმებისა და დების სიკვდილზე ვდარდობ", - აღნიშნა ჩიმაევმა.

პალესტინას მხარი დაუჭირა ასევე ტურნირის მთავარი ბრძოლის მონაწილემ, მსუბუქი წონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა, რომელმაც ჩიმაევისგან განსხავებით ბრუტალურად დაანოკაუტა ვოლკანოვსკი.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე