ავტორი:

ამერიკელი მფრინავი, ფრენისას, თვითმფრინავის ძრავის გამორთვას ცდილობდა - მას ბრალად ედება 83 ადამიანის მკვლელობის მცდელობა: რა მოხდა ვაშინგტონი-კალიფორნიის რეისზე

ამერიკელი მფრინავი, ფრენისას, თვითმფრინავის ძრავის გამორთვას ცდილობდა - მას ბრალად ედება 83 ადამიანის მკვლელობის მცდელობა: რა მოხდა ვაშინგტონი-კალიფორნიის რეისზე

ალიასკის ავიახაზების რეისი, რომელიც ვაშინგტონიდან კალიფორნიისკენ მიემართებოდა, ნაადრევად დაჯდა. ამის მიზეზი სათადარიგო პილოტი, 44 წლის დევიდ ემერსონია.

ეკიპაჟის თქმით, ემერსონს ფსიქიკური აშლილობის ეპიზოდი ჰქონდა და თვითმფრინავის ძრავის გამორთვას ცდილობდა. საბედნიეროდ, სიტუაციის ტრაგიკულად განვითარებას ხელი რეისის კაპიტანმა და პირველმა ოფიცერმა შეუშალეს და მფრინავის შეჩერება მოახერხეს. შემთხვევის დროს თვითმფრინავში 80 მგზავრი იყო.

პოლიციის დოკუმენტის მიხედვით, მორიგე პილოტს რამდენიმე ბრალდება წაუყენეს, მათ შორის, თვითმფრინავში მყოფი 83 მგზავრის მკვლელობის მცდელობა.

ალიასკის ავიახაზების განცხადებაში ნათქვამია, რომ მორიგე პილოტი კაბინაში იმყოფებოდა, როცა ის "წარუმატებლად ცდილობდა ძრავების მუშაობის შეფერხებას". ეკიპაჟის წევრებმა ინციდენტის შესახებ საჰაერო მოძრაობის კონტროლს შეატყობინეს.

ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ბორტზე მყოფებმა არ იცოდნენ, რაში იყო საქმე, სანამ ბორტგამცილებელმა არ გამოაცხადა, რომ თვითმფრინავის სასწრაფოდ დასმა იყო საჭირო. მიზეზად მან პილოტისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროება დაასახელა. მისივე თქმით, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა მიწაზე. ამავე მგზავრმა გაამხილა, რომ ესმოდა, როგორ ეუბნებოდა ბორტგამცილებელი მფრინავს: "ჩვენ კარგად ვიქნებით, არა უშავს, თვითმფრინავიდან ჩამოგსვამთ".

ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ ინციდენტი არანაირად არაა დაკავშირებული მიმდინარე მსოფლიო მოვლენებთან.

ადგილობრივი მედია ბრალდებული პილოტის მეზობლებსაც ესაუბრა. დაბნეული მეზობლების თქმით, ის მოსიყვარულე მამა და ერთგული ქმარია და მათთვის წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რომ ემერსონი ვინმესთვის ზიანის მიყენებას ეცადა: "ეს უბრალოდ შოკისმომგვრელია. ისინი შესანიშნავი მეზობლები არიან. ფანტასტიკური მამაა, თავის ორ შვილს ხშირად ეთამაშება და მეგობრულია. უბრალოდ, შესანიშნავი კაცია. ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ის ვინმესთვის ზიანის მიყენებას ეცდებოდა",- შეშფოთებით მოუთხრობდნენ ემერსონის მეზობლები Daily Mail-ის ჟურნალისტებს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა