ავტორი:

"ერთი უპასუხისმგებლო GWP-ის გამო დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი პარალიზებულია" -  ვიქტორ წილოსანი წერს, რომ მერიამ კომპანია ამის გამო 5000 ლარით დააჯარიმა

"ერთი უპასუხისმგებლო GWP-ის გამო დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი პარალიზებულია" -  ვიქტორ წილოსანი წერს, რომ მერიამ კომპანია ამის გამო 5000 ლარით დააჯარიმა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის ინფორმაციით, „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაუვრცელებლობის გამო 5000 ლარით დაჯარიმდა.

ამის შესახებ წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

"ერთი უპასუხისმგებლო GWP Georgian water and power -ის გამო, პარალიზებულია მთელი დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი. ერთია, რომ ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან ამ მონაკვეთზე და მეორეა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი #351, #304, #335, #321, #293, #292, #459, #518, დილის პიკის საათებში, შეფერხებით იმოძრავებს. ამასთან, ამ დრომდე 10 საათი გავიდა სამუშაოების დაწყებიდან და რელიზი ვერ გაავრცელეს, რა ხდება და რა დრო დასჭირდებათ სამუშაოების დასასრულებლად.

P.S. ბუნებრივია დავაჯარიმეთ, მაგრამ 5000 ლარი არ ანაღვლებთ“, - წერს წილოსანი.

ცნობისთვის, დილიდან სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა კადრები, რომელიც დიღმში არსებულ საცობს ასახავდა. მოქალაქეები წერდნენ, რომ ავტომობილებით გადაადგილება ადგილზე შეფერხებული იყო.

ფოტო: "ჩემი ქალაქი მკლავს"

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, დიღმის მასივში, ბელიაშვილის და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს 13:30 საათზე დაასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს.

“გუშინ, 24 ოქტომბერს, ბელიაშვილის და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” წყალმომარაგების დაზიანებულ ქსელზე აუცილებელი ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. გამომდინარე იქიდან, რომ წყალმომარაგების ქსელის დაზიანებული მონაკვეთი, სატრანსპორტო გზის სავალ ნაწილზე მდებარეობს, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებით გამოწვეული დისკომფორტის შემცირების მიზნით კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა ქსელზე აღდგენითი სამუშოები 24 ოქტომბერს, 23:00 საათიდან დაიწყეს და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებდნენ. სამუშაოების ფარგლებში დაზიანების სირთულიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა ქსელის 10 მეტრი სიგრძის მონაკვეთის შეცვლა, რამაც აღდგენითი სამუშოების დრო გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ სამუშოების მიმდინარეობისას, მოსახლეობას წყალმომარაგება არ შეეზღუდა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამუშოები დასრულდება 13:30 საათზე, რის შემდეგაც საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.