ავტორი:

"ქალის სახე დაკარგე", "ზონდერი ხარ“, "იდიოტური კითხვაა“ და ა.შ. - პოლიტიკოსთა რეაქციები კრიტიკულ კითხვებზე და აგრესია მედიის მიმართ?

"ქალის სახე დაკარგე", "ზონდერი ხარ“, "იდიოტური კითხვაა“ და ა.შ. - პოლიტიკოსთა რეაქციები კრიტიკულ კითხვებზე და აგრესია მედიის მიმართ?

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის თავისუფალი მედიის გამართულად ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც საბჭოური ცხოვრების მრავალწლიანი მძიმე გამოცდილება მედიის თავისუფლებას არ ცნობდა და ამ პერიოდში მედიას პარტიული დღის წესრიგით უწევდა არსებობა, ეს საკითხი დიდ წილად კვლავ პრობლემატურია. დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოში მედიამ ნელ-ნელა დაიწყო ამ მარწუხებისგან გათავისუფლება და შეიძლება ითქვას, რომ მისი თავისუფლების ხარისხმა რეგიონის სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაუსწრო კიდეც, თუმცა ჩვენ კვლავაც უამრავ პრობლემასთან გვიწევს შეჯახება და ეს პრობლემები არათუ იკლებს, თანდათან უფრო მრავლდება.

წინა ხელისუფლების მიერ სატელევიზიო მედიის დიდ ნაწილზე დამყარებული კონტროლი, შემდგომ მოსულმა ხელისუფლებამ ნელ-ნელა წარმატებით გადაიბარა, შესაბამისად, ყველა დანარჩენი, ვინც მწვავე და მათთვის მიუღებელ კრიტიკულ კითხვებს სვამს, გამოცხადდა ოპოზიციურად, ჩასაფრებულად და ა.შ. ზუსტად ისე, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დროს, გაჩნდნენ ხელისუფლების მაამებელი ჟურნალისტები, ვისთან ინტერვიუზე თანხმდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ვის კითხვებსაც პასუხობენ და ასევე, ჟურნალისტები, ვის დასმულ შეკითხვებსაც ან საერთოდ არ პასუხობენ, ან პასუხობენ აგრესიით. ეს ყველაფერი საზოგადოებაში პოლარიზებას კიდევ უფრო აღრმავებს.

მოგეხსენებათ, 2022 წლის ივნისში, ევროკომისიამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოს მისცა 12 პირობის შესრულების რეკომენდაცია, რომლის მე-7 პუნქტი თავისუფალ მედიას, ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიან გამოძიებას შეეხება.

ბუნებრივია, რომ აგრესია, რომელიც ხშირად მოდის პოლიტიკოსებისგან ჟურნალისტების მიმართ, ზოგადად, მედიაგარემოს ძალიან აზიანებს და ასევე საზოგადოებრივ განწყობებზეც უარყოფითად აისახება.

  • "ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... ისე, შენ არ ხარ ქალი, "ნაცმოძრაობის" გულისთვის დაკარგე სახე“ - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
  • "თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ", - თბილისის მერი კახა კალაძე
  • "თქვენ ხართ იდიოტები, ქართულო მედია, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა სხვა პრიორიტეტები გაქვთ. აქ დაბოდიალობს ათასნაირი ჟურნალისტი..." - პარლამენტარი იაგო ხვიჩია
  • "იდიოტური კითხვაა" - "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია
  • "შტერობაა, რაც ახლა იკითხე, არ მინდა და არ გიპასუხებ" - პარლამენტარი ირაკლი ზარქუა.

ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ შეურაცხმყოფელი ფრაზებისა, რითაც ქართველი პოლიტიკოსები მიმართავენ ჟურნალისტებს, რომელთა კითხვაც არ მოსწონთ. მედიისადმი ამგვარი დამოკიდებულება არა მხოლოდ იმ კონკრეტულ შემთხვევაში უქმნის ჟურნალისტს პრობლემას, არამედ ზოგადად, საზოგადოებასაც აქეზებს მედიის წინააღმდეგ აგრესიული მოქცევისკენ, რისი მოწმენიც საკმაოდ ხშირად ვხდებით, როდესაც ამა თუ იმ მოვლენის თუ ჟურნალისტური გამოძიების დროს მოქალაქეები ჟურნალისტებისა თუ ოპერატორების წინააღმდეგ არა მხოლოდ ვერბალურ აგრესიას სჯერდებიან, არამდე ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადადიან.

"ტვ პირველის“ რეგიონული ჟურნალისტი ნატო გოგელია ერთ-ერთი მათგანია, ვინც არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების წარმომადგენელთა ბულინგის თუ აგრესიული ქცევის ადრესატი. მისი თქმით, ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებისთვის დღითიდღე რთულდება მუშაობა.

2023 წლის 17 მარტს ნატო გოგელიაზე ძალადობის ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა ერთი ადამიანი დააკავა. დაკავებულ მამუკა ანდღულაძეს გოგელიამ 15 მარტს მიაკითხა და ჰკითხა, რატომ ჩამოხია პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა. მან კი ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა.

ნატო მიიჩნევს, რომ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ თვითონ ხელისუფლება ახალისებს ყველას.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს სამსახურში თავისუფლების შეზღუდვა არ მაქვს, თუმცა საქართველოში მედიის თავისუფლება შორეული პერსპექტივა მგონია. რაც ხდება ცენტრალიზებულად, რეგიონებში ის უფრო კარგად ჩანს. პირველი, რაც ნათლად ჩანს, თვითონ ხელისუფლება ახალისებს ყველას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. ბოლო პერიოდში მედიის წინააღმდეგ გალაშქრების შემთხვევები ძალიან გახშირდა. ერთ-ერთ ბოლო შემთხვევას გავიხსენებ, რაც ჩოხატაურში მოხდა - როდესაც "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს თავს დაესხნენ "ქართული ოცნების“ აქტივისტები, ანალოგიური აგრესია ჰონდათ ჩვენს მიმართაც. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იყავი, თუ გეჭირა ხელში ოპოზიციური არხის მიკროფონი, ზუსტად იგივე ზეწოლა ხდებოდა ჩვენზე, რაც“ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე. ეს არის უკვე ყოველდღიური ამბავი, რომელსაც გვაგუებენ.

ყველა ზღვარს რომ გადავიდნენ, ნათლად ჩანს, მაგრამ ამას ემატება კიბერ-ბულინგი. "ქართულ ოცნებას“ შექმნილი აქვს სპეციალური ჯგუფები რეგიონებში. მაგალითად, ბათუმში, "ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ჩატში ჩავარდა ჩემზე მომზადებული POSTV-ის სიუჟეტი და იყო მითითება, რომ ეს უნდა გადაეზიარებინათ და ჩემზე საზიზღრობები დაეწერათ. წარმოუდგენელი რაღაცები ხდება...“ - ამბობს ნატო გოგელია.

რესპონდენტები ხშირად მედიის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევაზეც ლაპარაკობენ, თუმცა როგორც ჟურნალისტი, “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელი ია ანთაძე ამბობს, საქართველოში პოლიტიკოსები ძირითადად მხოლოდ იმ ჟურნალისტებთან მიდიან სასაუბროდ, ვისთანაც თავს გრძნობენ კომფორტის ზონაში, ოპოზიციურ მედიას კი მეტი არაფერი დარჩენია, როცა კი მიეცემა საშუალება, დასვას საჭირბოროტო კითხვები. ეს კი ხშირად დიდ უხერხულობას უქმნის რესპონდენტს, რომელიც კითხვებისგან თავის დაღწევას აგრესიით ცდილობს.

"რესპონდენტები მიდიან მხოლოდ იმ ჟურნალისტებთან სასაუბროდ, რომლებთანაც თავს გრძნობენ კომფორტის ზონაში. ამიტომ ინტერვიუმ დაკარგა თავისი რეალური არსი. თუმცა, ადრე იყო ინტერვიუები, კომენტარები, როცა ჟურნალისტებს გამოჰყავდათ რესპონდენტები კომფორტის ზონიდან. ეს იყო საინტერესო, რადგან იყო ბუნებრივი მდგომარეობა.

იმის გამო, რომ პოლიტიკოსები გაურბიან კრიტიკულ კითხვებს, ჟურნალისტი იძულებული ხდება და რესპონდენტს აჩერებს ქუჩაში და მაინც ცდილობს, რომ მისთვის უსიამოვნო კითხვები დაუსვას. ასეთ შემთხვევაში, რესპონდენტი ან ცდილობს უხეშად მოიშოროს ჟურნალისტი თავიდან, ან - გაექცეს. ეს ძალიან უსიამოვნოა და შეიძლება ბევრჯერ დაირღვეს ეთიკის კანონები, მაგრამ ეს მდგომარეობა გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ ჟურნალისტებს არ აქვთ საშუალება წყნარ სიტუაციაში, ეთიკის ჩარჩოში დასვან კითხვები“, - ამბობს ანთაძე.

როგორც ჟურნალისტებთან რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი, ნათია კუპრაშვილი ამბობს, ქართული მედია მუდმივად იზრდება და ვითარდება, თუმცა პრობლემები მაინც მრავლად რჩება, მათ შორის ჟურნალისტისა და წყაროს ურთიერთობა.

"წყაროსთან ურთიერთობა ყოველთვის პრობლემურია მედიაში, ეს არ არის ჩვენი დროის ნაწილი, სწორედ ამიტომ გვაქვს ეთიკური კოდექსები. მედია, რომელიც მუშაობს, არ შეიძლება შეცდომებს არ უშვებდეს, მუშაობის პროცესში ყველაფერი შეიძლება დაგემართოს. არცერთი პროფესია არ არის დაზღვეული შეცდომებისგან. მედიის შეცდომები, საბედნიეროდ, შესაძლებელია გასწორდეს, თუკი მედია გრძნობს პასუხისმგებლობას..."

ნათია კუპრაშვილის თქმით, მედიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არ იქცეს "განტევების ვაცად“ და სწორად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება.

"პოლიტიკოსებთან ურთიერთობის ჭრილში, რასაც ქართულ მედიას ვატყობ, არის ცალმხრივობა. ისინი ყველა მხარის პოლიტიკოსებს არ ელაპარაკებიან. ეს პრობლემა გადასალახი აქვს ქართულ მედიას. ამიტომ გვიწოდებენ პოლარიზებულს. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ საერთოდ დაანება თავი, რომ მიმართოს მეორე მხარეს. გასაგებია, რომ მათი მხრიდან მოდის უარები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად არ იყოს მცდელობები. ჩვენ ამ მცდელობებს ვერ ვხედავთ მედიაში. ეს გამოსასწორებელია. რაც შეეხება იმას, რომ პოლიტიკოსები მედიას აძაგებენ, ეს მათი როლია, აბა, ვის უნდა დააბრალონ შეუსრულებელი დაპირებები, რომ მათი ამომრჩეველი არ არის კმაყოფილი?! ყველაზე იოლია დააბრალონ მედიას, რომელიც "განტევების ვაცია“. მედიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არ იქცეს "განტევების ვაცად“ და გააგებინოს აუდიტორიას, ვინ რაზეა პასუხისმგებელი და საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს“, - ამბობს ნათია კუპრაშვილი.

ავტორი: თიკო გურაშვილი